ბუნებრივია, ჩვენ ამ რეკომენდაციებს მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ და დავიწყებთ ამ პროცესზე მუშაობას,- ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
საუბარია, დიდი დიღმის მიმართულებით მეტროს დამატებითი ხაზის მოწყობაზე, რომლის შესახებაც რეკომენდაცია გაიცა.
როგორც ვიქტორ წილოსანმა აღნიშნა, პროცესზე მუშაობა იწყება, რომლის ფარგლებშიც, ჯერ შესაბამისი ტერიტორიის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მოხდება, შემდეგ კი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მგზავრთნაკადზე იქნება დამოკიდებული.
„ეს არის ზოგადი ჩანაწერი და ყველა რეკომენდაციას ახლავს, რომ შემდეგ ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ ტერიტორიის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, რამდენად არის ხარჯთეფექტური, მიზანშეწონილი, შესაძლებელი ინფრასტრუქტურულად და ა.შ. ბუნებრივია, ჩვენ ამ რეკომენდაციებს მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ და დავიწყებთ ამ პროცესზე მუშაობას, გიდასტურებთ ამას. თუმცა, თუ ჩვენ გვექნება საზოგადოებრივ ტრანსპორტის დერეფანი, იქ ჩვენ ტრამვაის გავატარებთ, მიწისზედა მეტროს, თუ ავტობუსს, ეს არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა რაოდენობის მგზავრი ეყოლება ამა თუ იმ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რამდენად იქნება ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, რომ მიზანშეწონილია ეს ინვესტიციები. ამიტომ, პირველი ეტაპი, ასეც და ისეც, არის, რომ ჩვენ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის დერეფანი შევქმნათ და შემდეგ შიგნით რას გავატარებთ, ეს თავიდან ბოლომდე იქნება მგზავრთნაკადებზე დამოკიდებული. ამიტომ, გიდასტურებთ, რომ პირველი ეტაპი იწყება, ის, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა შევქმნათ ამ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლი“,- განაცხადა ვიქტორ წილოსანმა. წყარო
მასალის გამოყენების პირობები