საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვეშეთი-კობის საავტომობილო გვირაბის გაჭრის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,რომ გაიჭრა ქვეშეთი-კობის უნიკალური გვირაბი და რომ დღევანდელი დღე საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ნამდვილად ისტორიულია.
მან ასევე აღნიშნა,რომ ახალი გზა მნიშვნელოვნად, 45 წუთით შეამცირებს გადაადგილების დროს.
****
ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სალმონელოზი ბაქტერიოლოგიური ეტიოლოგიის ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს სურსათისგან, განსაკუთრებით ხორცისა და მისგან დამზადებული პროდუქტისგან გადაეცემა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქათმის ხორცის მწარმოებელს შპს „სიფუდ გრუპ თელავს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა და 1000 ლარით დააჯარიმა.
****
დღეს, თბილისში, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც 14 ქვეყნის ასამდე დელეგატი დაესწრო.
კონფერენციაზე საუბარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პრობლემების იდენტიფიცირებას და ე.წ. ცენტრალურ შუა დერეფანს შეეხებოდა.
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივნის, ვასო ურუშაძის განცხადებით, „თუ ჩვენ შევასრულებთ ისტორიულ ფუნქციას და იმ მისიის მატარებელი ვიქნებით, რომ საქართველო სატრანსპორტო ლოგისტიკური ჰაბი გახდეს, ეს ნიშნავს ათი ათასობით დამატებით ადგილს საქართველოში, რომელიც მაღალანაზღაურებადი იქნება და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება“.
****
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოს ჯეიმი ოლივერი სტუმრობს.
ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებით, ცნობილი შეფ-მზარეული უგემრიელესი ქართული კერძების პოპულარიზაციაში საქართველოს დაეხმარება.
ჯეიმი ოლივერის გამომწერებს მისი სოციალური არხებით, საშუალება ექნებათ, თვალი ადევნონ შეფ-მზარეულის ქართულ კულინარიულ თავგადასავალს.
****
მემარჯვენე პოპულისტური პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ერთ-ერთი წევრის თანამშრომელი დრეზდენში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
ეჭვმიტანილი,“ალტერნატივა გერმანიისთვის” წევრ ევროპარლამენტარ მაქსიმილიან კრაგის გუნდში მუშაობს. კრაგის ოფიციალურ ვებგვერდზე მის პოზიციად მითითებულია “აკრედიტებული თანაშემწე”.
იგი ეჭვმიტანილია უკანონო ჯაშუშურ საქმიანობაში, მათ შორის ჩინელი ოპოზიციონერების თვალთვალში და გერმანიის პარლამენტის მუშაობის შესახებ ინფორმაციის პეკინისთვის გადაცემაში.