თბილისში ამფითეატრის მშენებლობა იგეგმება. აღნიშნულთან დაკავშირებით შესყიდვა 5 თებერვალს გამოცხადდა. კერძოდ, შესყიდვა შპს „სპორტმშენსერვისმა“ გამოაცხადა, რომლის 100%-იანი წილის მესაკუთრეც სახელმწიფოა.
ტენდერი თბილისში, გიორგი გურამიშვილის (ყოფილი გორგასლის) ქუჩა N10-ში მდებარე 1 სართულიანი შენობის რეაბილიტაციასა და მის მიმდებარედ ღია ამფითეატრის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვას გულისხმობს.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 27 თებერვალს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 1 642 552 ლარი იყო.
სატენდერო კომისიამ ტენდერში გამარჯვებულად შპს „მეტალ+“ გამოაცხადა, რომლის მიერ შეთავაზებული თანხაც, 1 539 800 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების სამუშაოები მიმდინარეობს.
სატენდერო პირობების თანახმად, სამუშაოებისთვის ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარული დღეა განსაზღვრული.
ცნობისთვის, ორთაჭალაში ამფითეატრის მშენებლობის მიზნით, ტენდერი გასულ წელსაც იყო გამოცხადებული. კერძოდ, 2023 წლის ნოემბერსა და დეკემბერში. მაშინ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება უფრო მეტი, შესაბამისად, 2 215 592 და 1 784 580 ლარი იყო. ნოემბერში ტენდერი პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ხარვეზის გამო ვერ შედგა, ხოლო დეკემბერში მონაწილე კომპანიას სატენდერო კომისიის მიერ დისკვალიფიკაცია მიენიჭა.