საათის ისრები ზედა ნახევარში მარცხნიდან მარჯვნივ, ქვედა ნახევარში კი მარჯვნიდან მარცხნივ მოძრაობს. ეს ჩვენთვის ბუნებრივი ჭეშმარიტება, აქსიომაა, მაგრამ თუ დაფიქრებულხართ, რატომ ხდება ასე? ამ მოცემულობის მიღებას არც ფიზიკის კანონები გვაიძულებს და არც დროის ადამიანისეული ფილოსოფიური აღქმა, არამედ ისტორიული ტრადიცია.
ისრების მოძრაობის მიმართულება ძველ მზის საათს უკავშირდება, რომელიც მექანიკური საათების წინამორბედია. მზის საათების გამოყენება ჩრდილოეთ ნახევარსფეროში დაიწყო, სადაც მზე ცის სამხრეთ ნაწილში აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მოძრაობს. ამ მოძრაობის გამო, მზის საათის ჩრდილი (რომელიც ყოველთვის ჩრდილოეთისკენ არის მიმართული) დღის განმავლობაში დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გადაადგილდება. სწორედ ეს მოძრაობა გადაიტანეს მექანიკურ საათებში და მას ახლა “საათის ისრის მოძრაობის მიმართულებას” ვუწოდებთ.
პირველი მზის საათების ზუსტი წარმოშობა სადავოა. ყველაზე გავრცელებული ვარაუდით, ისინი დაახლოებით 3500 წლის წინ ეგვიპტეში გაჩნდა.
მექანიკური დროის საზომი მოწყობილობები მოგვიანებით, 725 წელს, ჩინეთში გამოიგონეს. დაახლოებით 1270-1300 წლებში კი ჩრდილოეთ იტალიასა და სამხრეთ გერმანიაში პირველი მექანიკური საათებიც გამოჩნდა. ეს მოწყობილობა დღევანდელი საათებისგან ძალზედ განსხვავდებოდა. მას ჰქონდა ბორბლები, კბილანები და მექანიზმები, რომლებიც ზარის ხმით ან ციფერბლატის მოძრაობით გვანიშნებდა საათების გასვლას.
თანამედროვე საათების დიზაინი სწორედ ამ ადრეულ გამოგონებებზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა. ისრები მოძრაობენ იმავე მიმართულებით, როგორითაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მზის საათების ჩრდილი.
რა მოხდებოდა თუ საათები პირველად სამხრეთ ნახევარსფეროში განვითარდებოდა, სადაც ჩრდილები საპირისპიროდ მოძრაობს? ცხოვრების მსგავსი სცენარით განვითარება თავდაყირა დააყენებდა ჩვენს დღევანდელ ცნობიერებას და შესაძლებელია “სწორ მიმართულებად” ამჟამინდელის საპირისპირო, ანუ მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულება მიგვეჩნია.
როგორც აღმოჩნდა, დროის აღქმა არც ისეთი უნივერსალურია, როგორც გვგონია. კვლევები აჩვენებს, რომ ევროპასა და ამერიკაში გავრცელებული, მარცხნიდან მარჯვნივ წერის წესი ადამიანისთვის დროის, როგორც აბსტრაქტული მოვლენის, მარცხნიდან მარჯვნივ აღქმასთანაა დაკავშირებული. მარჯვნიდან მარცხნივ წერის წესი, რომელიც გავრცელებულია აღმოსავლურ ქვეყნებში, პირიქით — დროის საპირისპირო აღქმაზე მიგვანიშნებს. ენებში კი, სადაც ტექსტი ზემოდან ქვემოთ იწერება, მაგალითად, ტრადიციულ ჩინურში, დრო უფრო ვერტიკალურად მიმართულ მოვლენად წარმოუდგენიათ.
ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რამდენად ღრმა კავშირი აქვს ჩვენს ყოველდღიურ წარმოდგენებს ისტორიულ ტრადიციებსა და გარემოსთან. ის, რაც თითქოს აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მიგვაჩნია, შეიძლება სხვა ვითარებაში სრულიად საპირისპიროდ ჩამოყალიბებულიყო. დროის მიმართულება, როგორც საათის ისრებზე, ისე ჩვენს გონებაში, მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ჩამოყალიბდა ჩვენი აღქმა წარსულის შემთხვევითი გადაწყვეტილებებისა და ტრადიციების შედეგად. იქნებ, დროის დინებასაც ჩვენი შეხედულებების მიხედვით ვქმნით და არა პირიქით?
მომზადებულია პორტალ on.ge-ს მიერ
მასალის გამოყენების პირობები