იოგას როლი ძალიან დიდია ჩვენს ყოველდღიურ რუტინაში. გაიგეთ, თუ რა გზა გაიარა, რა მნიშვნელობა ჰქონდა და რა სირთულეებს გაუმკლავდა მარიამ ნინიკელაშვილი – სადჰგურუ გურუკულამის სერტიფიცირებული კლასიკური ჰათჰა იოგას მასწავლებელი.
1. როგორ დაიწყო თქვენი იოგას ისტორია?
ჩემი იოგას მოგზაურობა შინაგანი ძიებით დაიწყო. დაახლოებით შვიდი წლის წინ, აღმოვაჩინე სადჰგურუ – იოგი და ჰუმანისტი, რომელიც ცხოვრების ყველაზე რთულ და ღრმა საკითხებზე საოცრად მარტივად, უშუალოდ და პირდაპირ საუბრობდა. მისი სიტყვები ჩემთვის ახალი აღმოჩენა გახდა. იგი მხოლოდ თეორიას კი არ აზიარებს, არამედ გაძლევს პრაქტიკულ გზებს, თუ როგორ დაიწყო საკუთარ თავზე მუშაობა.
პირველი ნაბიჯი შინაგანი ინჟინერიის პროგრამა იყო, რომელიც ონლაინ გავიარე. მალევე მივხვდი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. იოგა ასანების პრაქტიკისთვის ბელგიაში წავედი, რადგან იმ დროს ევროპაში ან ინდოეთში იყო საჭირო გამგზავრება, იშას (სადჰგურუს მიერ დაარსებული ორგანიზაცია) პროგრამების გასავლელად.
2. როგორ ეხმარება იოგა ადამიანებს?
იოგა უბრალოდ ფიზიკური ვარჯიში არ არის. ეს მეცნიერებაა იმისა, თუ როგორ უნდა ვიყოთ სამყაროსთან სრულ ჰარმონიაში. თუ ადამიანმა იცის, როგორ მართოს თავისი სხეული, გონება, ემოციები და ენერგია, მისი ცხოვრება ბუნებრივად ჰარმონიული ხდება.
იოგას რეგულარული პრაქტიკა, გარდა სხეულის მოქნილობისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა, ხელს უწყობს სტრესისა და შფოთვის შემცირებას. ზრდის კონცენტრაციის უნარს და გეხმარება ცხოვრების თვალსაწიერის გაფართოებაში.
3. რომელიმე ქვეყანაში ხომ არ ჩაგიტარებიათ ან აპირებთ იოგას პროექტებს?
ამჟამად ჩემი მთავარი ფოკუსი საქართველოა, რადგან მსურს, კლასიკური ჰათჰა იოგა და სადჰგურუს შექმნილი პროგრამები ჩემს ქვეყანაში უფრო ხელმისაწვდომი გავხადო.
თუმცა სამომავლოდ გეგმაში საერთაშორისო პროექტებიც მაქვს.
4. როგორია თქვენი იოგას სწავლების სტილი და მიდგომა?
სწავლების მეთოდი სრულიად განსხვავებულია იმ იოგას პროგრამებისგან, რომლებსაც დღეს უმეტესად შეხვდებით. ეს არ არის მხოლოდ ვარჯიშების შესრულება ან ინსტრუქციების მიცემა. ეს არის პრაქტიკის გადაცემა, ისე, როგორც ის საუკუნეების განმავლობაში მასწავლებლიდან მოსწავლეზე გადაეცემოდა.
სწავლების დროს მნიშვნელოვანია შესაბამისი გარემოს შექმნა, რომ არ დაიკარგოს შესაძლებლობა, ადამიანმა უფრო ღრმა გამოცდილება მიიღოს. ამისთვის კი აუცილებელია, რომ ყველა დეტალზე კარგად იყოს ნაფიქრი.
5. თქვენი აზრით, როგორია სხვადასხვა კულტურის დამოკიდებულება იოგას მიმართ?
იოგას მიმართ დამოკიდებულება სხვადასხვა კულტურაში განსხვავდება. ზოგიერთ ქვეყანაში იგი აღიქმება, როგორც უბრალოდ ფიტნეს პრაქტიკა, მაშინ როცა სხვაგან მას სულიერი განვითარების გზად უყურებენ.
საქართველოში იოგა ჯერ კიდევ ვითარდება, მაგრამ ინტერესის ზრდა აშკარაა. ჩემი მიზანია, ადამიანებს მივცე შესაძლებლობა, გამოსცადონ იოგა არა მხოლოდ როგორც სხეულის ვარჯიში, არამედ როგორც ტრანსფორმაციისა და თვითშემეცნების გზა.
6. შეგიძლიათ გაგვიზიაროთ განსაკუთრებული გამოცდილება ან საინტერესო შემთხვევა, რომელიც იოგას სწავლებასთან იყო დაკავშირებული?
ყოველი იოგას პროგრამა თავისებურად განსაკუთრებულია. ვიყო ამ პროცესის ნაწილი და გავუზიარო ადამიანს ის პრაქტიკები, რომელსაც მისი ცხოვრების გაუმჯობესება შეუძლია, ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა.
ყველაზე დიდ სიხარულს ის მომენტები მაძლევს, როცა მონაწილეები მეუბნებიან:
- „ეს ჩემი დღის საუკეთესო დასაწყისია.“
- „ასეთი სიმშვიდე დიდი ხანია არ განმიცდია.“
7. როგორ ეხმარება იოგა ადამიანებს ცხოვრების გაუმჯობესებაში?
იოგა ცხოვრების ყველა ასპექტზე ახდენს გავლენას, მათ შორის:
-
ურთიერთობებზე
-
სამუშაო პროდუქტიულობაზე
-
ემოციურ მდგომარეობაზე
იოგას საშუალებით ადამიანი უფრო ცნობიერად იწყებს ცხოვრებას, ნაკლებად რეაგირებს არაცნობიერად სიტუაციებზე და უფრო გაწონასწორებული ხდება.
8. როგორია თქვენი ხედვა იოგას მომავლის შესახებ სხვადასხვა კულტურაში?
თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი შინაგან ბალანსს ეძებს დაჩქარებული ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, რაც იოგას მიმართ ინტერესს აძლიერებს.
საქართველოში მსურს, რომ იოგა პოპულარული გახდეს მისი არსის სწორად აღქმით. ჩვენს რეგიონში ადამიანებს შინაგანი სიმშვიდე განსაკუთრებით სჭირდებათ.
9. როგორ არჩევთ ადგილებს, სადაც იოგას კლასებს ატარებთ?
იოგას სწავლებას შესაბამისი გარემო სჭირდება – მშვიდი, სუფთა და დადებითი ენერგიების მატარებელი სივრცე. ამიტომ, როდესაც სივრცეს ვარჩევ, ვუყურებ არამხოლოდ ფიზიკურ ადგილს, არამედ იმასაც, როგორ იმოქმედებს ის ადამიანზე.
10. რა რჩევას მისცემდით მათ, ვისაც სურს იოგას დაწყება?
იოგას დასაწყებად იდეალური დრო ყოველთვის ახლაა. არ არის საჭირო განსაკუთრებული მოქნილობა ან რაიმე წინასწარი ცოდნა.
მთავარია, მიმღებლობითა და მზადყოფნით მიუდგეთ პროცესს. იოგა არის მოგზაურობა, რომელიც თანდათან უფრო ღრმა ხდება და ცხოვრების ყველა ასპექტს ცვლის.
ამიტომ, უბრალოდ დაიწყეთ…
საინტერესო ბმულები:
დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ, მარიამ ნინიკელაშვილის ოფიციალურ გვერდებს: