დღის ამბები პოზიტივზე
დღის ამბები –
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ნოემბერს 12:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წიწამური, წილკანი და საგურამო.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
****
“თბილისი ენერჯის“ განცხადებით, ფიზიკურმა პირმა გაზსადენი დააზიანა, რის გამოც 8500-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა.
კომპანიის ინფორმაციით, ფიზიკური პირის მიერ გაზსადენის დაზიანების გამო, დღეს, 7 ნოემბერს, 18:00 საათიდან გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა 8500 აბონენტს. “თბილისი ენერჯის“ განცხადებით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ხვალ 8 ნოემბერს, 10:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათზე. „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ, იყოთ ყურადღებით და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.
****
ილია ჭავჭავაძის დაბადების დღის აღსანიშნავად, მისი მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, საგამოფენო სივრცეში ჯამში 1050-ზე მეტი დოკუმენტია წარმოდგენილი და გამოფენილი საარქივო მასალის შესახებ მნახველებისთვის 30-40 წუთიანი ექსკურსიებიც ტარდება.
კვირეულის ფარგლებში, 8-14 ნოემბერს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ილია ჭავჭავაძის პირადი საარქივო მასალის გამოფენა იმართება. ერთი კვირის განმავლობაში საჯარო სკოლების მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიის, მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ საარქივო ფონდს.
****
შუა დერეფნის, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელ საიმედო ალტერნატივასა და მისი განვითარების შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის რიგით 23-ე მინისტერიალის ფარგლებში პანელზე გამოსვლისას, რომელიც სწორედ შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებს შეეხებოდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღონისძიება ყაზახეთის რესპუბლიკაში, ქ. ასტანაში გაიმართა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა ბუნებრივად განსაზღვრავს ქვეყნის როლს, იყოს კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის.
****
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი წინასაარჩევნო კამპანიის მენეჯერი, სუზი უაილსი თეთრი სახლის აპარატის უფროსის თანამდებობას დაიკავებს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„სუზი უაილსი დამეხმარა ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური გამარჯვების მიღწევაში და იყო ჩემი 2016 და 2020 წლების წარმატებული კამპანიის განუყოფელი ნაწილი“, – აღნიშნა ტრამპმა.
****
ექსპორტის ხელშეწყობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რაზეც ოფიციალური სტატისტიკაც მეტყველებს.
ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, საქართველო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, რომელიც მსოფლიოში მსგავსი პროფილი უმსხვილესი ღონისძიებაა, უწყვეტად, მეშვიდედ მონაწილეობს. მისი თქმით, ჩინეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია, ამდენად, შანხაის გამოფენა კარგი შესაძლებლობაა როგორც გამოცდილი, ისე დამწყები ექსპორტიორებისთვის წარმოადგინონ საკუთარი პროდუქცია ასეთ მასშტაბურ გამოფენაზე და შეძლონ საქმიანი კონტაქტების დამყარება პოტენციურ პარტნიორებთან.
****
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი კახეთის რეგიონში უდიებით დასახლებულ სოფელ ზინობიანის მოსახლეობას და სოფელ თივში მცხოვრებ ავარების თემის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრებზე ისაუბრეს ეთნიკურ უმცირესობათა თვითმყოფადობის, კულტურის და განსაკუთრებით კი მშობლიური – უდიური და ავარული ენების შენარჩუნების მნიშვნელობაზე.
„ხაზი გაუსვეს სახელმძღვანელოების საჭიროებას, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის და აღნიშნეს, რომ მოსწავლეები საკუთარ ენას მოძველებული, გასული საუკუნის 80-იან წლებში გამოცემული წიგნების ქსეროასლებით სწავლობენ.
****
26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და მისმა მოადგილე გიორგი შარაბიძემ „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე. ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრისას გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, რომელიც კენჭისყრის დღესა და შემდგომ პერიოდს უკავშირდება.
****
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში, WTM London 2024-ის გამოფენაში მონაწილეობს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 21 ტურისტულ კომპანიასთან და სასტუმროსთან ერთად სპეციალური სტენდით წარდგა.
„ჩვენ ვიმყოფებით ლონდონში WTM-ის გამოფენაზე. ძალიან მოხარული ვარ ამ გამოფენით, იქიდან გამომდინარე, რომ 2025 წლის მარტიდან ინიშნება პირდაპირი ფრენები British airways-დან და EasyJet- დან საქართველოს მიმართულებით. განაცხადა ნატალია ჩანადირმა.
****
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ჯერ არ უსაუბრია, თუმცა საუბარს არ გამორიცხავს, – ინფორმაციას NBC ავრცელებს.
„ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ვფიქრობ, ვისაუბრებთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
NBC წერს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემთხვევაში, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომს დაასრულებდა.
****
ირაკლი კობახიძემ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში,საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნგრეთში ვიზიტი შეაჯამა.
მთავრობის მეთაური ვიზიტის ფარგლებში არაერთი სახელმწიფოს ლიდერს, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. პრემიერის მხრიდან გაჟღერებული გზავნილები საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ქვეყნის ევროინტეგრაციას შეეხებოდა.
****
ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს. სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, იუნკერებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ წარჩინებული კურსდამთავრებულები და ინსტრუქტორები დააჯილდოვა. იუნკერებმა ხუთკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს, რაც თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. კურსის განმავლობაში მომავალი ოფიცრები სამხედრო მოსამსახურის ჩამოყალიბებისთვის საჭირო უნარჩვევებს დაეუფლნენ.
დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები