თბილისი მალე უმასპინძლებს განსაკუთრებულ საფეხბურთო ღონისძიებას — 16 მაისს, “დინამო არენაზე”, ლეგენდების სერიის მეორე მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან საქართველოს ეროვნული ნაკრების და “ბარსელონას” ვეტერანი ფეხბურთელები.
შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

მატჩის წინ, თბილისში გაიმართა ტრადიციული პრესკონფერენცია,
სადაც ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა თავიანთი ემოციები და მოლოდინები გამოთქვეს.
შოთა არველაძე:
“მადლობა ჩვენს სტუმრებს, რადგან ასეთი თამაშები ხშირად არ იმართება. გვინდა, მატჩი საზეიმო ვითარებაში ჩატარდეს და ასეთი გუნდები ხშირად გვსტუმრობდნენ. სავიოლა ნამყოფი არ იყო და თბილისი ძალიან მოეწონა. ახლა ჩამოსვლა რთულია, სეზონის ბოლოა და ყველას უამრავი საქმე აქვს. იმედია, ვინც თამაშზე მოვა, ძალიან ისიამოვნებს”.
კახა კალაძე:
“მინდა, მადლობა გადავუხადო შოთას ამ თამაშის ორგანიზებისთვის. ასეთ მატჩებს სისტემატური ხასიათი ეძლევა და ეს ძალიან სასიამოვნოა. “ბარსელონა” დიდი გუნდია და ჩვენთან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. მადლობა ბიჭებს, რომ გამონახეს დრო და ჩამოვიდნენ ჩვენს ლამაზ დედაქალაქში. ვიცი, რომ “ბარსელონას” დღეს საღამოს რონალდინიოც შემოურთდება. წარმატება ყველას – ხვალინდელ შეხვედრაში, განსაკუთრებით – ჩვენს გულშემატკივრებს”.
იარი ლიტმანენი:
“ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ჩამოვედი. ჯერ კიდევ ვთამაშობ ფეხბურთს, არა – აქტიურად, მაგრამ შარშან 5 მატჩი ჩავატარე. მაკლია ფეხბურთი, ასეთ ლეგენდარულ გუნდთან ერთად თამაში საამაყოა, რადგან ამ “ბარსამ” დიდი ისტორია დაწერა. საქართველოში არ მითამაშია და იმედია, ხვალ ვისიამოვნებთ”.
ხავიერ სავიოლა:
“ჩემთვის დიდ პატივია აქ ჩამოსვლა. განსაკუთრებით გამახარა დახვედრამ, რადგან ფეხბურთი მხოლოდ მოედანი არ არის, მის მიღმა ურთიერთობებიც მნიშვნელოვანია. იმედია, გულშემატკივრები დიდ სიამოვნებას მიიღებენ, ქართველ გულშემატკივრებს სასიამოვნო მოგონებებს დავუტოვებთ და აქ კიდევ დავბრუნდებით.
ქართული ფეხბურთი განვითარების ეტაპზეა, ეს პატარა ქვეყნებისთვის შთაგონების საფუძველი შეიძლება გახდეს. იმედია, კიდევ უფრო განვითარდებით. ეტყობა, აქ კარგი მწვრთნელები მუშაობენ და საქართველოში ფეხბურთს დიდი ყურადღება ექცევა. მაგრამ მთავარი წარმატების შენარჩუნებაა”.
შეხვედრას დაესწრება ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდინიოც, რომელიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოდის თბილისში.
ორგანიზატორების თქმით, მსგავსი ლეგენდების სერია სამომავლოდ კიდევ გაგრძელდება.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია