ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებული ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, 82 ხმით მიიღო „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები.

საკითხზე მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ცვლილებები ეხება მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას – ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას, გადაზიდვა-გადაგზავნას, რეალიზაციას და კულტივაციას.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ცვლილებები არ ეხება ამ საშუალებების მოხმარებას.

კანონპროექტის თანახმად, მცირე ოდენობით კანაფის – 10 გრამამდე, მარიხუანას – გამომშრალი 5 გრამამდე, ხოლო ნედლის – 10 გრამამდე შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორების შემთხვევაში იგივე ქმედება გამოიწვევს სასჯელის სახით ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან/და თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

სისხლის სამართლის დასჯადი ოდენობის, მცენარე კანაფის შემთხვევაში – 10 გრამიდან 155 გრამამდე, გამომშრალი მარიხუანას შემთხვევაში – 5 გრამიდან 70 გრამამდე, ხოლო ნედლი მარიხუანას შემთხვევაში – 10 გრამიდან 140 გრამამდე, შეძენა, შენახვა გამოიწვევს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებული ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. 2 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ნარკოპოლიტიკის-გამკაცრე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi