გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკში“ მორიგ პოსტს აქვეყნებს:
1. სისხლის გამათხელებლების (კარდიომაგნილი, ასპირინი,ჰეპარინები, პლავიქსი, ქსარელტო…) თვითნებურად მიღება ძალიან საშიშია, რადგან ყველა ასეთმა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, მათ შორის ტვინში.
2. არ მიიღოთ ერთდროულად იბუპროფენი და კარდიოასპირინი (კარდიომაგნილი), რადგან პირველი მეორეს სიახლის გამათხელებელ მოქმედებას ასუსტებს, რაც უკიდურეს შემთხვევაში ინფარქტით ან ინსულტით შეიძლება დასრულდეს.
3. როცა იწყებთ ახალ ანტიდეპრესანტს, მზად იყავით ჯერ გვერდითი ეფექტებისთვის პირველ დღეებში. ამაზე კი დაწერილებით დაუსვით კითხვები თქვენს ექიმს, რომ ამ გვერდითი ეფექტების მოგვარებაც თავიდანვე მოხდეს, მაგ. დამამშვიდებელი და საძილე პრეპარატებით.
4. ვერანაირად ვერ გამართლდება, როცა ფსიქიატრი პირველივე მისვლაზე 3-4-ზე მეტ პრეპარატს გიწერს. აქ რაღაც არ არის წესრიგში!!!
5. ფიზიკური აქტივობა იმდენ პრობლემას აგვარებს ერთდროულად, როგორც არცერთი მედიკამენტი თუ თერაპია.
6. რეზისტენტული დეპრესია კარგად ემორჩილება კეტამინით თერაპიას ამისთვის განკუთვნილ სპეციალურ კლინიკებში.
7. ბიპოლარული აშლილობა ხშირად ეპარებათ ხოლმე და დეპრესიის დიაგნოზს სვანენ.
ეს საკმაოდ დრამატული შეცდომაა, რადგან ბიპოლარულ აშლილობას სულ სხვა მკურნალობა სჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივ, უნიპოლარულ დეპრესიას.
8. გლოვა ბუნებრივი პროცესია, მას მკურნალობა არ სჭირდება. არც სევდას, შფოთვას, მღელვარებას, უხასიათობას, დარდს, შიშს, ეჭვებს… ეს ყველაფერი ადამიანის ბუნებრივი საქციელია და დროა, ვისწავლოთ მათი უისტერიოდ ატანა.
9. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ბავშვის ჩასახვამდე მშობლები გადიოდნენ ტესტირებას ან/და ტრენინგებს.
უამრავი ადამიანის პრობლემა იმით იწყება, რომ მათ მშობლებს არ უნდა ჰყოლოდათ შვილები! მძიმედ ჟღერს, მაგრამ ასეა.
10. დღევანდელი მედიცინა და ფსიქოლოგია იძლევა გააზრებული, ფსიქოლოგიურად კარგად მომზადებული და საკმაოდ უმტკივნეულო ფიზიოლოგიური მშობიარობის საშუალებას.
მშობიარობა არ არის შეჯიბრი ტკივილის ატანაში!
11. გასტრიტების და წყლულების ყველაზე ხშირი გამომწვევი არც აჯიკა და არც სტრესია, არამედ ვერაგი ბაქტერია ჰელიკობაქტერ პილორი, რომელიც აუცილებლად უნდა მოიკლას 10-14 დღიანი სპეციალური თერაპიით. ნუ მკითხავთ ამაზე მეტს, მკურნალობა ტარდება გასტროენტეროლოგის მიერ.
12. ქალის ანორგაზმია, როგორც წესი, კაცის არაკომპეტენტურობის ბრალია.
13. ის, რომ კაცს ჰქონდა ორგაზმი, ეს ქალისთვის საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. არადა ხშირად სწორედ ასე მთავრდება ხოლმე სექსი ჰეტეროსექსუალ წყვილებში.
14. ანალური და ორალური სექსი სრულიად ჯანსაღი და ბუნებრივი ვარიაციებია. ეს არც ტეხავს და არც უზრდელობაა. ყველას ისეთი სექსი უნდა ჰქონდეს, როგორიც უნდა. რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში.
15. ანტიდეპრესანტები არც ტვინს და არც გონებას არ აზიანებს. აი, არ ნამკურნალები დეპრესია – ორივეს!
16. ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული დაავადებები არც თუ ისე იშვიათად ნაწლავიდან მოდის. გაუფრთხილდით თქვენ ნაწლავის სისტემას, როგორც გულს, თვალებს, ტვინს.
17. დეპრესიის ან სხვა დაავადებების თმენა არ არის სიმამაცე, არამედ მავნე სისულელე! ასე პრობლემა უფრო და უფრო ძლიერი, ქრონიკული, გენერალიზებული ხდება, რაც უკვე ბეევრად რთული დასამორჩილებელია.
18. 40 წლის ასაკის მერე ყველამ ერთხელ მაინც უნდა გამოიკვლიოს ნაწლავის ჯანმრთელობა კოლონოსკოპიით. ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი ნაწლავის კიბო კარგად ემორჩილება თერაპიას.
19. კარიესის არ მიხედვით მთელი სხეული შეიძლება დაზიანდეს, რადგან კარიესის გამომწვევი ბაქტერიები ყოველთვის მხოლოდ პირში არ ჩერდებიან და აზიანებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემას.
20. მომუშავე ტვინის პატრონი ჯერ არავინ გამხდარა გეი მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა გეები (დაი)ნახა ქუჩაში.
აი, სიძულვილი და ჰომოფობია ნამდვილად არის გადამდები.


