თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე მოსმენილ იქნა დაცვის მხარის მოწმე — მსჯავრდებული ანდრია ლილუაშვილი.
დაცვის ადვოკატმა, ლანა ცერცვაძემ, განაცხადა, რომ ბრალდების მხარის ვერსია სინამდვილეს არ შეესაბამება. მისი თქმით, ბრალდება ამტკიცებს, თითქოს ანდრია ლილუაშვილი სუს-ის ყოფილ მეთაურთან ქრთამის სახით ფულს ატანდა, თუმცა მოწმემ ეს ფაქტი სრულიად გამორიცხა. ადვოკატის განცხადებით, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა კი ხაზი გაუსვა, რომ ანდრია ლილუაშვილი ამ საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე უკვე არის მსჯავრდებული და მის მიმართ ბრალდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა. პროკურორმა ასევე განაცხადა, რომ ბრალდების მხარეს არ ჰქონდა მოლოდინი, რომ მოწმე სასამართლოში ბრალს აღიარებდა, ვინაიდან საკუთარი პროცესის დროსაც ის ყოველგვარ ბრალს უარყოფდა.
პროკურორმა ასევე მიუთითა, რომ ანდრია ლილუაშვილის სუს-ის შენობაში ინტენსიური ვიზიტები დოკუმენტურად დასტურდება — ეს გარემოება მის საკუთარ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით იქნა დადგენილი.
გრიგოლ ლილუაშვილს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედება ბრალად. ეს დანაშაული კანონმდებლობით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sheni Ambebi News
წყარო: primetime.ge

