„დინამო” გაგრას აკადემიის 17 და 19 წლამდელთა გუნდებმა ბულგარეთის ქალაქ ბანსკოში საფეხბურთო შეკრება დაასრულეს. შეკრების დასრულების შემდეგ, გუნდის გენერალურმა დირექტორმა და „ევიმა სპორტის“ მენეჯერმა და მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს პრიზები გადასცეს.
საფეხბურთო კლუბ “დინამო” გაგრას 19 წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი თორნიკე ბურდული გასვლით შეხვედრებს აფასებს:
– როგორ შეაფასებთ ბულგარეთში განვლილ საფეხბურთო შეკრებას?
– ბულგარეთში განვლილი შეკრება რადიკალურად განსხვავებული გამოცდილება იყო, როგორც ფეხბურთელებისთვის ასევე ჩემთვის. რთულია ინატრო საქართველოში ისეთი ბუნებრივი სავარჯიშო მოედანი და პირობები რაც იქ დაგვხვდა, რამაც ფეხბურთელების ეიფორიაც კი გამოიწვია. საწყის დღეებში ჩავატარეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ვარჯიში, მაღალი ინტენსივობით, რამაც როგორც ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესება, ასევე ახალი ტაქტიკური მონახაზის შესწავლის საშუალება მოგვცა.
შეკრების ბოლო დღეები კი საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრებით დაიტვირთა. ზოგადად ყველა ქართული გუნდის პრობლემური საკითხია ეს და რა თქმა უნდა ჩვენთვისაც რთული გამოდგა, რადგან ეს ბიჭებისთვის საერთოდ პირველი გამოცდილება იყო, მაგრამ ჩვენ და სასიკეთოდ მინდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე კომპონენტით გაოცებულიც კი დავრჩი, მაგრამ სამუშაო რა თქმა უნდა ძალიან ბევრია.
– რა სირთულეებს წააწყდით მოსამზადებელი ეტაპის დროს?
– მოსამზადებელი ეტაპის დროს სირთულე ბევრი იყო, როგორც ზემოთ აღვნიშნე საფარი ბუნებრივი იყო, რამაც თავიდან რამდენიმე ფეხბურთელის ტრავმაც კი გამოიწვია, რთული იყო ხელოვნური საფარიდან ბუნებრივზე გადასვლა და ეს რა თქმა უნდა ლოგიკურიცაა. ასევე შეკრებაზე არ იმყოფებოდა გუნდის რამოდენიმე მნიშვნელოვანი წევრი, რამაც სიტუაცია ცოტა კიდევ უფრო გაართულა. ბიჭებისთვის ასევე რთული იყო დამღლელი მგზავრობის შემდგომ მომენტალურად შეკრებაზე გადართვა. მაგრამ უმთავრესი პრობლემა ის საერთაშორისო გამოუცდელობა იყო, სწორად რის აღმოფხვრასაც ჩვენ ვცდილობთ.”
– რა არის თქვენი გეგმა 2024 წლის საფეხბურთო სეზონში?
– ჩემმა გარშემო მყოფმა ადამიანებმა თავიდანვე იცოდნენ რაც იყო ჩემი გეგმა ამ ბიჭებთან ერთად, ბევრისთვის ეს შეუსრულებელ მისიას გავდა, მაგრამ ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ და უფრო მეტს გავაკეთებთ სეზონის განახლების შემდგომ. ჩვენი მიზანია, რომ არა მხოლოდ ეს კონკრეტული გუნდი, არამედ ჩვენი აკადემიის ყოველი გუნდი თამაშობდეს წნეხის და კარგი წინააღმდეგობის ქვეშ და სწორად ამიტომ ვთვლი, რომ ოქროს ლიგაში დაწინაურება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება, ამ ნაბიჯამდე შორია, მაგრამ სწორი, სამართლიანი და საქმის სიყვარულით გაკეთებული ნაბიჯები ამ საქმეს უფრო გაამარტივებს.
– როგორი კმაყოფილი ხართ ფეხბურთელების ფორმით და როგორ ფიქრობთ შესწევთ თუ არა ძალა იბრძოლონ ჩემპიონობისთვის?
– გუნდს, რომლის მთავარი მწვრთნელიც მე ახლა ვარ, შემიძლია დადასტურებულად ვთქვა, რომ ამ გუნდს და ბიჭებს ჩემზე უკეთ არავინ იცნობს, არავინ იცის მათი ძლიერი და სუსტი მხარეები ჩემზე უკეთ, ერთი რამე ცხადია, რომ ისინი ერთ მუშტად შეკრული, რთულად დასამარცხებელი გუნდია და ეს ყოველთვის ასე იქნება, ესაა ის რისი პირობაც შემიძლია ნებისმიერ ადამიანს მივცე, დანარჩენს საქმისადმი სწორი მიდგომა და უმთავრესი უფალი გადაწყვეტს. თუ კი კონკრეტულად ჩემპიონობაზე ჩემი აზრია საინტერესო, მარტივად გეტყვით, რომ ამ ბიჭებს ყველაფერი შეუძლიათ, იმაზე მეტი ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია და მათ არაერთხელ დაუმტკიცებიათ ეს.
primetime.ge
მასალის გამოყენების პირობები