სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარირადიო“რადიო პოზიტივი”-ს დღის ამბები 8 ოქტომბერი

“რადიო პოზიტივი”-ს დღის ამბები 8 ოქტომბერი

დღის ამბები პოზიტივზე

დღის ამბები -„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ოქტომბერს 09:00-დან 09:10 საათამდე და 17:50-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ციხისძირი, ნიჩბისი, ხიდისყური, ახალი ნიჩბისი, ქვემო ნიჩბისი, ზემო ნიჩბისი, სასხორი, ძველი ქანდა და მიმდებარე სოფლებში; სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

….

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მე-8 კონგრესზე სიტყვით გამოვიდა. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები, სექტორის კიდევ უფრო განვითარებას უწყობს ხელს, რაც საბოლოოდ, თითოეულ პაციენტზე დადებითად აისახება. „შეხვედრაზე, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების უახლესი “გაიდლაინები” და ასევე კარდიოლოგიის, არითმოლოგიის, კარდიო-ონკოლოგიის და დიაგნოსტიკის აქტუალური საკითხები განიხილეს. კონგრესი, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ორგანიზებით, გულის მსოფლიო დღის ფარგლებში, გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს გულის ფონდმაც მიიღო.  აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

….

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დეტალურად ისაუბრა იმ მიღწევებზე და შედეგებზე, რომლებიც ყველა მიმართულებით თვალსაჩინოა. ეს შედეგები არაერთი კვალიფიციური საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მათი კვლევებითა და შეფასებებითაა დადასტურებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მედიასთან განაცხადა. მან ყურადღება გაამახვილა პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე, რომლის თანახმად, მომავალი 4 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის 3 მილიარდი ლარი გამოიყოფა და აღნიშნა, რომ ეს არის უპრეცედენტო თანხა, რაც მიმართული იქნება აგრარული დარგის დასაფინანსებლად.

….

თბილისში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან – ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ლაშა დარსალია. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდის გამართვა დაგეგმილია 2024 წლის 5-6 ნოემბერს“. -ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

….

თურქეთი თავისი მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით ლიბანში გემებს გაგზავნის, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლიბანიდან 2000-მდე თურქეთის მოქალაქის ევაკუაციის მიზნით საზღვაო ძალების ორი გემი მერსინის პროვინციის პორტს დღეს დატოვებს. თურქეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ლიბანიდან ევაკუაციის პროცესი საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლოა მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაშიც გაგრძელდეს.

….

თბილისის მოსახლეობის ნაწილს, დღეს, 8 ოქტომბერს, წყლის მიწოდება შეუწყდება – ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.  კომპანიის ცნობით, დღეს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკის რაიონში: ავთო ვარაზის, ფერმწერთა (ჩიხებით შესახვევებით), თვალჭრელიძის, ამბერკი ტაბიძის, თეიმურაზ კაკულიას, ბიწაძის, შარვაძის, ლეო კვაჭაძის, ზაალიშვილის, კედრის, ბანძელაძის, ქვემო აჟარისა და ზარწემის ქუჩებს.

….

კომპანია “თელასის” ცნობით, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. ისნის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მესხეთის, ყვარლის, ოლღა ბახუტაშვილის, ხომერიკის, უშაკოვის, და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონში კი 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის I, II, IV მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, თრიალეთის,  ჯავახეთის, კუპრაძის  და  მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას.

….

თბილისის 211-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ახალი სასწავლო წელი განახლებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში დაიწყეს. ახლად რეაბილიტირებულ სკოლაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე იმყოფებოდა, რომელიც განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა. ალექსანდრე წულაძის თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პარალელურად, სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს სკოლის შინაარსობრივი განვითარება და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მხარდაჭერა წარმოადგენს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარე წლის ბოლომდე ჯამში 100 საჯარო სკოლის სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება.

….

საქართველო მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და აღსრულების მაღალი სტანდარტისთვის დაჯილდოვდა. World Bank Group-მა საქართველო – მომხმარებლის უფლებების დაცვის, განცხადებების ეფექტიანად განხილვისა და საკითხის მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად გადაწყვეტის მიმართულებით სამიდან ერთ-ერთ ნომინაციაში გამარჯვებულად დაასახელა. ღონისძიებას, რომელიც 27 სექტემბერს ვაშინგტონში გაიმართა, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე დაესწრო. ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA), მსოფლიო ბანკისა (World Bank Group) და მომხმარებლის დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიღებული ჯილდო – საქართველოში, მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, საერთაშორისო გამოცდილებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვის მიმართულებით გადადგმული წარმატებული ნაბიჯების კიდევ ერთი დადასტურებაა.

….

