არის გარკვეული სფეროები, სადაც შესაძლოა ჯერ კიდევ საჭირო იყოს საქართველოში უცხოელი სპეციალისტის ჩამოყვანა, მაგრამ არის სფეროები, სადაც ჭარბად არიან უცხოელები წარმოდგენილი სექტორში და ამის არავითარი ობიექტური წინაპირობა არ არსებობს, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, ასეთთა რიგს განეკუთვნება მომსახურების სფერო.
„მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ თემის გაშუქებისთვის. ეს მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც საზოგადოებას რეალურად აწუხებს იმიტომ, რომ ბუნებრივია, როდესაც სახელმწიფოში ვსაუბრობთ ადამიანების კეთილდღეობაზე, იქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ამ მიმართულებით, რაღაც წარმატება რომ ჰქონდეს ქვეყანას, უკავშირდება დასაქმების უფლების რეალიზებას. დასაქმებისთვის, გარკვეული უპირატესობის მინიჭება, გარკვეული ინტერესის დაკმაყოფილება და დაცვისთვის მექანიზმების შემოტანა ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია.
რაც შეეხება თვითონ რეგულირებას და შინაარსს, მოგეხსენებათ, რომ ამასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უკვე გამოქვეყნებულია. სისტემა გახლავთ უხეშად რომ ვთქვათ, დაახლოებით ასეთი. რა თქმა უნდა, რომ არის გარკვეული სფეროები, სადაც შესაძლოა ჯერ კიდევ საჭირო იყოს საქართველოში უცხოელი სპეციალისტის ჩამოყვანა, მაგრამ არის სფეროები, სადაც ჭარბად არიან უცხოელები წარმოდგენილი სექტორში და ამის არავითარი ობიექტური წინაპირობა არ არსებობს. ასეთთა რიგს განეკუთვნება მომსახურების სფერო, რომელიც თქვენ ახსენეთ, იგივე ტაქსების მომსახურება, სადაც მძღოლი შესაძლოა იყოს და იგივე, ეს უკავშირდება გიდებს. არ მგონია ამ შემთხვევაში, რომ მაგალითად ქართული კულტურული ძეგლების უცხოელებისთვის გაცნობის ან ზოგადად, ექსკურსიაზე მიმავალი ადამიანისთვის უკეთესი გიდობა შეძლოს და ამის აუცილებლობა არსებობდეს, რომ უცხოელები ქართველებთან თანაბრად საქმდებოდნენ. მგონია, რომ ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, ჯანსაღია ასეთი მიდგომა და ასეთ დროს, ბუნებრივია კანონმდებლობა ამ ყველაფერს მხარში უნდა ამოუდგეს, დაიცვას დიახ, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის მოქალაქეთა შრომითი ინტერესები, რომლებიც გააჩნიათ“, – აღნიშნა მან.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებითვე, კონსულტაციების შედეგად გამოიკვეთა, რომ არის რამდენიმე სექტორი, სადაც ობიექტურად არსებობს ამგვარად დარეგულირების საჭიროება.
„რაც შეეხება დანარჩენ სფეროებს, აქაც მოლოდინი გვაქვს, რომ თვისობრივად უნდა შეიცვალოს მდგომარეობა და ყველა მიმართულებით, სადაც კი საჭიროება ექნება, მათ შორის ინვესტორს, ადგილობრივ მეწარმეს, რომ მაგალითად დასაქმებაზე გადაწყვეტილება მიიღოს უცხოელი თუ საქართველოს მოქალაქე, ბუნებრივია მას ექნება ვალდებულება გარკვეული პრიორიტეტი მიანიჭოს. პირველ რიგში, მოიკითხოს შრომითი რესურსები, რომელიც არსებობს ადგილობრივი კადრების სახით. მას შემდეგ, თუკი აღმოჩნდება, რომ ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს საქართველოში, ასეთ შემთხვევაში ეძებოს გარეთ ადამიანები, ვისაც დაასაქმებენ“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.


