დღის ამბები პოზიტივზე
დღის ამბები -„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 სექტემბერს 11:00-დან 17:00 საათამდე, აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ძეგვი, ძველი ქანდა, ნიჩბისი, შიომღვიმის ტერიტორია და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე მცხეთაში არმაზის ქუჩაზე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
****
დღის ამბები -ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საგზაო მოძრაობა დღეს ღამით ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შეზღუდვა ღამის 12 საათიდან დილის 6 საათამდე იმოქმედებს.
****
საქართველოს საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების პროგრამების განხორციელება იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოს მასშტაბით საპილოტედ შერჩეულ 20 საჯარო სკოლის ბაზაზე განხორციელდება.
სამინისტრო, პროფესიული უნარების სააგენტოსთან ერთად, თითოეულ სკოლაში საინფორმაციო შეხვედრებს ღია კარის დღის პრინციპით გამართავს.
****
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბას მიმდებარედ ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ. ცეცხლის ქრობის პროცესში დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი ჩაერთო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველების მიერ სალოკალიზაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
****
შეერთებულმა შტატებმა “ჰამასის” ლიდერს, იაჰია სინვარს და დაჯგუფების კიდევ რამდენიმე ცნობილ ფიგურას გასული წლის 7 ოქტომბერს ისრაელში განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, „ჰამასის“ ექვს წევრს შვიდი ბრალდება წაუყენეს, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეების მკვლელობა, ტერორიზმის დასაფინანსებლად შეთქმულება და მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება.
****
დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო, 4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის რეისებს შტადლერის მატარებლის ნაცვლად, „ჯრტს“ ტიპის მატარებელი შეასრულებს.
როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ განმარტავენ, სამგზავრო ვაგონების განსხვავებული ტევადობის გამო, მგზავრებს დამატებით მოემსახურება ორსართულიანი კომფორტული ავტობუსი.
გაუქმებულ რეისებზე ბილეთის თანხა მგზავრებს 100%-ით ეტაპობრივად 30 დღის განმავლობაში აუნაზღაურდებათ.
****
4 სექტემბრიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღება იწყება.
კახა კალაძის თქმით, სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა ყოველწლიურად ვითარდება და პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ფინანსური მხარდაჭერა 20 000-მდე სტუდენტს გაეწია.
****
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვერის პარკის რეაბილიტაციას იწყებს. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ვერის პარკი დაცულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსით და მისი ძირეული გარდაქმნა ან შეცვლა არ იგეგმება.
****
აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა, ლექს ფრიდმანის პოდკასტში საუბრისას უკრაინის ხელისუფლება დაღუპულთა რაოდენობის დამალვაში დაადანაშაულა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რატომ ფიქრობს, რომ ისინი ამას აკეთებენ.
ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში დადებს შეთანხმებას უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ.
მან ომში უკრაინელთა მხრიდან დაღუპულთა რაოდენობაზე ისაუბრა და რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მათი რეალური რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე ხალხი ფიქრობს.
****
კომპანია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ქსელის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 6100 აბონენტს გაზის მოწოდება დროებით შეუწყდება.
კომპანიის ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 5 სექტემბრის 17:00 საათიდან და დასრულდება 22:00 საათისთვის.
„თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
****
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დღემდე არ დაფუძნებულა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, თუმცა, საჭიროება ნამდვილად არსებობს – ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებისა და მუნიციპალიტეტის განვითარების შესაძლებლობების გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, დროულად მიიღოთ ზომები პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დასაფუძნებლად! – ასე მიმართავს უფლებადამცველი სოფო ხორგუანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერს, და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გიორგი ამილახვარს.
მისი ცნობით, 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდში გაიცა დაპირება, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო დაწესებულებები დაარსდებოდა, თუმცა მისივე განცხადებით, აღნიშნული დაპირება არ განხორციელებულა.
****
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის 1-ელი აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 143 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევებიდან 13 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
****
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს ყაზანში, BRICS-ის სამიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრის გამართვას სთავაზობს.
„როგორც შევთანხმდით, ველოდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარეს, ბატონ სი ძინპინს, BRICS-ის სამიტზე, ვთავაზობ ორმხრივი სამუშაო შეხვედრის გამართვას ამ სამუშაოს ფარგლებში“, – განაცხადა პუტინმა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტთან, შეხვედრაზე.
****
ბორჯომის ხეობაში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს დაკვამლიანებული კერების დამუშავება. პრევენციის მიზნით, როგორც ავიაცია, ასევე ცოცხალი ძალა ადგილზე რჩება და მუშაობას განაგრძობენ.
ცეცხლის ქრობის პროცესში, დილიდან სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი მონაწილეობდა. ხანძრის ქრობის პროცესი რთულმა რელიეფმა გაართულა.
****
დღის ამბები -გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 სექტემბერს დღის ბოლოდან 6 სექტემბრის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.
სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
****
7 სექტემბრიდან, N310 მარშრუტზე მოძრავი ავტობუსი MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ცვლილება შეეხება აღნიშნული მარშრუტის სამოძრაო სქემასაც, რის შედეგადაც, ვარკეთილის დასახლების მცხოვრებლები პირდაპირ დაუკავშირდებიან საბურთალოს.
****
ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას აპირებს და პოლტავაზე რუსული თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახებს უსამძიმრებს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების წარმომადგენლის, პიტერ სტანოს განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი კვლავ ერთგულია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო მასალების კუთხით.
****
წელს „თბილისობის“ ჩატარებაზე 3 519 558 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული ღონისძიების ჩატარებისთვის, სამუშაოების შესყიდვის მიზნით დედაქალაქის მერიამ გამარტივებული შესყიდვა უკვე გამოაცხადა.
როგორც შესყიდვების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, წელს ღონისძიება 5 და 6 ოქტომბერს ჩატარდება.
****
2023 წელს, დასაქმებულთა დაახლოებით 25%-ს, რაც, დაახლოებით, 330 ათასი ადამიანია, სახელმწიფოს მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს.
ამ მხრივ, შემოსავლების სამსახურის მონაცემები საგანგაშოა.
****
მთავრობა პარლამენტისგან „საჯარო შესყიდვების შესახებ“ ახალი კანონის ძირითადი დებულებების ორი წლით გადავადებას ითხოვს – პარლამენტი დაჩქარებული წესით საკანონმდებლო პაკეტს იხილავს, რომლის დამტკიცებით აღნიშნული კანონი 2025 წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად, 2027 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.
****
შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანია „გამომყევი აჭარაში“ დასრულდა. კამპანიის პირველადი შედეგებით, აჭარის შესახებ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული კონტენტის წვდომამ (Reach) 200 მილიონს გადააჭარბა, რაც 100 მილიონით აღემატება გასული წლის შედეგებს. კამპანიის მონაწილე ინფლუენსერები და მოგზაურები ორი თვის განმავლობაში მოგზაურობდნენ აჭარაში და ასიათასობით შიდა ტურისტს აცნობდნენ აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს. ამ ეტაპზე, კამპანიის შედეგების ანალიზი მიმდინარეობს.
****
საქართველოში მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე 13.7%-მდე შემცირდა.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, ამავე პერიოდში სამუშაო ძალა 1.6 მილიონს აღემატებოდა, დასაქმებულთა რაოდენობა 1.38 მილიონზე მეტი იყო, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა კი 935.8 ათასს შეადგენდა.
ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში 451.5 ათასი პირი იყო თვითდასაქმებული, 219.7 ათასი ადამიანი კი უმუშევრად მიიჩნეოდა.
დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები