„საზოგადოება და ბანკები“ საზოგადოებას კიბერთაღლითების მორიგი სქემის შესახებ აფრთხილებენ.
სქემის თანახმად, თაღლითები მსხვერპლს პერსონალურ და საბანკო მონაცემებს ართმევენ, მათ სახელზე სესხს აფორმებენ და საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხებს ითვისებენ.
კიბერთაღლითების კიდევ ერთი ახალი სქემა!
თაღლითები მოქალაქეებს ბანკის წარმომადგენლის სახელით უკავშირდებიან და ატყობინებენ, რომ მათი სახელით უცნობი პირი სესხის აღებას ცდილობს.
მას შემდეგ, რაც მოქალაქე აცხადებს, რომ ამ ადამიანს არ იცნობს და სესხის გაცემას ეწინააღმდეგება, მასთან ცოტა ხანში კიდევ ერთი ზარი ხორციელდება და „უსაფრთხოების პროცედურების“ გავლის საბაბით სთხოვენ პერსონალური და საბანკო მონაცემების გაზიარებას, მათ შორის SMS-ით მიღებულ ერთჯერად კოდებს.
შედეგად, მიღებული ინფორმაციის გამოყენებით, თაღლითები მსხვერპლის სახელზე სესხს აფორმებენ და მის საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხებს ითვისებენ.როგორ დავიცვათ თავი?
ყოველთვის გადაამოწმეთ ზარის ავტორის ვინაობა და დაუკავშირდით ბანკს მხოლოდ ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებული საკონტაქტო არხებით.
არავის გაუზიაროთ მომხმარებლის სახელი, პაროლი, SMS-ით მიღებული ერთჯერადი კოდი ან ბარათის კონფიდენციალური მონაცემები.
გახსოვდეთ, ბანკს არანაირი ოპერაციისთვის არ სჭირდება მსგავსი კონფიდენციალური ინფორმაცია.
თუ საეჭვო ზარს ან შეტყობინებას მიიღებთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ბანკს ოფიციალური არხით; საჭიროების შემთხვევაში მოითხოვეთ ბარათისა და მობაილბანკის დაბლოკვა”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). კიბერთაღლითების მორიგი სქემა საქართველოში – „მსხვერპლის სახელზე სესხს აფორმებენ და თანხებს ითვისებენ“. 14 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/კიბერთაღლითების-მორიგი-ს/
