სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარირადიორადიო “პოზიტივის” დღის ამბები 30 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 30 ოქტომბერი

დღის ამბები პოზიტივზე

დღის ამბები –

1-ელ ნოემბერს, ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.  უწყების ცნობით, ამ დროის მონაცემებით, 240 ათას 288 ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნა.  ქონების გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2024 წლის წლიური დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1-ელი ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.

….

მიმდინარე წელს, სუბსიდირებული იპოთეკური სესხი 1 208 ოჯახს დაუმტკიცდა. ამის შესახებ  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოდან“ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე იუწყება. მათივე ცნობით, “სუბსიდირებული იპოთეკური სესხის” პროგრამის შესაბამისად გაცემული სესხის ჯამურმა მოცულობამ 162 529 609 ლარი შეადგინა.

….

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი, ნათია იოსელიანი აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში კვლავ გრძელდება ვირუსულად იმგვარი ვიდეოების გავრცელება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს არასწორი აღქმები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მთვლელი „აპარატების ამონაწერებით მანიპულაციაზე“ საუბრობს და მიმართავს დაინტერესებულ პირებს, მთვლელი აპარატებიდან მიღებულ ამონაწერებთან თუ შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით ინფორმაციას გადამოწმების გარეშე ნუ გაავრცელებენ, კითხვების შემთხვევაში მათ შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და მიიღონ კვალიფიციური და კანონისმიერი განმარტებები. – აღნიშნულია ინფორმაციაში.

….

16 ნოემბერს, საქართველო-უკრაინის მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მისი რეალიზაცია TKT.GE-ზე 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, მატჩი ბათუმში გაიმართება, ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. „უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მეექვსე შეხვედრას საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ 19 ნოემბერს გამართავს. მატჩი ჩეხეთში, ქალაქ ოლომუეცში გაიმართება. საქართველოს გულშემატკივრისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 1 ნოემბერს, 12:00 საათზე TKT.GE-ს საშუალებით დაიწყება. ბილეთის ფასი 13 ევროს ეკვივალენტი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია”, – აღნიშნულია საქართველოს ნაკრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

….

ესპანეთში, წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა. წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ცხედრები აღმოაჩინეს. ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, ალბასეტეს პროვინციაში, ლეტურის მუნიციპალიტეტში, 6 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

….

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დღეს, 30 ოქტომბერს 11:00-დან 18:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში.  ენერგომომარაგება შეეზღუდებათ სოფლებს – გუდაური, ციხისძირი, ზემო მლეთა, და მიმდებარე სოფლები.  11:30-დან 18:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში – მუხრანი, ქანდა, პატარა ქანდა, ქ.მცხეთაში აღმაშენებლის ქუჩაზე.  15:30-დან 18:30 საათამდე დენი დროებით გაითიშება სოფელი დიღომში ცამეტი ასურელი მამის, ბიძინა ბარათაშვილის, ვაჟა ფშაველას, სარგის კაკაბაძის, ილია შეყლაშვილის, ავთანდილის, მარიამ უგრელიძის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, ქედის უბანში. ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

….

გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სანაპირომდე საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებს ვიწყებთ – პროექტის მიზანია, ქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და საავტომობილო მოძრაობის განტვირთვა, – აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება და ორი თვის ვადაში დასრულდება.

….

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, საბერძნეთის დედაქალაქში გამართულ ჩრდილოეთ ამერიკისა და ცენტრალური ევროპის აეროპორტების თემატიკისადმი მიძღვნილ რიგით 28-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.  ირაკლი ქარქაშაძემ, რომელიც კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იყო, რეგიონული აეროპორტების განვითარებაზე, აეროდრომებისა და საჰაერო სივრცის უსაფრთხოდ მართვაზე ისაუბრა. ასევე, ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს აეროპორტებში ბოლო პერიოდში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სიახლეები გააცნო.

….

სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების განხორციელებაზე, ახალი საწარმოების შექმნასა და ადგილობრივების დასაქმებაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ არაბული კომპანიის „Fadox International Assets Holding” გენერალურ მენეჯერთან ჯამალ ალ-სალაჰატისთან შეხვედრა გამართა.  შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება აღმოსავლეთ საქართველოში ნუშის ბაღების გაშენებას და გადამმუშავებელი საწარმოების შექმნას დაეთმო. მინისტრი სოფლის მეურნეობაში ახალი ინვესტიციების განხორციელებას მიესალმა და აღნიშნა, რომ სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, ყველა ინვესტორს მაქსიმალურ მხარდაჭერას გამოუცხადებს.

