ნაწლავის მწვავე ანთებას ლოზანაში ფეკალური ბაქტერიებისგან დამზადებული ტაბლეტებით მკურნალობენ. ვოს კანტონის დედაქალაქ ლოზანის საუნივერსიტეტო კლინიკა გახდა პირველი შვეიცარიული საავადმყოფო, რომელმაც ასეთი მედიკამენტების წარმოების ნებართვა მიიღო.
საავადმყოფოს მიერ ორშაბათს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეკალური მიკრობიოტის ტრანსპლანტაციის (FMT) ლიცენზიის მიღებით, საავადმყოფო შვეიცარიაში პირველი ასეთი აკრედიტებული ცენტრი გახდება.
ზემოთ აღნიშნული მეთოდი (FMT) საჭირო ბაქტერიების შემცველი დონორის ნაწლავის შიგთავსის პაციენტის დაზიანებულ ნაწლავებში გადანერგვას გულისხმობს. ფეკალური ტაბლეტები გამოიყენება Clostridium difficil-ის ბაქტერიით გამოწვეული ნაწლავური ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც ხშირად მძიმე დიარეას იწვევენ. ამ ინფექციებს რეციდივების მაღალი მაჩვენებელი აქვთ. ლოზანის საავადმყოფოს ცნობით, მკურნალობის შემდეგ დაახლოებით ყოველი მეოთხე პაციენტი ხელახლა ავადდება.
ეფექტური მკურნალობა
საუნივერსიტეტო კლინიკის განცხადებით, ფეკალური მიკრობიოტის ტრანსპლანტაციის გამოყენებით ასეთი ინფექციების მკურნალობა გაცილებით უფრო ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე ჩვეულებრივი ანტიბიოტიკებით თერაპია. FMT-ის შემთხვევაში, განკურნების მაჩვენებელი 95%-ს აღწევს, მაშინ როდესაც ანტიბიოტიკებით მკურნალობა 30%-იან შედეგს იძლევა.
საუნივერიტეტო საავადმყოფოს თანამშრომლები, წამლის დასამზადებლად, დონორებისგან განავლის ნიმუშებს აგროვებენ და ლაბორატორიაში მისგან სასარგებლო ბაქტერიებს გამოყოფენ.
დონორების შერჩევის პროცესი ძალიან რთულია: საავადმყოფოს წარმომადგენლების თქმით, საჭირო ბაქტერიებს ათი პოტენციური დონორიდან მხოლოდ ერთის განავალი შეიცავს.
ასეთი პრეპარატებით მკურნალობის ხარჯებს ჯანმრთელობის დაზღვევა ჯერჯერობით არ ფარავს. საუნივერსიტეტო კლინიკის ცნობით, შესაბამისი განაცხადი ჯანდაცვის ფედერალურ დეპარტამენტში უკვე შევიდა.
მასალის გამოყენების პირობები