ანაკლიის პორტი 2027 წლის ბიუჯეტში: 155 მილიონი ლარი და გადაუჭრელი კითხვები

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტი პარლამენტს წარუდგინა. დოკუმენტში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯები ცალკე სტრიქონად არის გამოყოფილი — სულ 155 მილიონი ლარი, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით 60 მილიონი ლარით მეტს შეადგენს.

ეს თანხა ორ მიმართულებად ნაწილდება: 125 მილიონი ლარი განკუთვნილია უშუალოდ პორტის ინფრასტრუქტურის, ტალღმტეხელისა და ფსკერის დაღრმავების სამუშაოებისთვის, ხოლო დარჩენილი 30 მილიონი — პორტთან მისასვლელი გზის მშენებლობაზე.

პორტის სამშენებლო სამუშაოები ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან 2024 წლის აგვისტოში გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში მიმდინარეობს. თავდაპირველად კონტრაქტის ღირებულება 204 მილიონ დოლარს შეადგენდა, თუმცა 2026 წლის გაზაფხულზე იგი 150 მილიონ დოლარამდე შემცირდა — პარალელურად შემცირდა პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის ფართობი და ფსკერის დაღრმავების მასშტაბებიც.

მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტი კი გაცილებით გრძელვადიანია. 18-კილომეტრიანი საავტომობილო კორიდორის მშენებლობისთვის 2026 წლის ბიუჯეტში 45 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული — ძირითადად მიწის გამოსყიდვის მიზნით. 2027 წელს 30 მილიონი ლარის, 2028 წელს 150 მილიონი ლარის, 2029 წელს 170 მილიონი ლარის, ხოლო 2030 წელს კიდევ 40 მილიონი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. პროექტის სრული ღირებულება 442 მილიონ ლარს აღწევს.

- Advertisement -
Ad imageAd image

სწორედ ეს ვადები ქმნის გარკვეულ წინააღმდეგობას: მთავრობის განცხადებების თანახმად, ანაკლიის პორტმა პირველი გემები 2029 წელს უნდა მიიღოს, მაგრამ ბიუჯეტის პროექტიდან ჩანს, რომ მისასვლელი გზის მშენებლობა მხოლოდ 2030 წელს დასრულდება. ეს ნიშნავს, რომ პორტი ფაქტობრივად გზის გარეშე შეიძლება ამოქმედდეს.

კიდევ ერთი გახსნილი საკითხია პორტთან მისასვლელი რკინიგზა — 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში ამ ინფრასტრუქტურის დაფინანსების შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ არის მოცემული. ბიუჯეტში მხოლოდ ეს არის მითითებული, რომ როგორც გზის, ასევე რკინიგზის პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აზიის განვითარების ბანკთან (ADB) გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ივლისში საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის განვითარების კონცეფცია შეცვალა: კერძო ინვესტორის მოზიდვის ნაცვლად, პორტს სახელმწიფო ააშენებს, ამისთვის კი საერთაშორისო დონორებიდან დამატებით დაახლოებით 200 მილიონი დოლარის მოძიება იქნება საჭირო. პორტის ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო გეგმავს სატერმინალო ინფრასტრუქტურა გრძელვადიანი იჯარით გადასცეს კერძო ლოგისტიკურ ოპერატორებს. ეკონომიკის სამინისტრო ელოდება, რომ კერძო კომპანიები სატერმინალო ნაწილში 350–400 მილიონ დოლარს ჩადებენ.

Sheni Ambebi News

წყარო: bm.ge

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ანაკლიის პორტი 2027 წლის ბიუჯეტში: 155 მილიონი ლარი და გადაუჭრელი კითხვები. 1 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ანაკლიის-პორტი-2027-წლის-ბიუჯ/

გაუზიარეთ ეს სტატია