….

დღეს ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესსპიკერი, სტეფან დე კეერსმაიკერი ავრცელებს. მისივე ცნობით, გაფართოების ანგარიში გაფართოების პროცესში ჩართული 10 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს შესახებ შეფასებებს მოიცავს. ანგარიშს ოფიციალურად ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი წარადგენს.

….

გლდანის „ა“ მიკრორაიონში, N55-58 კორპუსების მიმდებარედ უმძიმეს მდგომარეობაში არსებული სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა გლდანის რაიონის გამგეობას პროექტის განხორციელებისთვის.  ,, ტერიტორიაზე განთავსდა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოეწყო გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დაიდგა ჩოგბურთის მაგიდები. მნიშვნელოვანი ნაწილი გამწვანებას დაეთმო, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, დაიგო რულონური ბალახი. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.’’-განაცხადა კახა კალაძემ.

….

მუნიციპალიტეტის მერია თბილისის ზღვის სანაპირო ზოლის მოწესრიგებას გეგმავს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და შესაბამისი პროექტის მომზადება-განხორციელება მერის მოადგილეებს, ანდრია ბასილაიასა და ირაკლი ბენდელიანს დაავალა. კალაძის თქმით, საჭიროა სანაპირო ზოლის სათანადოდ მოწყობა, რადგან ამჟამად არსებული მდგომარეობა არანაირ სტანდარტს არ შეესაბამება. მისივე თქმით, მოქალაქეებს ტერიტორიაზე უნდა ჰქონდეს პარკირებისა და სივრცის შესაბამისად გამოყენების შესაძლებლობაც. „დავიწყოთ პროექტის განხორციელება, რომ მოვაწყოთ ისეთი სივრცე, სადაც ადამიანებს სრულყოფილი განტვირთვის შესაძლებლობა ექნებათ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

….

2025 წლის აპრილიდან, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია დაიწყებს ოპერირებას. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, Lufthansa-ს გლობალურ საავიაციო ჯგუფში შემავალი ავიაკომპანია Edelweiss-ი ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 2025 წლის 12 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავიაკომპანიასთან ორწლიანი აქტიური მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.

….

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თინათინ რუხაძე თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 101-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო და პირადად მიულოცა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის ეს მნიშვნელოვანი დღე. ღონისძიების სტუმრებმა მოისმინეს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართვა; ასევე სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა, ალი ქაან ორბაიმ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. შესრულდა თურქეთისა და საქართველოს ჰიმნები.

….

არგენტინაში, ბუენოს აირესის პროვინციაში 10-სართულიანი სასტუმრო ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, არიან გადარჩენილებიც. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სასტუმრო რეაბილიტაციის გამო დახურული იყო. ვრცელდება ასევე ცნობები, რომ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა სამშენებლო სამუშაოები, ტექნიკური შეუსაბამობის გამო, მიმდინარე წლის აგვისტოში შეაჩერა. მიუხედავად ამისა, ობიექტზე რემონტი მაინც მიმდინარეობდა. მომხდარის გამო დაკავებულია 4 პირი.

….

მხოლოდ სიტყვების ბრახაბრუხი რომ არ იყოს, კეთილი ინებოს, მიბრძანდეს და ამ ყველაფერთან დაკავშირებით კონკრეტული ფაქტები წარადგინოს, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით პროკურატურაში დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვაზე დაბარებას. კალაძის თქმით, არჩევნების გაყალბებაზე საუბარი თვალებში ნაცრის შეყრაა.   შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურაშია დაბარებულია.

….

მუხიანის დასახლებაში რადიოქალაქის პროექტის პირველი ფაზა დასრულდა. დასრულებულ სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანსა და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო. პროექტს თბილისის მერიის კონცეფციით ახორციელებს კომპანია „ინდუსტრიული ქალაქი“, რომელმაც 2019 წელს აუქციონის გზით შეისყიდა ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორია. კახა კალაძემ პროექტი შეაფასა და განმახორციელებელ კომპანიას მადლობა გადაუხადა.

….

„ხობი 2“ ჰესი არის ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც საბჭოთა პერიოდის შემდეგ საქართველოში აშენდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “ხობი 2” ჰესის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სადგურის დადგმული სიმძლავრე არის 44,5 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის გამომუშავება – 202 მლნ კვტ/სთ.

….

სამწუხაროა, როცა ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობოები და პრეზიდენტი „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში გაწერილი სცენარის მიხედვით გარედან იმართებიან, – ამის შესახებ „საზოგადოება ქართულის“ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში გაწერილი სცენარის მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, წარიმართა ოპოზიციური სპექტრისა და არასამთავრობოების ორკესტრირებული და გარედან მართული საპროტესტო კამპანია არჩევნების ცნობის წინააღმდეგ.

