შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში უცხოელი სტუდენტებისთვის სასწავლო ბინადრობის მიღებისა და შენარჩუნების წესები მნიშვნელოვნად მკაცრდება.
მისი განმარტებით, უცხოელთა მიერ სტუდენტური სტატუსისა და ბინადრობის უფლების არამიზნობრივი გამოყენების თავიდან ასაცილებლად, შემოდის ენის ცოდნის შემოწმების ახალი მექანიზმი. მთავრობის მიერ განისაზღვრება საერთაშორისო დონეზე აღიარებული უცხო ენის სერტიფიკატების ჩამონათვალი, ხოლო გამოცდების ეროვნულ ცენტრს ექნება უფლებამოსილება დამოუკიდებლად ჩაატაროს ენის გამოცდა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი დაადასტურებს შესაბამის კომპეტენციას, შეძლებს უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვას.
დარახველიძის თქმით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულმა შემოწმებებმა გამოავლინა შემთხვევები, როდესაც უცხოელები სტუდენტური ბინადრობით სარგებლობდნენ, თუმცა რეალურად სწავლას არ აგრძელებდნენ, სტუდენტის სტატუსი შეჩერებული ჰქონდათ ან ენის საბაზისო ცოდნაც კი არ გააჩნდათ.
ახალი წესების თანახმად, სტუდენტს სასწავლო ბინადრობის შესანარჩუნებლად ერთი სასწავლო წლის განმავლობაში მინიმუმ 20 კრედიტის დაგროვება მოუწევს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა ბინადრობის შეწყვეტის საფუძველი გახდება.
ამასთან, ბინადრობის უფლება შეუწყდება იმ სტუდენტსაც, რომელიც 90 დღეზე მეტი ვადით შეიჩერებს სტუდენტის სტატუსს ან არასაპატიო მიზეზით 183 დღეზე მეტი ხნით დატოვებს საქართველოს.
კონტროლის მექანიზმის გასაძლიერებლად შეიქმნება ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზა, სადაც უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვისა და აკადემიური პროგრესის შესახებ ინფორმაცია აისახება. შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა ექნებათ, ხოლო მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა უნივერსიტეტებსაც დაეკისრებათ.
ცვლილებები არასრულწლოვან უცხოელ სტუდენტებსაც შეეხება. სასწავლო ბინადრობის უფლება მხოლოდ სრულწლოვან პირებზე გაიცემა, ხოლო არასრულწლოვნებისთვის შემოდის ახალი D6 კატეგორიის სასწავლო ვიზა, რომელიც ერთწლიანი ვადით გაიცემა.
გარდა ამისა, ბინადრობის მიღების საფუძველი აღარ იქნება მოკლევადიან ან სასერტიფიკატო კურსებზე ჩარიცხვა. შესაბამისი უფლების მოპოვება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ავტორიზებულ უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში სწავლის შემთხვევაში.


