კასპის მუნიციპალიტეტში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს — საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იგოეთი-კასპი-მეფისქალაქის გზაზე 12-კილომეტრიანი მონაკვეთის სრულ განახლებას ახორციელებს.
სამუშაოები მე-9-დან მე-20 კილომეტრამდე მონაკვეთს მოიცავს. გზა იწყება დაბა კასპის ცენტრალური მოედნიდან და ძირითადად დაუსახლებელ ტერიტორიაზე გადის, თუმცა დასაწყის და საბოლოო მონაკვეთებზე მჭიდროდ დასახლებული უბნებია. გზის საფარი მნიშვნელოვნად დაზიანებული იყო და სასწრაფო ჩარევას საჭიროებდა.
ამჟამად პირველ რიგში ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და კიუვეტების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი კომპლექსურია და მრავალ კომპონენტს მოიცავს: სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაციის გარდა, გათვალისწინებულია ტროტუარების მოწყობა, წყალგამტარი მილების გაყვანა, მდინარე მტკვარზე არსებული ხიდის განახლება, საყრდენი კედლების მშენებლობა, სანიაღვრე ჭების მოწყობა, საგზაო ნიშნების განახლება და ჰორიზონტალური მონიშვნის განხორციელება. ასევე მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელი მიერთებები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება თითქმის 14,9 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება 2024 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.
Sheni Ambebi News
წყარო: primetime.ge

