შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა.
ცენტრი ასევე მოუწოდებს თითოეულ მონაწილეს, ყურადღებით გაეცნოს ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინოს, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვება.
რაც შეეხება საგამოცდო ბარათებს, აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების ელექტრონულ ვერსიებს ნებისმიერ ხელმისაწვდომ კომპიუტერზე პირადი სარეგისტრაციო გვერდიდან ამობეჭდავენ (გვერდი, სადაც აბიტურიენტი ირჩევს გამოცდებს, საგანმანათლებლო პროგრამებს, ეცნობა შედეგებს).
ყურადღებით გადაამოწმეთ მასზე მითითებული მონაცემები – დაგვიანების ან არასწორ დღეს გამოცხადების შემთხვევაში გამოცდაზე არ დაიშვებით.
საგამოცდო ცენტრები გაიხსნება:
თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.
- საგამოცდო ბარათი
- სურვილის შემთხვევაში: გელიანი (ე.წ. ტუში) შავი ფერის კალამი, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.
- პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი / პასპორტი ან სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი / განცხადება-ანკეტა / ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
გასათვალისწინებელია შემდეგი:
- აბიტურიენტი ცხადდება საგამოცდო ბარათზე მოცემულ საგამოცდო ცენტრში მითითებულ დროს.
- რეგისტრაციის გავლამდე აბარებს ზედმეტ ნივთებს.
- რეგისტრაციის გავლის შემდეგ იკავებს მისთვის განკუთვნილ ადგილს შესაბამის სექტორში.
- აბიტურიენტი მიიღებს პასუხების ფურცელს და ფურცელს შავი სამუშაოსათვის, ასევე გამოცდისათვის გათვალისწინებულ დამხმარე მასალას (მაგ.: რუკა, მენდელეევის ტაბულა).
- აბიტურიენტს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია გამოიყენოს საკუთარი შავი ფერის გელიანი (ე. წ. ტუშის) კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.
- ანონიმურობის უზრუნველსაყოფად პასუხების ფურცელზე დაიკვრება ინდივიდუალური შტრიხკოდი (შტრიხკოდისა და მაგიდის ნომრები იდენტურია).
- განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პასუხების ფურცლის დაუზიანებლობას. არ შეიძლება მისი დაკეცვა ან დაჭმუჭნა, რაიმე ჩანაწერის გაკეთება (რომელიც არ ეხება ტესტის კითხვების პასუხს).
- ყველა საგამოცდო ცენტრში, რეგისტრაციის სივრცესა და სექტორში დამონტაჟებული იქნება ვიდეოკამერა საგამოცდო პროცესის ჩაწერის უზრუნველსაყოფად.
- საგამოცდო დროის ამოწურვის ან აბიტურიენტის მიერ სამუშაოს ადრე დასრულების შემთხვევაში, დამკვირვებელი ამოწმებს, გადატანილია თუ არა პასუხების ფურცელზე სტანდარტული ფრაზა, ასევე, აბიტურიენტის პასუხების ფურცლისა და შტრიხკოდის დაუზიანებლობას, რასაც აბიტურიენტი ადასტურებს უწყისში ხელმოწერით და ამის შემდეგ დამკვირვებელს აბარებს ნამუშევარს.
- სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი.
- საგამოცდო პროცესი ამით სრულდება. პასუხების ფურცლები ილუქება და იგზავნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
ვრცელი ინფორმაცია წესებთან და პროცედურებთან დაკავშირებით შეგიძლიათ, აბიტურიენტთა ცნობარში ნახოთ.