ევროპარლამენტში პლენარულ სესიაზე დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ. საქართველოს შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი გააკეთებს. დებატების თემაა: „დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხე საქართველოში“. ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ევროპარლამენტარები ჯოზეფ ბორელთან ერთად განიხილავენ საქართველოში დემოკრატიის გაუარესებას ამ საკითხთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე ხუთშაბათისთვის დაგეგმილი კენჭისყრის წინ.

….

თბილისში, ზაქარიაძის ქუჩაზე უბედური შემთხვევის შედეგად 11 წლის მოზარდი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც დაღმართზე ამობრუნდა და წაიქცა. მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუმცა ექიმებმა ბიჭის გადარჩენა ვერ შეძლეს. მომხდარზე ინფორმაცია შსს-მ დაადასტურა, თუმცა უწყებაში დეტალებს არ აკონკრეტებენ. მათივე ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება.

….

ჯანდაცვის სამინისტრო, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან ერთად, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით, ახალ პროექტზე მუშაობს. პროექტის ფარგლებში იქმნება სპეციალური სახელმძღვანელო, რომელიც დედათა და ბავშვთა უწყვეტი მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას და მშობელთა ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. უკვე დასრულდა, სახელმძღვანელოს სამუშაო ვერსიაზე მუშაობა, რასაც ჯანდაცვის მინისტრი და იაპონიიდან სპეციალურად ჩამოსული ექსპერტები გაეცნენ. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმძღვანელო, ხუთი ძირითადი ნაწილისაგან შედგება და მოიცავს როგორც ორსულობის, ისე მშობიარობის, მშობიარობის შემდგომი, ჩვილობისა და 0-5 წლამდე ბავშვთა მეთვალყურეობის სტრატეგიას. ღონისძიების ბოლოს, ჯანდაცვის მინისტრმა, სამუშაო ჯგუფის წევრებს, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმძღვანელოზე მუშაობისას გაწეული წვლილისთვის სერტიფიკატები გადასცა.

….

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლია გიგაურმა შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჩრდილოეთ მინზუს ეთნიკური უმცირესობების უნივერსიტეტის წარმომადგენლობით დელეგაციასთან, რომელსაც უნივერსიტეტის ვიცე – პრეზიდენტი მაო იანდონგი ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრა ჩინეთის მხარის ინიციატივით გაიმართა და მიზნად ეთნიკური უმცირესობების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების გაცნობას და არსებული გამოცდილების გაზიარებას ისახავდა.

….

გაზმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გაზის მიწოდება 12500-მდე აბონენტს დროებით შეუწყდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. მათი ცნობით, გაზის მიწოდება 11 ოქტომბრის 09:00 სთ-დან დაიწყება. კომპანია მოსახლეობას ყურადღებისკენ მოუწოდებს, რათა გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში არ დატოვონ. გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის გამო, ოთხშაბათს, 9 ოქტომბრის 08:00 საათიდან 11 ოქტომბრის 08:00 საათამდე გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება: საბურთალოს რაიონში- გაგარინის,  ვაშლიჯვრის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების,  მარშალ გელოვანის გამზირის, სარაჯიშვილის, გოძიაშვილის, კვანტალიანის,ვაზისუბნის ქუჩის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ვეძისის დასახლების ნაწილს და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას.  “თბილისი ენერჯი” ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

….

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. რუსული მედიის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხი იქნება. მათივე ინფორმაციით, პუტინი, მოგვიანებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსაც მიიღებს. ცნობისთვის, ალიევი და ფაშინიანი მოსკოვში დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ, რომელსაც პუტინი უხელმძღვანელებს. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან ბელარუსის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები.

….

გარდაიცვალა განათლების სფეროს საერთაშორისო სივრცეში აღიარებული მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს აკადემიკოს პაატა კოღუაშვილის გარდაცვალების გამო, სამძიმარს უცხადებს.

….

ნიდერლანდში, მაასტრიხტში, ყოველწლიური ქაღალდის ფულის გამოფენაზე MIF 2024 პირველი ქართული საკოლექციო 8000 ევროიანი ბანკნოტი წარადგინეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, ქვეყნის პირველი საკოლექციო ევროს ბანკნოტის ლიმიტირებული გამოცემა 5000 ცალია, რომელიც კომპანია TRESURIUM-მა შეიმუშავა, დააფინანსა და შეიქმნა ევროპის ცენტრალური ბანკის თანხმობით. პირველი ქართული საკოლექციო ბანკნოტის წარდგენის ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

….

დაიწყება ლაგოდეხის შემოვლითი გზის მშენებლობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. მისივე შეფასებით, ეს პროექტი ამ ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. საბოლოო ჯამში, კახეთის მაგისტრალის დასრულების შემდეგ, თელავამდე მგზავრობას დასჭირდება, დაახლოებით, 1 საათი და 20 წუთი, რაც ყველაფრისთვის არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია მობილობისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის, ეკონომიკის განვითარებისთვის,“ – აღნიშნა კობახიძემ.

