2026 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით საქართველომ საზღვარგარეთ 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია გაიტანა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ეს მაჩვენებელი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 13%-ით მაღალია — 2025 წლის 8 თვეში ექსპორტმა 1.1 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ექსპორტის სტრუქტურაში წამყვანი ადგილი ტრადიციულად ღვინოსა და სპირტიან სასმელებს უჭირავს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი წილი მოდის უალკოჰოლო სასმელებზე, თხილზე, მოცვზე, კურკოვან ხილზე და დაფნის ფოთოლზე.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 7-თვიანი მონაცემების მიხედვით, მცენარეული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტში საქართველოს მთავარი პარტნიორია რუსეთი — 100.4 მილიონი დოლარით. მას მოსდევს იტალია (20.9 მლნ დოლარი) და სომხეთი (17.4 მლნ დოლარი). პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ ჩინეთი, გერმანია, ესპანეთი, სირია, საფრანგეთი, თურქეთი და უკრაინა.
სრული სტატისტიკა 8 თვის ჭრილში, მოცულობისა და ფასების დეტალური ანალიზის ჩათვლით, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 19 სექტემბერს უნდა გამოაქვეყნოს.
Sheni Ambebi News
წყარო: bm.ge

