შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები ნარიმან მაქარაშვილის, იგივე ბერი ნიკოლოზის შესახებ საუბრობს და იხსენებს ისტორიას, თუ რატომ შეუჩერა მას კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმსახურება.
იოსებ შემოქმედელი ბერი ნიკოლოზის შესახებ აქამდე უცნობ ამბავს ჰყვება. ინტერვიუ რამდენიმე წლის წინანდელია:
“მსურს, გამოვეხმაურო ბერი ნიკოლოზის, იგივე ნარიმან მაქარაშვილის თემას, რომლის მრევლიც მთელ საქართველოში აქტიურ პროპაგანდას ეწევა. მე, როგორც შემოქმედელი მიტროპოლიტი, ბერ ნიკოლოზს ალბათ ყველა სასულიერო პირზე უკეთ ვიცნობ, რადგან ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ერთად ვმსახურობდით. მსურს, გაგიზიაროთ მოგონებები იმ წლების შესახებ, როდესაც მე და ბერი ნიკოლოზი სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ერთად ვიყავით.
1990 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მორჩილად მაკურთხა, ხოლო წინამძღვრად დეკანოზი დავითი (დათუაშვილი) – ამჟამად ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი – დაადგინა. 1991 წელს ბათუმიდან ნარიმან მაქარაშვილი, იგივე ბერი ნიკოლოზი ჩამოვიდა და ბერმონაზვნური ცხოვრების სურვილი გამოთქვა.
სულიერ თუ საერო ცხოვრებაზე ბევრჯერ გვისაუბრია. ვგრძნობდი და ვხედავდი, რომ მასზე დიდ გავლენას ახდენდა აღმოსავლური რელიგიები, კერძოდ, ბუდიზმი, კრიშნაიზმი და სხვა. იმედი მქონდა, წლების გასვლასთან ერთად იგი ქრისტიანულ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში კარგად განისწავლებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, მან ახალი მოძღვრება შექმნა, რომელიც დღითი დღე ახალ სექტად ყალიბდება.
იგი წირვა-ლოცვას ხშირად აცდენდა და მე, როგორც სვეტიცხოვლის წინამძღვარს, მის ნაცვლად მიწევდა წირვის ჩატარება. მამა ნიკოლოზი თავიდანვე დიდ ინტერესს იჩენდა ასკეტური ცხოვრებისადმი. ეს მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში მიღებულია და მომწონს კიდეც, მაგრამ მისი ასკეტიზმი სულ უფრო ემსგავსებოდა ფანატიზმსა და ხიბლს. ამის საილუსტრაციოდ მსურს, გავიხსენო ფაქტი, რომლის გამოც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მას მღვდელმსახურება შეუჩერა.
მამა ნიკოლოზი ხშირად მიმართავდა ასკეტიზმის უკიდურეს ფორმებს (შიმშილს, წყლისგან თავის შეკავებას), რომლებიც უმეტესად აღმოსავლურ რელიგიებს ახასიათებს. როგორც სვეტიცხოვლის იმდროინდელი წინამძღვარი, ვეკითხებოდი, თუ რატომ შიმშილობდა. ის კი მპასუხობდა: “ვინაიდან ვერ ვახდენ სასწაულებს, ვერ ვაცოცხლებ მკვდრებს, ვერ დავდივარ წყალზე და ა.შ., ამიტომაც ვშიმშილობ, რათა სასწაულმოქმედი გავხდე”. ანუ იგი ღმერთისგან სასწაულთმოქმედების უნარს ითხოვდა.
ერთ დღეს სვეტიცხოველში მამა ნიკოლოზის გამო შეწუხებული კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ჩამობრძანდა. პატრიარქმა მამაოს სთხოვა, მცირეოდენი საჭმელი მიეღო, რომელიც მისმა უწმინდესობამ საკუთარი ხელით გაუმზადა. მამა ნიკოლოზმა პატრიარქის მიერ მიწოდებულ დახეხილ სტაფილოზე მტკიცე უარი განაცხადა: “არა, თქვენო უწმინდესობავ, მე შიმშილით ჭეშმარიტება უნდა გავარღვიო”.
ბევრი საუბრისა და შეგონების მიუხედავად, მამა ნიკოლოზმა კათოლიკოს-პატრიარქის თხოვნა არ შეასრულა. მახსოვს მისი უწმინდესობის დამწუხრებული სახე. იგი ვერაფერს გახდა და გულდაწყვეტილი წავიდა. მეორე დღეს მისმა უწმინდესობამ დამიბარა და მაკურთხა, რომ მამა ნიკოლოზისთვის ჯვარი ჩამომეხსნა.
ამის შემდეგ 1995 წლამდე, სანამ შემოქმედელი ეპისკოპოსი გავხდებოდი, კვლავ ერთად ვცხოვრობდით. ღრმა პატივისცემის გამო, ალბათ, მე უფრო ვემორჩილებოდი მას, ვიდრე იგი – მე. მას აშკარად ეტყობოდა ხიბლი და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ჰქონდა. ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ ხშირად ვნახულობდი, მიმქონდა სანოვაგე და ვთხოვდი, ჩემთან ეპარქიაში წამოსულიყო. ჩემი სურვილისამებრ, მივხედავდი და ყოველმხრივ შევუწყობდი ხელს, თუმცა მან თბილისში დარჩენა არჩია.
ერთ დღესაც მე და ოთარ ნიკოლაიშვილი ვესტუმრეთ. მან წმინდა სამების დოგმატზე დაიწყო საუბარი და თქვა: “თუ იესო ქრისტე განკაცდა, რატომ არ შეიძლება, მამა ღმერთი განკაცდეს?! ჰოდა, მე ვარ ის მამა ღმერთი”. სიმართლე გითხრათ, მსგავსი მკრეხელობა და მწვალებლობა დედამიწაზე ჯერ არავის უთქვამს.
რამდენიმე წლის წინ მე და ოთარ ნიკოლაიშვილი მასთან მცხეთაში, ნათხოვარ ბინაში მივედით. თაფლი მივართვით. მადლობა კი გადაგვიხადა, მაგრამ სახლში არ შეგვიშვა. ამის შემდეგ გადავწყვიტე, აღარასოდეს მენახა, რათა უფრო მძიმე ცოდვაში არ ჩამეგდო.
ჩემთვის ასევე სამწუხარო იყო ის ფაქტიც, რომ იგი მამა გაბრიელის წესის აგებაზე არ მოვიდა. მახსოვს მამა გაბრიელის სიტყვები მის შესახებ: “მამა ნიკოლოზს ურჩობისთვის ღმერთმა გონება წაართვა!” ამას მამა გაბრიელის მომვლელი, მონაზონი დედა პარასკევაც დამიმოწმებს.
მიუხედავად დიდი პატივისცემისა, მინდა მივმართო ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანსა და მამა ნიკოლოზის თაყვანისმცემლებს: ხიბლსა და საკუთარი თავის დიდ სულიერ მამად აღიარებას ამპარტავნებამდე მივყავართ. სწორედ ამ ცოდვით დაეცა ნათლის ანგელოზი – ეშმაკი. უფალი იესო ქრისტე კი თავმდაბლობის, მორჩილებისა და სიყვარულის ნათელი მაგალითია.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და მოგცეთ ჭეშმარიტი სარწმუნოების ძალა და მადლი სრულიად საქართველოს, მამა ნიკოლოზსა და ყოველ ადამიანს. ამინ”, – იხსენებდა იოსებ შემოქმედელი.
მამა ნიკოლოზს უფალმა შეუნდოს და მიუტევოს!


