კვირა, მარტი 29, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„იმდენის თქმა მინდა და თან, საერთოდ არაფრის თქმა არ შემიძლია. ემოციურად სრულიად...

„იმდენის თქმა მინდა და თან, საერთოდ არაფრის თქმა არ შემიძლია. ემოციურად სრულიად დაცლილი ვარ. დღევანდელი სიმძიმის, ამ უდიდესი დანაკარგის შემდეგ, როცა ჩვენი უწმინდესი მიწას მივაბარეთ, ვფიქრობ, რა შეიძლება ითქვას იქ, სადაც სიტყვები უძლურია“-ირაკლი ყიფიანი

პოლიტოლოგი და სტრატეგიული პროცესების ანალიტიკოსი ირაკლი ყიფიანი მორიგ პოსტს აქვეყნებს:
„იმდენის თქმა მინდა და თან, საერთოდ არაფრის თქმა არ შემიძლია. ემოციურად სრულიად დაცლილი ვარ. დღევანდელი სიმძიმის, ამ უდიდესი დანაკარგის შემდეგ, როცა ჩვენი უწმინდესი მიწას მივაბარეთ, ვფიქრობ, რა შეიძლება ითქვას იქ, სადაც სიტყვები უძლურია. და სწორედ ამ ფიქრებში ერთ ძველ, მაგრამ დღევანდელობასავით ცოცხალ ისტორიას წავაწყდი:
ილია ჭავჭავაძე დიმიტრი ყიფიანს „ჩვენს ხუროთმოძღვარს“ და „გულთა-სრულ კაცს“ უწოდებდა, აკაკი კი – „ჩვენ მოძღვარს“. 1887 წლის ოქტომბერში, სტავროპოლიდან ჩამოსვენებულ დიდებულ მამულიშვილს მთელი საქართველო მოასვენებდა. პროცესიას გზადაგზა უამრავი ადამიანი ემატებოდა, მგლოვიარეთა რაოდენობამ გრანდიოზული სახე მიიღო. პატივსაცემი ცხედრის წინაშე მთაწმინდაზე სიტყვა წარმოუთქვამს აკაკის. ილიასთვისაც უთქვამთ, ხომ არ ეტყვით გამოსამშვიდობებელსო, რაზეც მას უპასუხია: „რა ამბავსაც აქ ვუყურებთ, ამას არავითარი სიტყვა არ სჯობიაო“…
ჩამოწვა ღამე. საუკუნეზე მეტი გავიდა და დღეს საქართველო კვლავ დადგა ამ დიდი, მრავლისმთქმელი სიჩუმის წინაშე. ქართველმა ერმა დღეს, ალბათ, პირველად იგრძნო ასეთი მძაფრი, საყოველთაო ობლობა.
დღისით, ტაძრისკენ მიმავალ გზაზე, თითქოს მთელი საქართველო ეგებება თავის მწყემსმთავარს. ეს აღარ იყო უბრალოდ პროცესია, ეს იყო ცოცხალი ლიტურგია ღია ცის ქვეშ. სიტყვები დღეს ზედმეტი, ყალბი და უსუსურია იმ სიმძიმესთან შედარებით, რამაც სული გაგვიყინა. ნახევარი საუკუნის განმავლობაში ის იყო ჩვენი ერის მტვირთველი — კაცი, რომელმაც საკუთარ მხრებზე შეიდგა უმძიმესი ჯვარი დაცემული და დაქსაქსული ქვეყნის გასამთელებლად. მან ყველაზე ბნელ წლებში გვაპოვნინა სინათლე და შეგვახსენა, რომ ქრისტეს გარეშე არ არსებობს არც სამშობლო, არც თავისუფლება და არც მომავალი.
ახლა, როცა თავადაც ვდგავართ ამ დიდებულ და სევდიან კორდონში, მიმოვიხედოთ ირგვლივ. ემოციისგან დაცლილები, სიჩუმეში ვგრძნობთ, რომ ეს ერთობა არ დაწერილა ქაღალდზე. ის მისმა უსაზღვრო სიყვარულმა გამოჭედა ჩვენს გულებში. ქრისტიანისთვის გარდაცვალება მარადისობაში გადასვლაა და მიუხედავად იმისა, რომ მიწიერად დავკარგეთ ის, ვინც ყველაზე მეტად ლოცულობდა ჩვენთვის, ვიცით – ახლა ზეცა უფრო ახლოსაა ჩვენთან.
ამ მძიმე ღამეს, როცა გრძნობ, როგორ დუმს ერი და როგორ ლოცულობს ერთად მიწაც და ზეცაც, ფიზიკურად შეიგრძნობ იმ დიდი ილიას სიტყვების ჭეშმარიტებას.
მართლაც, რა ამბავსაც დღეს ჩვენ ვუყურებთ, ამას არავითარი სიტყვა არ სჯობია.“
ირაკლი ყიფიანი
  „ვიტამინები/ მინერალები და შამპუნი/კრემები ლილო/რუსთავში მზადდება!!!“ - გიორგი ფხაკაძე რუსთავში დაცვის კომპანიის ოფისში ფალსიფიცირებული არყების დამზადების ფაქტს ეხმიანება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი