ოქროს ფასმა ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარა. 20 მაისს, თბილისის დროით 14:15 საათზე, ძვირფასი ლითონის ფასმა უნციაზე 2 441 აშშ დოლარი შეადგინა.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, წინა თვესთან შედარებით, ოქროს ფასი 3.61%-ით არის გაზრდილი.
წელს 4 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საზღვაო გადაზიდვები თითქმის, 13%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის აპრილში გემებით სავაჭრო ბრუნვამ 1,894 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2,169 მლნ აშშ დოლარი.
****
ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით იყვნენ დაინტერესებულნი, შესაძლოა, აქტივების გაყინვა და ქვეყნის გარეთ გადაადგილება აეკრძალოთ. შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის კონგრესს შესაძლოა, დღეს წარედგინოს, უკვე მზადაა.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ ოფიციალურმა თბილისმა ღიად ჰკრა ხელი აშშ-სა და სხვა დასავლურ ორგანიზაციებს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კი ურთიერთობებს რუსეთთან და ჩინეთთან სულ უფრო იმტკიცებენ.
****
„საქართველოს გზები“ ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო მაგისტრალზე მიმდინარე პროექტებზე წერს. კერძოდ, საუბარია ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის ნაწილისა და ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 9კმ-იანი გვირაბის ნაწილის მშენებლობაზე. არსებული ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებზე 1000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, აქედან 550-ზე მეტი კი ადგილობრივია.
****
ფინეთის თავდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფმა მუშაობა დაასრულა კანონპროექტზე, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენას უკრძალავს.
ჯგუფის გადაწყვეტილებით, უძრავი ქონების შეძენის ნებართვა აღარ გაიცემა იმ ქვეყნის მოქალაქეზე, რომელმაც, ევროკავშირის შეფასებით, სხვა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა დაარღვია, ასევე, მოქალაქეზე, რომელიც ფინეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის შესაძლო მუქარის შემცველია.
****
ილია დარჩიაშვილი ირანის პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური პირების გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება სოციალურ ქსელში X გამოქვეყნდა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, რამაც გამოიწვია პრეზიდენტ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის და სხვა ოფიციალური პირების დაღუპვა. ვუსამძიმრებ ირანის მოსახლეობას და დაღუპულთა ოჯახებს“, – წერს დარჩიაშვილი.
****