….

დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად, ლისის ტბაზე, საქველმოქმედო გარბენი გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა დაჭრილ-დაშავებული სამხედროების მხარდაჭერას. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვის ძალები, “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდთან” და “თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციასთან” ერთად მასპინძლობდნენ. საქველმოქმედო გარბენზე შემოწირულობის სახით 6000 ლარზე მეტი შეგროვდა, რომელიც სრულად გადაირიცხა “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში”. ფონდი სილქნეტის მიერ არის დაფუძნებული და 2018 წლიდან დღემდე 3 მილიონ ლარამდე დახმარება აქვს გაწეული დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების საჭიროებებზე.

….

ლიბანიდან ისრაელის ქალაქ ხაიფას მიმართულებით 85-მდე რაკეტა გაუშვეს, – ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ეს იყო „ჰეზბოლას“ მიერ ხაიფაზე განხორციელებული ყველაზე დიდი სარაკეტო შეტევა ომის დაწყების შემდეგ. თავდაცვის ძალების ცნობით, რაკეტების უმეტესობა წარმატებით მოიგერიეს, თუმცა რაკეტების ნაწილმა ქალაქში სახლები დააზიანა. მედიკოსების თქმით, თავდასხმის შედეგად 70-წლამდე ქალი დაშავდა.

….

საქართველოში 2024 წლის 8 თვეში 12 793 ახალი კომპანია დარეგისტრირდა. ამის შესახებ აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში. აღსანიშნავია ისიც, რომ 2019-2023 წლებში წლიურად ყველაზე მეტი რაოდენობის ეკონომიკური სუბიექტი 2019 წელს დარეგისტრირდა და 22 922 შეადგინა. ახლადრეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა 2020 წელს 18 ათასამდე შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო წელს ზრდა დაფიქსირდა, 2021 წლიდან 2023 წლის ჩათვლით ახალი კომპანიების რეგისტრაციის მაჩვენებელი კლების ტენდენციას აჩვენებს.

….

მიმდინარე წელს, საქართველოს საზღვარზე, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მცდელობის 318 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე აცნობეს. მათივე ცნობით, გასულ წელს კი სანქციების გვერდის ავლის მცდელობის 852 შემთხვევა დაფიქსირდა. „2024 წლის 1-ელი იანვრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს საზღვრიდან სანქციების გვერდის ავლის მცდელობის 318 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2023 წლის განმავლობაში 852 შემთხვევა აღირიცხა. აღნიშნული ფაქტების შემთხვევაში, საქონელი გაბრუნდა უკან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სანქციების გვერდის ავლის მცდელობისას, აგრეთვე დადგა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის საგამოძიებო სამსახურს გადაეცა,“ – აღნიშნულია წერილში.

….

პირველ გემებს ანაკლიის პორტი მიიღებს 2029 წლისთვის , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ანაკლიის პროექტის მხოლოდ პირველი ფაზის განმავლობაში, 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. „ამ პროექტის პირველი ფაზა დასრულდება 2029 წელს. პირველ გემებს ანაკლიის პორტი მიიღებს 2029 წლისთვის. 600 000 კონტეინერი წელიწადში, ეს იქნება ამ პორტის გამტარობა და 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება მხოლოდ პირველი ფაზის განმავლობაში. ეკონომიკური ზრდისთვის, ეს რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი პროექტია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

….

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 3 თვის განმავლობაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის, 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, გამოავლინეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა სახეობის თამბაქოს აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 260 ფაქტი, რის შედეგადაც ამოღებული აქციზური მარკის გარეშე თამბაქოს ნაწარმის საერთო რაოდენობამ შეადგენა 38 509 კოლოფი სიგარეტი, ხოლო შესაბამისი საქმის მასალები, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, გადაგზავნილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

….

საქართველოში ყოველ 288 წუთში ერთი ემიგრანტი ფიქსირდება, ანუ მიგრაცია დღეში 5 ადამიანს შეადგენს. ამის მიუხედავად, ქვეყანაში, მეზობელ სახელმწიფოებთან შედარებით, მიგრაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მოსახლეობა 2 ოქტომბრის მდგომარეობით 3,807.583 ადამიანს შეადგენს, რაც შარშანდელზე 0.06%-ით მეტია. ანალოგიურ მატებას 2025 წელსაც პროგნოზირებენ, თუმცა 2030 და შემდეგ წლებში მზარდი ემიგრაცია და შობადობის კლება მოსახლეობის მუდმივ შემცირებას გამოიწვევს. მაგალითად, 2030 წელს საქართველოს მოსახლეობა ერთ წელიწადში 0.08%-ით შემცირდება.

დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი