ადამიანებთან ურთიერთობაში ხშირად გვიწევს დათმობა და პატიება. სხვანაირად ცხოვრება შეუძლებელია, როცა ამ ურთიერთობას საფუძვლად სიყვარული უდევს. თუმცა, ყოველთვის პატიება ვერ ხერხდება, მნიშვნელობა არ აქვს, რა უნდა ვაპატიოთ. პრობლემა ხომ ნდობის გაქრობაშია. ხოლო, როცა აღარ არის ნდობა, პატიებაც აზრს კარგავს.
თინიკო (43 წლის): ძალიან კარგად ვიცი, რომ თუ მიუტევებ ადამიანს, მერე არ უნდა წამოაძახო და აღარც დაამადლო. ის კი არა, შენი საქციელიც არ უნდა ინანო. მაგრამ ცხოვრება ასე მარტივი არ არის, არ გამოდის. როგორც უნდა მოინდომო, თავს დიდხანს ვერ მოიტყუებ. ვაღიარებ, ვნანობ ჩემს გულმოწყალებასა და დიდსულოვნებას. ვნანობ, რომ შეურაცხყოფასა და ტკივილზე თვალები დავხუჭე და ცხოვრება ისე განვაგრძე, თითქოს არაფერი მომხდარა.
– ფიქრობთ, რომ პატიება შეცდომაა და ადამიანს მეორე შანსი არ უნდა მივცეთ?
– ჩემს შემთხვევაში არ გაამართლა. ჩემი მეუღლე არ იმსახურებდა არც შანსს და არც იმ მინიმალურ ნდობას, რომელიც მის მიმართ შემომრჩა. პროფესიით მშენებელი იყო. ხან მუშაობდა, ხან – არა. ბოლო ხანს სამუშაო იშვიათად ჰქონდა და იმის ნაცვლად, რომ სახლში მაინც მომხმარებოდა, შვილებთან ყოფნას, საოჯახო საქმეებში ჩემს დახმარებას, ეზოს უსაქმურებთან ჯდომა და თამაში არჩია. კარგა ხანს არაფერს ვეუბნებოდი. სამსახურში გვიანობამდე ვიყავი, მართლა ტყავიდან ვძვრებოდი, რომ ბავშვებს არაფერი მოჰკლებოდათ. დამატებით საქმეს ვიღებდი, რომ ანაზღაურება მეტი მქონოდა, შაბათს კი ბაზრიდან მთელი კვირის მარაგი მომქონდა. იმედი მქონდა, ადრე თუ გვიან დაინახავდა ჩემს გარჯას, დააფასებდა და თვითონაც ეცდებოდა რამეს, მაგრამ ორი წელი ისე გავიდა, ხელი არ გაუნძრევია.
– ესე იგი, პრობლემა მეუღლის უსაქმურობაში იყო?
– პრობლემები სწორედ ამით დაიწყო. როცა სერიოზულად ვუთხარი, ეცადე, სამუშაო იშოვო, დომინოს ან ნარდის თამაში ვერაფერს გვიშველის, ბავშვებს აწი უფრო მეტი დასჭირდებათ-მეთქი, ისე გაბრაზდა, თითქოს მათი მამა კი არა, ვიღაც უცხო იყო და მისგან უსამართლოდ ვითხოვდი დახმარებას. ხელი ჩავიქნიე, ნერვების აშლასა და ორომტრიალს ვარჩიე, ჩუმად მეკეთებინა საქმე. დედამთილმა მირჩია – არ მიაქციო ყურადღება და მალე მოვა გონსო.
– „გონზე მოსვლაში“ რას გულისხმობდა ?
– ვითომ გაიაზრებს და მუშაობას დაიწყებსო. განიცდის და ასე გამოხატავსო. თუმცა, „გონს მოსვლა” ის აღმოჩნდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ოჯახი მიატოვა და სხვა ქალთან წავიდა… „განიცდიდა“ თურმე… ძალიან შეურაცხყოფილი ვიყავი, ბავშვებსაც ვერ გაეგოთ, რა ხდებოდა ჩვენს თავს, სად იყო მამა, რატომ აღარ მოდიოდა შინ… ამბავი მომიტანეს, ის ქალი ინახავს და ბედნიერიაო. ჩემი დედამთილი მიუვარდა იმ ქალს, შვილიც კარგად გამოლანძღა და მისი საყვარელიც. მაგრამ ვერაფერი შეცვალა. ნერვიულობის თავიც კი არ მქონდა, იმდენი საქმე მეყარა თავზე, ფიქრისთვის ვერ ვიცლიდი. რვა თვის შემდეგ ჩემმა ქმარმა ნათესავები გამომიგზავნა, შერიგება მინდაო. შვილებიც ისე განიცდიდნენ უმამობას, ისევ ჩემს თავმოყვარეობას გადავაბიჯე და შევუთვალე – შეგიძლია, მობრძანდე-მეთქი. შინ მობრუნებულმა მხოლოდ რამდენიმე თვე შეძლო „ოჯახის კაცობა“. მერე ისევ წავიდა, ამჯერად – სხვაგან, ოღონდ ისე დიდი ხნით აღარ, როგორც პირველად. როცა თავისი ჩანთით კვლავ მომადგა, აღარ მივიღე. იცით, როგორ იუკადრისა და განაწყენდა? საყვედურებით ამავსო: შეუგნებელი ქალი ხარ. ხანდახან გახალისება პრობლემად გამიხადეო. თურმე, მუდმივად უნდა მეპატიებინა სისულელეები, შეურაცხყოფა, უყურადღებობა და ღალატი. უკვე აღარ მაინტერესებს არც ყოფილი ქმრის, აღარც არავის აზრი – ერთხელ შევძელი პატიება, მეორედ მიტევების სურვილი კი აღარ მაქვს. ვინც უნდა განმსაჯოს. ამჯერად მე ვანგრევ ოჯახს და გადაწყვეტილებას არ შევიცვლი. წყარო
მასალის გამოყენების პირობები