პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ ქვეყნის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს გადადგომისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
საფრანგეთის პარლამენტში შემავალმა პარტიამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც საკანონმდებლო ორგანომ ქვეყნის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.
„საბოლოოდ, ბარნიეს მთავრობა დაიშალა თავის ძალადობრივ ბიუჯეტთან ერთად. „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ ახლა ემანუელ მაკრონს წასვლას სთხოვს. დღეს ისტორიული დღეა. დემოკრატიაში ერთადერთი სუვერენი ხალხია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ დროს გადაწყვიტოს, რომ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ისტორია. ქაოსი ჩვენ არ ვართ, ეს არის ემანუელ მაკრონი, რომელმაც შვიდი წლის განმავლობაში გააღარიბა ქვეყანა!“ – განაცხადეს პარტიაში.
ოპოზიციურმა პარტიებმა წარადგინეს უნდობლობის შუამდგომლობა მას შემდეგ, რაც მიშელ ბარნიემ სადავო გზით გამოიყენა სპეციალური უფლებამოსილება, რათა ბიუჯეტი კენჭისყრის გარეშე გაეტარებინა.
მიშელ ბარნიეს მთავრობის დაშლა კიდევ უფრო გააძლიერებს საფრანგეთის ამჟამინდელ პოლიტიკურ არასტაბილურობას.
მასალის გამოყენების პირობები