ისტორიული ეგვიპტური ქალაქი ალექსანდრია ზღვის დონის მატების გამო დანგრევის პირასაა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში ამ მიზეზით 280 შენობა ჩამოინგრა. კვლევა ცოტა ხნის წინ გამოცემაში Earth’s Future გამოქვეყნდა.
2 300 წლის ამ ზღვისპირა ქალაქში, რომელიც კლეოპატრასა და ალექსანდრიის ბიბლიოთეკის დამსახურებით გახდა ცნობილი, საფრთხის წინაშე კიდევ 7000 შენობაა. მხოლოდ 2014-2020 წლებში ქალაქში 86 შენობა მთლიანად განადგურდა, 201 კი ნაწილობრივ ჩამოიშალა. ამ ყველაფერს 85 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
“ამ დანაკარგის ნამდვილი ღირებულება აგურებისა და ცემენტის ფასს ბევრად აღემატება”, — წერს კვლევის თანაავტორი, ვიტერბის საინჟინრო სკოლის წარმომადგენელი, ესამ ჰეჯი. “ჩვენ ისტორიული ზღვისპირა ქალაქების თანდათანობით გაუჩინარების მომსწრენი ვხდებით, რაც საგანგაშოა. ის, რაც ოდესღაც შორეულ კლიმატურ რისკებად გვესახებოდა, ახლა უკვე ჩვენი რეალობაა”.
ზღვისპირა ქალაქებში შენობების ნგრევას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის ზღვის დონის მატება და ამის შედეგად მიწისქვეშა ფენებში წყლის შეჭრა. ეს ყველაფერი ნიადაგის ეროზიას იწვევს: მიწა იშლება, სითხე კი შენობის საძირკველში არსებულ ფოლადის არმატურას ასუსტებს, რაც ნაგებობებს არასტაბილურს ხდის და ნგრევის საფრთხის წინაშე აყენებს.
ოკეანური და ატმოსფერული კვლევების ეროვნული სააგენტოს (NOAA) მონაცემებით, 1880 წლიდან მოყოლებული, ზღვის დონემ გლობალურად 20-23 სანტიმეტრით მოიმატა, 1993 წლის შემდეგ კი — კიდევ 10 სანტიმეტრით. თუ კლიმატის ცვლილებას არ შევეწინააღმდეგებით, ვარაუდობენ, რომ აშშ-ში 2100 წლისთვის წყლის დონე, 2000 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 2.2 მეტრით მოიმატებს. next…