გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელია. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც „უეფამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, თუ ევრო 2024-ის ფინალის შემდეგ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი არ გამოვლინდებოდა, „ოქროს ბუცი“ ჯილდოს სახით ყველა იმ ფეხბურთელს გადაეცემოდა, რომლებსაც გატანილი გოლების თანაბარი რაოდენობა აქვთ.
კერძოდ, დღეის მონაცემებით, ყველაზე მეტი, სამ-სამი გოლი გატანილი აქვთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს გიორგი მიქაუტაძეს, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელს ჯამალ მუსიალას, ინგლისელთა ფორვარდს ჰარი კეინს, ჰოლანდიელ ფეხბურთელს კოდი გაპკოს, ესპანეთის შემტევ ნახევარმცველს დანი ოლმოს და სლოვაკეთის ნაკრების თავდამსხმელ ივან შრანცს.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი დღეს გაიმართა. ერთმანეთს ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ფინალში ვერც ინგლისელმა კეინიმ და ვერც ესპანელმა ოლმომ გოლი ვერ გაიტანეს, შედეგად, „უეფა“ ექვსივე ფეხბურთელს ერთდროულად დააჯილდოებს და ოქროს ბუცს გადასცემს.
ესპანეთის ნაკრებმა ბერლინში გამართულ ფინალურ მატჩში ინგლისის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა და თავის ისტორიაში მეოთხედ ევროპის ჩემპიონი გახდა.
მატჩის 47-ე წუთზე ანგარიში ნიკო უილიამსმა გახსნა ლამინ იამალის საგოლე პასით.
კოულ პალმერმა ანგარიში 73-ე წუთზე გაათანაბრა.
საჩემპიონო გოლი მატჩის 86-ე წუთზე მიკელ ოიარსაბალმა გაიტანა.
მასალის გამოყენების პირობები