მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი დღეს მეორედ დაიცვა. ქართველმა სპორტსმენმა შონ ო’მალი პირველად 2024 წლის 15 სექტემბერს დაამარცხა და UFC-ის ჩემპიონი გახდა. 2025 წლის 19 იანვარს კი მერაბ დვალიშვილმა UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა.
ნიუ ჯერსიში გამართულ UFC 316-ზე სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და ქამარი შეინარჩუნა.
ბრძოლას აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესწრებოდა. გამარჯვების შემდეგ დვალიშვილი მასთან მივიდა, მილოცვა მიიღო და ფოტოც გადაიღო.
მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული გასული წლის სექტემბერში, სწორედ შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა და დღეს კარიერაში მეორედ დაიცვა. პირველად მან ეს იანვარში უმარ ნურმაგომედოვის ძლევის შემდეგ გააკეთა.
მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 24 შეხვედრის შემდეგ 20 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს. ეს მოგება მისთვის ზედიზედ მე-13 იყო. ამ მაჩვენებლით ის ხაბიბ ნურმაგომედოვს, დემეტრიუს ჯონსონს, ჯორჯ სენტ პიერს, მაქს ჰოლოუეისა და ჯონ ჯონსს გაუთანაბრდა. მათზე მეტი შეხვედრა ზედიზედ მხოლოდ კამარუ უსმანს, ისლამ მახაჩევსა (15) და ანდერსონ სილვას (16) აქვთ მოგებული.
ბოლოს ქართველი მებრძოლი 2018 წელს დამარცხდა, მას შემდეგ კი სუპერსმუბუქი წონის ქამრისკენ მიმავალ გზაზე UFC-ის ოთხ ყოფილ ჩემპიონს სძლია.