სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა სააგენტოს მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს მხრიდან რაიმე უკანონობას ჰქონდა ადგილი, ეს არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია, – ამის შესახებ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბექა გიუნაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სააგენტოში არსებული კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისთვის.
„აღნიშნული ქმედება მიზნად ისახავს სააგენტოს დისკრედიტაციას და ჩვენთვის მიუღებელია. საზოგადოებას მოვუწოდებთ, ნუ აჰყვებით დეზინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი პროგრამის დისკრედიტაციას. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ნებისმიერ ორგანიზაციას და სამსახურს, დაინტერესებისა და ოფიციალური მომართვის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვს, მიიღოს ოფიციალური დოკუმენტაცია სააგენტოსგან“, – განაცხადა ბექა გიუნაშვილმა.