….

ამერიკაში ლიდერების ახალი თაობის დროა, – ამის შესახებ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა კაპიტოლიუმის წინ შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა.

….

საქართველოში, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 8.2%-ით გაიზარდა, ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რიცხვი კი 16.2%-ით – ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში. უფრო კონკრეტულად, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 841 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.2 პროცენტით მეტი) 8 566.1 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 34.6 პროცენტით მეტი). ნებართვების 73.8 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47.4 პროცენტი მოდის თბილისზე, 10.1 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.2 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 8.1 პროცენტი – კახეთის რეგიონზე.

….

საქართველოში სარეცხის მანქანებთან, მაცივრებთან, ნათურებთან და სხვა მოწყობილობებთან ერთად, წყლის გამაცხელებლების რეალიზაციის წესიც იცვლება. საუბარია, ენერგოეტიკეტირებაზე, რომელიც მყიდველისთვის თვალსაჩინო ადგილას, გასაგებ, ამასთან, ქართულ ან ინგლისურ ენებზე უნდა იყოს განთავსებული. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ უკვე გამოსცა და სხვა რეგულაციებთან ერთად, 2025 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ წყლის გამაცხელებლების, წყლის გამათბობლის, ცხელი წყლის შემნახველი ავზის, წყლის გამათბობლისა და მზის პანელის კომპლექტების რეალიზაციის დროს, ზედ განთავსებული უნდა იყოს პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის შემცველი ეტიკეტი.

….

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2024 წლის იანვარ-სექტემბრის კონსოლიდირებული ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, ბანკებმა ცხრა თვე 2 301 830 000 ლარის წმინდა მოგებით დახურეს. ზარალზე კი 17-დან 5 ბანკი გავიდა. ანგარიშგებების მიხედვით, 2024 წლის ცხრა თვეში ერთ მილიარდს გადააჭარბა „საქართველოს ბანკის“ წმინდა მოგებამ და 1 120 236 000 ლარი შეადგინა. შესაბამისად, გამოდის, რომ მხოლოდ ერთი ბანკზე მთლიანი კომერციული ბანკების წმინდა მოგების 48.6% მოდის. მოგების მაჩვენებლით მეორე ადგილზეა „თიბისი ბანკი“, საანგარიშო პერიოდში აღნიშნულმა ბანკმა 894 778 000 ლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც მთლიანი მოგების 38.6%-ია.

….

მსოფლიო ბანკის სასაქონლო ბაზრების პერსპექტივის ანგარიშის 2024 წლის ოქტომბრის მოხსენების თანახმად, მოსალოდნელია, რომ ოქროს საშუალო ფასი წელს რეკორდს მოხსნის და 2023 წლის საშუალოსთან შედარებით, 21%-ით გაიზრდება. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ოქროს ფასი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია აქტივებს შორის, ხშირად იზრდება გეოპოლიტიკური და პოლიტიკური გაურკვევლობის პერიოდში, კონფლიქტების გათვალისწინებით, და რომ ოქროს საშუალო ფასი, სავარაუდოდ, 80%-ით მაღალი დარჩება, ვიდრე ხუთი წლის წინანდელი მაჩვენებელი იყო. ამავდროულად, სამრეწველო ლითონის ფასები, სავარაუდოდ, სტაბილურ კურსს გაჰყვება 2025-2026 წლებში, რადგან ჩინეთის უძრავი ქონების სექტორის სისუსტე დაბალანსებულია მიწოდების მკაცრი პირობებით.

….

მსხვილი ავიაკომპანიები ჩინეთიდან ფრენაზე უარს აცხადებენ. რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის შედეგ, ევროკავშირმა, ბრიტანეთმა და ბევრმა დასავლელმა ქვეყანამ რუსული თვითმფრინავების ფრენის აკრძალვა მოითხოვეს. საპასუხოდ რუსეთმაც დახურა მათთვის საჰაერო სივრცე და ბევრი ევროპული ავიაკომპანია აიძულა, აზიამდე მისასვლელად უფრო გრძელი გზა გამოეყენებინათ. მეტი მანძილი კი მეტ საწვავს ითხოვს, მითუმეტეს, რომ ჩინური ავიაკომპანიებისთვის რუსეთის ცა ღიაა და ისინი ევროპაში უფრო სწრაფად და უფრო იაფად დაფრინავენ, ვიდრე მათი კოლეგები.

დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი