თორნიკე რიჟვაძე საქართველოში დაბრუნებას აპირებს — ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ალეკო ახვლედიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი დირექტორის, ალეკო ახვლედიანის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე უახლოეს დღეებში საქართველოში დაბრუნდება და ჟურნალისტების შეკითხვებს საჯაროდ უპასუხებს.
„როგორც ვიცი, უახლოეს პერიოდში თავად თორნიკე გააკეთებს განცხადებას და გასცემს პასუხებს ყველა საინტერესო თემაზე. ამიტომ ამ ეტაპზე დამატებით ვერაფერს ვიტყვი. მისი განზრახვაა, თავად განმარტოს ყველაფერი და ინტერვიუში ისაუბროს არსებულ საკითხებზე,“ – აღნიშნა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, რიჟვაძეს ქვეყნის დატოვება არასდროს განუზრახავს და მისი გამგზავრების მიზეზები ცნობილია.
„მან ქვეყანა გარკვეული მიზეზებით დატოვა, თუმცა აპირებს დაბრუნებას უახლოეს დღეებში. ამასთან დაკავშირებით კონკრეტული დეტალები თავად გააჟღეროს,“ – აღნიშნა ახვლედიანმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, თითქოს ყოფილ აჭარის ლიდერს სთხოვდნენ ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას, ახვლედიანმა განაცხადა, რომ მსგავსი ინფორმაცია მას არ გააჩნია.
„მე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, რომ თორნიკე რიჟვაძესთან ვინმეს ამ საკითხზე უსაუბრია ან კორუფციულ საქმეებზე რაიმე შეკითხვები ჰქონიათ. ჩემი ცნობით, მის მიმართ არც ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება და არც რაიმე სამართლებრივი კითხვებია დასმული,“ – განაცხადა ახვლედიანმა.
მისი თქმით, იმ პერიოდში, როცა რიჟვაძემ ქვეყანა დატოვა, „კორუფციის საქმეებზე არც გამოძიება იყო დაწყებული და არც რაიმე პროცესი მიმდინარეობდა.“
ცნობისთვის, გამოძიება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, 7 ივლისის ღამეს თორნიკე რიჟვაძემ სწორედ მის სახლში, მისივე კუთვნილი იარაღიდან სცადა თვითმკვლელობა. ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
პროკურატურის ვერსიით თორნიკე რიჟვაძემ 7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, თვითმკვლელობა ალექსი ახვლედიანის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით მიიყანა.
საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული. რიჟვაძე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ტურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


