საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ელექტროენერგიის ტარიფების საკითხს 30 მარტს დაგეგმილ სხდომაზე განიხილავს. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და დღის წესრიგში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია შეტანილი.
კერძოდ, განიხილება სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ ელექტროენერგიის განაწილების ტარიფების განსაზღვრა, ასევე შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისთვის“ ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფების დადგენა.
ამ ეტაპამდე მოქმედებდა სემეკის მიერ დროებით განსაზღვრული ტარიფები. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ კომისია ელექტროენერგიის ფასებს 2026 წლის დეკემბერში გადახედავდა, თუმცა გადაწყვეტილება გადავადდა. მარეგულირებელი უწყების თავმჯდომარე დავით ნარმანია მანამდე არაერთხელ საუბრობდა ტარიფის შესაძლო ზრდაზე, რაც ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებით იყო განმარტებული.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დეკემბერში გამოთქვა იმედი, რომ შესაძლებელი იქნებოდა არსებული ტარიფების შენარჩუნება. მოგვიანებით, 29 დეკემბერს, სემეკმა მოქმედი ტარიფების დროებით, სამი თვით შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო.
ბოლო ცვლილება ელექტროენერგიის ტარიფებში 2023 წელს განხორციელდა, როდესაც როგორც საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, ისე ბიზნესისთვის ფასები საშუალოდ 3 თეთრით შემცირდა. იმ დროისთვის ტარიფები ასე იყო განსაზღვრული:
– 0-დან 101 კილოვატამდე მოხმარებისთვის — 15 თეთრი;
– 101-დან 301 კილოვატამდე — 19 თეთრი;
– 301 კილოვატზე მეტი მოხმარებისთვის — 23.5 თეთრი.
ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, არსებული დროებითი ტარიფების ზრდა პრაქტიკულად გარდაუვალია. მათი თქმით, ამას ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს: ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საჭირო მნიშვნელოვანი ინვესტიციები და ელექტროენერგიის შესყიდვის ხარჯების ზრდა.


