ჩვენ საზოგადოებას მუდმივად ვახსენებთ, რომ ის საფრთხეები, რომელიც განსაკუთრებით 2022 წლიდან იყო საქართველოსთან მიმართებით, არასად გამქრალა, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ.
მისივე თქმით, ბლაჟევიჩი და მსგავსი ადამიანები მუდმივად ცდილობენ, რომ საქართველოში მოაწყონ რევოლუცია, საქართველოში დაამხონ კონსტიტუციური წესრიგი.
„მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების შედეგად მიიღო ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისგან და ის მიზანმიმართულად, გეგმაზომიერად, პრაგმატულად აკეთებს იმას, რომ ქვეყანას აარიდოს ის საფრთხეები, რაც მომდინარეობს გარედან, ჩვენ პერიოდულად ვხედავთ მცდელობებს, როგორც ბლაჟევიჩის გამოჩენა ამ პროცესში, ასევე ჰერჩინსკის დღევანდელი განცხადება ერთმანეთთან არის კავშირში.
ეს ადამიანები მუდმივად ცდილობენ, რომ საქართველოში მოაწყონ რევოლუცია, საქართველოში დაამხონ კონსტიტუციური წესრიგი, ჩამოაშორონ ხელისუფლებას „ქართული ოცნება“ და გადაულოცონ მათ გამოგზავნილ მარიონეტებს, რომლებიც ყველაფერს დაუფარავად შეუსრულებენ.
გუშინ ჩვენ ვნახეთ მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც ფლობს გაცილებით დიდ ინფორმაციას, ვიდრე თითოეული ჩვენგანი. ეს ადამიანები დღეს თითქოს უარყოფენ იმას, რომ არანაირ ტრენინგებს ადგილი არ ჰქონია, ბლაჟევიჩთან კონტაქტი არ ჰქონიათ, არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ ის საფრთხეები, რაც მომდინარეობდა გარედან, არ გამქრალა.
დღეს სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და ნებისმიერი მცდელობა აღიკვეთება და ყველა მონაწილე პირი უმკაცრესად დაისჯება“, – აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს. ინსტრუქციებს, ოპოზიციასთან ერთად, რამდენიმე ორგანიზაცია იღებს. მათ შორის არიან: მოძრაობა „ფარი-ერთობა“, ორგანიზაცია „წერტილი“ და „მომავლის აკადემია“.


