ახალგაზრდა იაპონურმა პოლიტიკურმა პარტიამ, „გზა აღორძინებისკენ“ (Reiwa Shinsengumi), განაცხადა, რომ მისი ახალი ლიდერი ხელოვნური ინტელექტი იქნება.
The Japan Times-ის ცნობით, პარტია მიმდინარე წლის იანვარში პატარა ქალაქ აკიტაკატას ყოფილმა მერმა, შინჯი იშიმარუმ დააარსა. ხელოვნური ინტელექტი პარტიის ლიდერის პოსტზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც თავად იშიმარუ ივნისში ტოკიოს ასამბლეის და ივლისში ქვეყნის პარლამენტის ზედა პალატის წარუმატებელი არჩევნების გამო გადადგა, რადგან პარტიის ყველა კანდიდატმა წააგო.
შიდაპარტიულ არჩევნებში კი ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტმა, 25 წლის ასპირანტმა კოკი ოკუმურამ გაიმარჯვა. გამარჯვების შემდეგ მან განაცხადა, რომ პარტიის ლიდერი ხელოვნური ინტელექტი იქნება, ხოლო თავად კი მის მთავარ თანაშემწედ იმუშავებს.
„გზას აღორძინებისკენ“ არ აქვს მკაფიო პოლიტიკური პლატფორმა – პარტიის წევრებს საკუთარი პროგრამების ფორმირება შეუძლიათ. ოკუმურას განმარტებით, ხელოვნური ინტელექტი არ უკარნახებს პარტიის წევრებს, როგორ მოიქცნენ პოლიტიკურად. მისი ამოცანა პარტიის წევრებს შორის ფინანსებისა და სხვა რესურსების განაწილება იქნება.