დღეიდან ატესტატების გაცემა დაიწყო

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სრული ზოგადი განათლების (მე-12 კლასი) დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის გასაცემად განცხადებების მიღება დღეიდან დაიწყო.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, ატესტატის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში.

„ატესტატის მისაღებად განაცხადი შეიძლება წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე სკოლადამთავრებულმა მოსწავლემ, ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა (მინდობილმა პირმა), ან, 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში, მშობელმა.

31 დეკემბრის ჩათვლით, მზა დოკუმენტი განცხადების ჩაბარებიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ გაიცემა.

მატერიალური ატესტატის მიღების შემდეგ დაინტერესებულ პირს შეუძლია ელექტრონული პორტალიდან – my.gov.ge ელექტრონული ატესტატის ჩამოტვირთვა, რომელსაც დედნის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს. ელექტრონული ატესტატის ჩამოტვირთვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, განცხადების ჩაბარებისას განმცხადებლისათვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში მითითებული განცხადების ნომრისა და კოდის მეშვეობით“, – აღნიშნულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.

სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება შესაძლებელი იქნება როგორც იუსტიციის სახლის ფილიალებში, ისე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში.

ატესტატის მისაღებად აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. განაცხადის შეტანა დამოუკიდებლად შეუძლიათ 17 წელს მიღწეულ პირებსაც.

იმ შემთხვევაში, თუ კურსდამთავრებულს შეცვლილი აქვს სახელი ან გვარი, საჭირო იქნება შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენაც.

ატესტატის გაცემის ვადები და მომსახურების საფასური შემდეგნაირია:

  • მე-10 სამუშაო დღეს – უფასოდ;
  • მე-5 სამუშაო დღეს – 25 ლარი;
  • მე-3 სამუშაო დღეს – 40 ლარი;
  • მე-2 სამუშაო დღეს – 55 ლარი;
  • განცხადების შეტანის დღესვე – 65 ლარი.

დოკუმენტის დაჩქარებული წესით მიღების მსურველებს შეუძლიათ სასურველი მომსახურების ვადა განაცხადის წარდგენისას შეარჩიონ.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). დღეიდან ატესტატების გაცემა დაიწყო. 22 ივნისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/დღეიდან-ატესტატების-გაცე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi