ესპანელმა მეცნიერებმა ლეგენდარული მეზღვაურის ქრისტეფორე კოლუმბის ნეშტი შეისწავლეს და მისი წარმოშობა დაადგინეს.
BBC-ს ცნობით, კვლევა გრანადის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს და გენეტიკური მასალის შესწავლისას დაადგინეს, რომ კოლუმბი სავარაუდოდ ესპანელი და ებრაელი იყო. მათივე ვარაუდით, ის დასავლეთ ევროპაში დაიბადა, შესაძლოა ვალენსიაში. მეცნიერები ფიქრობენ, რომ კოლუმბი თავის ებრაულ წარმოშობას მალავდა ან კათოლიკედ მოინათლა, რათა რელიგიური დევნისთვის დაეღწია თავი.
ბოლო კვლევა ეწინააღმდეგება ტრადიციულ თეორიას, რომლის მიხედვითაც კოლუმბი გენუაში დაბადებული იტალიელი იყო.
ქრისტეფორე კოლუმბი სევილიის ტაძარშია დაკრძალული. მკვლევრებმა ასევე შეადარეს მისი დნმ-ი მის ვაჟისა და ძმის გენეტიკურ მასალას, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სევილიაში სწორედ დიდი მეზღვაურის ნეშტია დასვენებული.
კოლუმბის მოგზაურობამ ატლანტის ოკეანეში 1492 წელს მსოფლიო ისტორიის მსვლელობა შეცვალა, სწორედ მან აღმოაჩინა ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა.
მასალის გამოყენების პირობები