საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი გავიდა.
„48 წელი შესრულდა ისტორიული საეკლესიო კრების ჩატარებიდან, რომელმაც ღვთის, იმჟამად ყველასთვის შეუცნობელი განგებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია გამოარჩია“ – აღნიშნულია ლაშა ჟვანიას მისალოც წერილში.
„48 წელი შესრულდა ისტორიული საეკლესიო კრების ჩატარებიდან, რომელმაც ღვთის, იმჟამად ყველასთვის შეუცნობელი განგებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია გამოარჩია.
შეუძლებელი იყო წინასწარ განჭვრეტა და ალბათ ცოტასაც ესმოდა, რომ ირჩევდნენ საქართველოს და ქართველი ერის ეკლესიის გზაზე შემობრუნების წინამძღოლს; ბრძენ, შეუპოვარ, თავგანწირულ არწივს, თავმდაბალ და მოსიყვარულე მამას ერისას. თავად კი სრულად გააზრებული ჰქონდა მომავალი და ამიტომაც ბრძანა: “მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და ამავე დროს საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს, ღვთის ამ წმინდა ტაძრის თაღებქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა”…
სვეტიცხოვლის წმინდა ამბიონიდან თავი მოიხარა ქართველი ერის წინაშე და ასეთი თავმოხრილი, ერთ დროს ენაწყლიანი, ახლა, მეწამული ზღვის ნაპირთან მისული მოსეს დარად ღმერთამდე ყვირილად ასული მდუმარე ლოცვით, განუწყვეტლივ ასრულებს თავის ურთულეს მსახურებას. 1980 წლის იანვარში, ჩემი ნათლობის დღეს გავიცანი და მივიღე მისგან პირველი დალოცვა და დღეს, იმ დღიდან მოყოლებული, უამრავი მოგონება წამოიღო გონებამ და ყოველი მათგანი მისი დარი სიტკბოების და იმედის ისეთი მატარებელია, რომ ფიქრებთან განშორება არ მინდა…
ერთხელ, მის სახელზე გამოგზავნილი ტრადიციული საეკლესიო ბერძნული კათარეუსას სტილით დაწერილი წერილის თარგმანი, რომ წავუკითხე, მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: “რა რთული ენით და გრძლად წერენ”. მას შემდეგ ვცდილობ თავად მოკლედ და მარტივად ვწერო, მაგრამ, განსაკუთრებით მასთან დაკავშირებულის შემოკლება არ ხელმეწიფება. ან თითქმის ორმოცწლიანი ურთიერთობა როგორ გამოვხშირო, მაგრამ შევეცდები ის ისტორიები გადმოვიტანო, რომლებიც ფიქრებში უფრო ხშირად მეორდებიან.
იუმორი
უდიდესი უბრალოების, ღმერთივით გენიალური სიმარტივის, არნახული თავმდაბლობის, საინტერესო მოუბრობის კვალდაკვალ საოცარი და ფაქიზი იუმორის გრძნობა ხომ მისი ერთ-ერთი ძლიერი დამახასიათებელი თვისებაა.
მახსენდება, 1995 წელს იერუსალიმიდან დაბრუნებული ვეახლე ჩემს პატრიარქს. განსაკუთრებული ინტერესით ისმენდა ყოველ დეტალს იერუსალიმზე. მისი უნეტარესობა დიოდოროსის შესახებ მკითხა და ვაუწყე, რომ უნეტარესი კვირაში სამგზის დიალიზს იკეთებდა, ეტლში იჯდა და წირვაზე ისე ჩაჰყავდათ. იერუსალიმის ეკლესიის ახალგაზრდა მესვეურების სხვადასხვა დაჯგუფება კი გავლენების გაძლიერებაზე მუშაობდა. მისთვის ჩვეული უმაღლესი ყურადღებით დამასრულებინა საუბარი, პატრიარქი დალოცა და მომიგო: ”ჩვენთან ამბობენ, – მწიფეს ესროდნენ და მკუხე ცვიოდაო”, გაიცინა და დარბაზში მსხდომ ახალგაზრდა მღვდელმთავრებს მამობრივი სიყვარულით სავსე, ძვალისა და რბილის გამჭოლი თვალებით გადახედა. ამ ფაქტიდან 17 წლის თავზე, აღსაყდრების 35 წლისთავთან დაკავშირებული ჩემი თანაავტორობით გადაღებული დოკუმენტური ფილმისთვის ჩაწერილი ინტერვიუს დროს, რეჟისორ ნარგიზა გარდაფხაძის თხოვნით გაიხსენა არჩევნების შემდგომი პერიოდი და ეკლესიის საქმეთა დროებითი რწმუნებულის თხოვნა – დაეწერა მომავალი 20 წლის საქმიანობის გეგმა. ამ ისტორიის მოყოლის დასრულების შემდეგ დასძინა: “ალბათ ფიქრობდნენ მეტს ვერ იცოცხლებსო, მაგრამ გამოვიდა ცოტათი მეტი”…
უმძიმესი გზა გამოიარა, ტკივილიანი, სარკომასავით სწრაფად გამრავლებული ღალატების თანხლებით. ყველა ბოროტებაზე გაამარჯვებინა მისმა მფარველმა ქვეყნიერების შემოქმედმა. თავადაც ხელს უწყობდა დათმენით და თავმდაბლობით… ეკლესიისთვის, ქვეყნისთვის… ახლაც თმენაშია, უძღებების დაბრუნების მომლოდინე მლოცველი…
პირველი საზღვარგარეთული თანამეგზურობა და არაპირველი დაკვალიანება
2001 წლს კვიპროსის სულმნათი მთავარეპისკოპოსის მიწვევით კვიპროსში გაემგზავრა უწმიდესი და უნეტარესი პატრიარქი. მაშინ ისრაელში საქართველოს საელჩოში პირველ მდივნად ვმუშაობდი. დამირეკეს თბილისიდან და მითხრეს, რომ პატრიარქის თხოვნით, უნდა გავემგზავრო კვიპროსში და მის დელეგაციას შევუერთდე. მინისტრის ბრძანებაც მოვიდა თელ ავივში. პატრიარქს წერილი მიუწერია. ჩავედი ლარნაკაში და პირდაპირ ლიმასოლში გავემგზავრე, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად სამიტროპოლიტო ტაძარში ელოდა. მობრძანდა უნეტარესი, დავინახე, რომ შემამჩნია ტაძრის ეზოში მდგომი. იქ ვეღარ ვიკადრებდი იმას, რასაც მეგობრებთან ერთად სიონში ყოველ კვირა დღეს ბავშვობაში ვბედავდი – წირვის დასრულების შემდეგ ჯერ ამბიონთან ვხვდებოდით დასალოცად, მერე ტაძრის გასასვლელთან, მერე, დიმიტრი თავდადებულის ტაძარს გავირბენდით და რეზიდენციაში შესასვლელთან ეზოში ვხვდებოდით, რომ კვლავ დაველოცეთ. დაველოდე დოქსოლოგიის დასრულებას და მივედი კურთხევაზე. ფრიად გაიხარა. წარმადგინა ლიმასოლის მიტროპოლიტთან:”ეს ჩვენი ელჩია ისრაელში”. ლიმასოლის საკათედრო ტაძრიდან მერიამდე ფეხით გავიარეთ გზა. უწმიდესს ადგილობრივი ოფიციოზი ქუჩაში შემოეგება. “ეს ჩვენი ელჩია”, კვლავ წარმადგინა. ქალაქის მერი ქუჩაში შეეგება მის უწმიდესობას. მე უკან ვედექი. მისალმების შემდეგ, მეც წარმადგინა და კვლავ გაიმეორა:”ეს ჩვენი ელჩია ისრაელში”. მერიის შესასვლელთან ვუთხარი, რომ ელჩად არ წარვედგინე, არ წყენოდა ჩემს ხელმძღვანელს რომ გაეგო. “ჩვენთვის ელჩი ხარ” გაიცინა და მამობრივი სიყვარულით სახეზე ძლიერად მომადო ხელი. მეც იმ თბილ და ფაფუკ მტევანს ვემთხვიე. თითქოს გასახსენებელი უმნიშვნელო ჩანს, მაგრამ ზუსტად სამ წელიწადში საქართველოს ელჩად დავინიშნე ერთდროულად – ისრაელში და… კვიპროსშიც…
“მოხუცი ვარ”
2022 წლის 17 დეკემბერს საღამოს თბილისიდან მამცნეს, რომ გულზე სტიმულაციური ჩარევა ჩატარდა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. საბა გაწმენდილის ლავრაში გავემართე პროცედურის კეთილად დასრულებისთვის სამადლობელოდ და ღამისთევის წირვაზე დიდ მამას შევავედრე მისი დღეგრძელობა და აეროპორტისკენ თბილისში გამოსამგზავრებლად გამოვემართე. ისრაელიდან ჩამოსვლისთანავე, როგორც წესი, ვეახლე. ახლა უკვე, მის მდუმარებას შეგუებულნი, სამი წლის წინ, ჯერ კიდევ უჩვეულო იყო მისი ხანგრძლივი დუმილი. მოწყენილობას ან მწუხარებას ვაწერდით. მისმა დამ მითხრა, შევსულიყავი და გავსაუბრებოდი, ვინაიდან მთელი დღე ხმა არავისთვის გაუცია. შევედი, დამლოცა, მოვიკითხე, არ მიპასუხა. დავიწყე საუბარი. მისმენდა ჩვეული მოთმინებით. არაფერი მომიგო საპასუხოდ. კითხვა დავუსვი, პასუხი ვერ მივიღე. მეორე კითხვა. კვლავ პასუხის მომლოდინემ ვერაფერი მივიღე. პირდაპირ ვუთხარი:”უწმიდესო, მითხარით რამე, გთხოვთ”. პასუხი კვლავ არ მივიღე. ცოტა ხანი გავჩერდი და ბავშვური სითამამით სიცილნარევი ნერვიული ტონით, მორიდებით ვუთხარი:”არ მელაპარაკებით თქვენო უწმიდესობავ?” და დავდუმდი. თავი გვერდულად ასწია, ჯერ კიდევ, იმ დროს შერჩენილი მიმიკის მთელი შესაძლებლობა გამოავლინა, რათა ღიმილის გრძნობა გამოეხატა და პასუხად მომიგო:”მოხუცი ვარ!”
ამინ,გვეყოლე მარად, ხანგრძლივად, დღეგრძელად მოხუცო წმინდაო მწყემსმთავარო ჩვენო.
დღეს ჩვენ ვაკურთხებთ და მადლობას ვწირავთ ქვეყნიერების შემოქმედს, “რომელმაც გვირგვინოსან გყო შენ წყალობითა და შეწყნარებითა! რომელმან აღავსო კეთილითა გულის-თქუმაი შენი, განახლდეს, ვითარცა ორბისა სიჭაბუკე შენი”. მრავალცრემლდაღვრილო, მოყვარულო, თავმდაბალო ბერ-მონაზონო, მწიფე მოძღვარო, შეუპოვარო არწივო, მწყემსო კეთილო, იმედო ჩვენო!
მსოფლიო ეკლესიის ისტორიაში დღემდე არ არსებულ და ახლა უკვე პირველად შემდგარ, ხოლო ჩვენი ერისთვის – უმნიშვნელოვანეს მოვლენას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 48 წლის იუბილეს გილოცავთ!“ – ნათქვამია წერილში.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.


