ოვერდრაფტები ლიდერობს — ფიზიკური პირების რომელი სესხები ხასიათდება ყველაზე მაღალი ვადაგადაცილებით

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით კომერციული ბანკების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების მთლიანი მოცულობა 29.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ეს ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 15.7%-იანი ზრდაა.

მიუხედავად სესხების შემჩნეული ზრდისა, პორტფელის ხარისხი შედარებით სტაბილურია: 91 დღეზე მეტად ვადაგადაცილებული კრედიტები მხოლოდ 277 მილიონ ლარს შეადგენს, რაც პორტფელის სულ რაღაც 0.9%-ია. საგულისხმოა, რომ ეს მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

ასეთი დაბალი საშუალო მაჩვენებელი ძირითადად ორი მსხვილი სეგმენტის — იპოთეკური და სამომხმარებლო სესხების — კარგი ხარისხით აიხსნება. 14.8 მილიარდიანი იპოთეკური პორტფელის შემთხვევაში ვადაგადაცილება მხოლოდ 0.49%-ია, ხოლო 17 მილიარდი ლარის სამომხმარებლო სესხებში — 1.25%.

თუმცა სურათი მკვეთრად იცვლება, როგორც კი ყურადღებას სხვა კატეგორიებზე გავამახვილებთ. ვადაგადაცილების მიხედვით ყველაზე პრობლემური სეგმენტი ოვერდრაფტებია — ხელფასით უზრუნველყოფილი მოკლევადიანი სასესხო ლიმიტები. 84-მილიონიანი პორტფელიდან ვადაგადაცილებულია 7.82%, რაც ფიზიკური პირების სესხების საშუალო მაჩვენებელს 8.5-ჯერ აღემატება. მართალია, წლიურ ჭრილში ოვერდრაფტების ვადაგადაცილებამ 0.5 პუნქტით იკლო, მაინც ყველა სხვა კატეგორიას ჩამოტოვებს.

- Advertisement -
Ad imageAd image

მეორე ადგილზე მომენტალური განვადებებია 2.20%-იანი ვადაგადაცილებით (607 მლნ ლარის პორტფელი), ხოლო მესამე — საკრედიტო ბარათები 2.16%-ით (694 მლნ ლარი).

სრული სურათი კატეგორიების მიხედვით ასე გამოიყურება:

• ოვერდრაფტები — 84 მლნ ლარი; ვადაგადაცილება 7.82%
• მომენტალური განვადება — 607 მლნ ლარი; 2.20%
• საკრედიტო ბარათები — 694 მლნ ლარი; 2.16%
• საცალო ლომბარდული სესხები — 710 მლნ ლარი; 1.48%
• სატრანსპორტო სესხები — 298 მლნ ლარი; 1.32%
• სამომხმარებლო სესხები — 16 974 მლნ ლარი; 1.25%
• სტუდენტური სესხები — 8 მლნ ლარი; 0.60%
• იპოთეკური სესხები — 14 781 მლნ ლარი; 0.49%

მონაცემები ცხადყოფს, რომ მცირე მოცულობის, მაგრამ მაღალი რისკის მქონე პროდუქტები — განსაკუთრებით ოვერდრაფტები და მომენტალური განვადებები — კვლავ სისტემის ყველაზე მოწყვლად რგოლებს წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ მათი წილი მთლიან პორტფელში მცირეა.

Sheni Ambebi News

- Advertisement -
Ad imageAd image

წყარო: bm.ge

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ოვერდრაფტები ლიდერობს — ფიზიკური პირების რომელი სესხები ხასიათდება ყველაზე მაღალი ვადაგადაცილებით. 25 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ოვერდრაფტები-ლიდერობს/

გაუზიარეთ ეს სტატია