აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი პოსტს აქვეყნებს:
„ჰისტერექტომიის დაგეგმვისას დღემდე ხშირად ისმის კითხვა: თუ საშვილოსნო ამოსაღებია, საკვერცხეებიც ხომ არ უნდა ამოიკვეთოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალი მენოპაუზის ასაკშია ან ორსულობას აღარ გეგმავს?
ეს ორი გადაწყვეტილება ერთმანეთისგან მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს.
დიდი ხნის განმავლობაში საკვერცხეებს ძირითადად მხოლოდ რეპროდუქციულ ორგანოებად განვიხილავდით. როდესაც მენოპაუზის შემდეგ ოვულაცია და მენსტრუაცია სრულდება, ხშირად ჩნდება შთაბეჭდილება, რომ საკვერცხემ თავისი ფუნქციაც დაასრულა.
მაგრამ Science-ის ქალთა ჯანმრთელობის სპეციალურ ნომერში გამოქვეყნებული ახალი პერსპექტივა სწორედ ამ მოსაზრებას სვამს კითხვის ნიშნის ქვეშ:
ნამდვილად კარგავს თუ არა საკვერცხე მნიშვნელობას მენოპაუზის შემდეგ?
მენოპაუზის შემდეგ ოვულაცია აღარ ხდება და რეპროდუქციული ჰორმონების ციკლური გამომუშავება წყდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საკვერცხე ბიოლოგიურად სრულად „ითიშება“.
მენოპაუზის შემდეგ საკვერცხე სრულად არ ჩერდება: ზოგიერთი მონაცემით, ის კვლავ განაგრძობს ანდროგენების, მათ შორის ტესტოსტერონის, გამომუშავებას. ამასთან, ახალი კვლევები აჩვენებს, რომ ასაკთან ერთად იცვლება მისი იმუნური და ანთებითი აქტივობაც. თუმცა, იმ ფაქტს, თუ რა გავლენა აქვს ამას ქალის საერთო ჯანმრთელობაზე, მეცნიერება ჯერ კიდევ სწავლობს.
მაგრამ მთავარი აზრი უკვე მნიშვნელოვანია:
მენოპაუზის შემდეგ საკვერცხე არ არის უბრალოდ „დასრულებული“ ორგანო. მისი ბიოლოგიური მნიშვნელობის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი.
და სწორედ ამ ახალი ცოდნის ფონზე ხდება განსაკუთრებით აქტუალური მეორე, ძალიან პრაქტიკული კლინიკური სიახლე, ACOG-ის, ამერიკის მეან-გინეკოლოგთა კოლეჯის, 2026 წლის განახლებული რეკომენდაციები საკვერცხის კიბოს პრევენციის შესახებ.
დღეს უკვე დაგროვილია ძლიერი პათოლოგიური და ეპიდემიოლოგიური მტკიცებულება, რომ საკვერცხის კიბოს ყველაზე გავრცელებული და აგრესიული ფორმის, მაღალი ხარისხის სეროზული კარცინომის, დიდი ნაწილი იწყება არა უშუალოდ საკვერცხეში, არამედ ფალოპის მილის ბოლო ნაწილში, ფიმბრიებში.
სწორედ ამიტომ ACOG-მა გააძლიერა რეკომენდაციები ოპორტუნისტული ორმხრივი სალპინგექტომიის შესახებ. ეს ნიშნავს ორივე ფალოპის მილის სრულ მოცილებას მაშინ, როდესაც პაციენტს უკვე უტარდება შესაბამისი ოპერაცია სხვა მიზეზით.
ეს არ არის მხოლოდ ამერიკული დისკუსია: FIGO, მეან-გინეკოლოგთა საერთაშორისო ფედერაციაც, მხარს უჭერს ოპორტუნისტულ სალპინგექტომიას, როგორც საკვერცხის კიბოს რისკის შემცირების სტრატეგიას, განსაკუთრებით საშუალო რისკის ქალებში, რომლებმაც რეპროდუქციული გეგმები დაასრულეს.
ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ქალს სჭირდება ცალკე ოპერაცია მხოლოდ ფალოპის მილების მოსაშორებლად.
საუბარია სხვა სიტუაციაზე: თუ ადამიანს უკვე აქვს დაგეგმილი ჰისტერექტომია, სხვა გინეკოლოგიური ოპერაცია, რომელიც მუცლის ღრუში შესვლას მოითხოვს, ან სურს მუდმივი ქირურგიული კონტრაცეფცია და მომავალში ორსულობას აღარ გეგმავს, ექიმთან უნდა განიხილოს ერთი მნიშვნელოვანი კითხვა:
არის თუ არა ჩემს შემთხვევაში მიზანშეწონილი ორივე ფალოპის მილის სრულად მოცილება საკვერცხის კიბოს რისკის შესამცირებლად?
საშუალო რისკის მქონე პაციენტებისთვის ACOG ახლა რეკომენდაციას აძლევს მეან-გინეკოლოგებს, ჰისტერექტომიის დროს, პაციენტთან ინფორმირებული განხილვისა და თანხმობის შემდეგ, რუტინულად ჩაატარონ ორმხრივი სრული სალპინგექტომია. ხოლო მუდმივი კონტრაცეფციის მსურველთათვის მილების სრული მოცილება უპირატეს მეთოდად არის დასახელებული ტუბების ლიგაციასთან ან ნაწილობრივ სალპინგექტომიასთან შედარებით.
„ოპორტუნისტული“ ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ კიბოს პრევენციის შესაძლებლობა გამოიყენება უკვე დაგეგმილი ოპერაციის დროს, და არა იმას, რომ გადაწყვეტილება სწრაფად ან ზედაპირულად მიიღება.
მთავარი საკითხი კი სწორედ ეს არის, ფალოპის მილების მოცილება შესაძლებელია საკვერცხეების შენარჩუნებით.
ფალოპის მილები ბუნებრივი ორსულობისთვის აუცილებელია, მაგრამ ისინი საკვერცხის ჰორმონებს არ გამოიმუშავებს. ამიტომ მხოლოდ მილების მოცილება ქირურგიულ მენოპაუზას არ იწვევს. არსებული მონაცემებით, დაგეგმილ ოპერაციასთან დამატებული სალპინგექტომია, როგორც წესი, არ ზრდის სერიოზული გართულებების რისკს და მოკლევადიან პერიოდში საკვერცხის ფუნქციაზე უარყოფითი გავლენა არ გამოვლენილა. გრძელვადიან შედეგებზე დაკვირვება კვლავ მნიშვნელოვანია.
საკვერცხეების მოცილება სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილებაა. განსაკუთრებით მენოპაუზამდე, ორივე საკვერცხის მოცილება ქირურგიულ მენოპაუზას იწვევს და ბევრად უფრო ფართო, ინდივიდუალურ განხილვას საჭიროებს.
სწორედ ამიტომ კიბოს პრევენცია და საკვერცხეების შენარჩუნება ურთიერთგამომრიცხავი მიზნები არ არის. ზოგიერთ შემთხვევაში ორივე მიზნის გათვალისწინება შესაძლებელია ფალოპის მილების მოცილებით და საკვერცხეების შენარჩუნებით.
კიბოს პრევენცია არ უნდა ნიშნავდეს საკვერცხეების ავტომატურ მოცილებას.
თანამედროვე მიდგომა უფრო ზუსტია: თუ არსებობს შესაძლებლობა, შევამციროთ კიბოს რისკი ფალოპის მილების მოცილებით და ამავე დროს შევინარჩუნოთ საკვერცხეები, ეს უნდა გახდეს ინფორმირებული საუბრის ნაწილი ექიმსა და პაციენტს შორის.
რეპროდუქციის დასრულება არ ნიშნავს საკვერცხის ბიოლოგიური მნიშვნელობის დასრულებას.
და კიბოს პრევენცია შეიძლება იყოს უფრო გონივრული, უფრო ზუსტი და უფრო ორგანოსშემნახველი.
ყველა გადაწყვეტილება ინდივიდუალურია. მასზე გავლენას ახდენს ასაკი, მენოპაუზური სტატუსი, ორსულობის სამომავლო გეგმები, ოპერაციის ტიპი, ოჯახური ონკოლოგიური ისტორია, გენეტიკური რისკი და პირადი პრიორიტეტები.
თუ ოჯახში ყოფილა საკვერცხის, ფალოპის მილის, პერიტონეალური, ძუძუს, პანკრეასის ან პროსტატის კიბო, ან ცნობილია BRCA1/BRCA2-ის პათოგენური ვარიანტი, ეს უკვე მაღალი მემკვიდრეობითი რისკის ცალკე კატეგორიაა. ასეთ შემთხვევაში საჭიროა გენეტიკური კონსულტაცია და ინდივიდუალური გინეკოლოგიურ-ონკოლოგიური გეგმა.
ინფორმირებული კითხვა ექიმთან ზოგჯერ პრევენციის პირველი ნაბიჯია.“
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). თუ საშვილოსნო ამოსაღებია, საკვერცხეებიც უნდა ამოიკვეთოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალი მენოპაუზის ასაკშია ან ორსულობას აღარ გეგმავს?. 6 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/თუ-საშვილოსნო-ამოსაღებია/
