„ალილოს“ წევრი, საბა კემულარია ჟურნალ „სარკის“ კითხვებს პასუხობს ოჯახური ცხოვრებასთან დაკავშირებით.
როგორ შეხვდით თქვენს სიყვარულს, რომელიც თქვენი მეორე ნახევარი გახდა?
პროექტის დასრულებიდან ძალიან მალე გავიცანი კესო სოციალური ქსელით. ბედმა დიდი საჩუქარი გამომიგზავნა მისი სახით, ჩემი ადამიანია. ამას მაშინვე მივხვდი, გაცნობისთანავე დიდი სულიერი სიახლოვე ვიგრძენით. სწორედ ის გოგონა დავინახე, გამოვიცანი, ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა და არც შევმცდარვარ.
ნიკოლოზი გვყავს, რომელმაც უფრო გაალამაზა ჩვენი ყოფა, გაგვაბედნიერა, ბევრ რამეზე დაგვაფიქრა, ბევრ რამეს ვსწავლობთ გზადაგზა. შვილის მოფერება, ზრუნვა, მის მომავალზე ფიქრი დიდი სიხარული ყოფილა.
მის დაბადებას უშუალოდ დაესწარით, როგორც ამას ბევრი მამა აკეთებს დღეს?
იმდენად ვნერვიულობდი, როცა ნიკოლოზი იბადებოდა, ვერაფრით შევძელი მშობიარობაზე დასწრება. როცა მომავალ შვილზე ვფიქრობდი, ყოველთვის მინდოდა, პირველივე დღეებიდან ჩავრთულიყავი მის აღზრდაში. ასეც ვარ, მაქსიმალურად ვეხმარები ცოლს, ყველაფერს ვუკეთებ ნიკოლოზს. ასეც უნდა იყოს. თუ შენ შეგიძლია შეუმსუბუქო შრომა მეუღლეს, რატომ არ უნდა გააკეთო ეს? რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, რაც შვილთან ურთიერთობაა? ეს ისეთი სითბო და სინაზეა, სიტყვებით ვერ გამოხატავ.
ცოლ-ქმარს რომანტიკისთვის ისევ გრჩებათ დრო?
ეს აუცილებელია. როგორი დიდი სიყვარულიც უნდა იყოს, დროთა განმავლობაში თუ არ მოუარე, როგორც ყვავილი, არ მორწყე, არ მოეფერე, სული არ შეუბერე, აუცილებლად გახუნდება. ვცდილობ, ჩემი მეუღლე რომანტიკულ პაემნებზე დავპატიჟო, პატარ-პატარა სიურპრიზებით გავანებივრო.
კესო პოპულარულ, სიმპათიურ ქმარზე არ ეჭვიანობს?
არ ვიცი, შეიძლება ცოტაოდენი განცდები ჰქონდეს, მაგრამ მე არ მაგრძნობინებს. ჩვენ ისეთი ურთიერთობა გვაქვს, ერთმანეთის სიყვარულსა და ერთგულებაში ეჭვი არ გვეპარება.
მასალის გამოყენების პირობები