თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს ქართველი გოგო მედეა იობაშვილი ეხმარება.
ასე მოხდა 16 წლის მარიამ კოხრეიძის და პატარა იოს შემთხვევაში.
სწორედ მედეას დახმარებით და შუამდგომლობით თურქმა ექიმმა ალტან ვაროლმა ოპერაციის ჰონორარი არ აიღო.
„ერთი რამ, რაც ძალიან მაწუხებს, არის ის, რომ მთელმა საქართველომ გამიცნო როგორც ექიმი. მე კი კოორდინატორი-თარჯიმანი ვარ მრავალი წარმატებული ექიმისთვის.
დიახ, ეს ძალიან რთულია, მაგრამ როცა ჩემს ქართველებს ასე აფასებენ და მათთვის ბევრ შეღავათს აკეთებენ, რაც არ უნდა დამღლელი იყოს, ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ.ძალიან ბევრ ბავშვს გაუვლია ჩემს ხელში, და მათ ყოველთვის ვახსოვარ როგორც ექიმი.
ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ყველა პროცედურის დროს მათ გვერდით ვარ – საოპერაციოში, გამოსაღვიძებელ ოთახში და რეანიმაციაშიც კი. მუდამ ვცდილობ, რომ მათ ნაკლები სტრესი და ტრამვა მიიღონ, არ შეშინდნენ და იცოდნენ, რომ ნემსს ვერავინ გაუკეთებს, სანამ არ დააძინებენ მაბედნიერებს ის, რომ თუნდაც მცირედით ვუმსუბუქებ მათ მდგომარეობას ამ უცხო მიწაზე, მძიმე დაავადებასთან ბრძოლაში. მე მიყვარს ჩემი საქმე და ის, რასაც ვაკეთებ.
როდესაც მეკითხებიან ექიმზე, ყოველთვის ვურჩევ ისე, როგორც ჩემი ოჯახის წევრისთვის შევარჩევდი. ხშირად ვეუბნები ექიმებს: „ვიცი, რომ პაციენტები არ გჭირდებათ, მაგრამ ხალხს თქვენ სჭირდებით.“12 წლის წინ ყველაზე ძვირფასი ადამიანი წამართვა არასწორმა დიაგნოზმა და მკურნალობამ. მაშინ ასეთი შანსები არ მქონდა…ჩემო დედიკო, ვიცი, რომ შენი სული ხარობს იმით, რასაც შენთვის ვერ შევძელი, მაგრამ დღეს ჩემს ქართველებს ვუკეთებ“, – წერს მედეა იობაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები