ისტორიაში პირველად – მეცნიერებმა ადამიანის კანის უჯრედიდან აღებული დნმ-ის განაყოფიერება შეძლეს

0
519
ისტორიაში პირველად - მეცნიერებმა ადამიანის კანის უჯრედიდან აღებული დნმ-ის განაყოფიერება შეძლეს

ამერიკელმა მეცნიერებმა, ადამიანის კანის უჯრედიდან ემბრიონის შექმნა ისტორიაში პირველად შეძლეს.

მათ ადამიანის კანის უჯრედები სხვა ადამიანის სპერმით განაყოფიერეს და შედეგად ადამიანის ემბრიონი მიიღეს. კვლევა ორეგონის ჯანმრთელობისა და მეცნიერების უნივერსიტეტში ჩატარდა.

აქამდე რეპროდუქტოლოგია ქალის კვერცხუჯრედის კაცის სპერმით განაყოფიერებით შემოიფარგლებოდა, რის შედეგადაც ისახება ემბრიონი, 9 თვეში კი ბავშვი ჩნდება. ახლა მეცნიერები წესებს ცვლიან. მათ ადამიანის მთლიანი გენეტიკური კოდის შემცველი უჯრედი კანიდან აიღეს და დონორის კვერცხუჯრედში მოათავსეს, რომელიც მანამდე გენეტიკური მასალისგან დაცალეს.

ანალოგიური ტექნოლოგია 1996 წელს, პირველი კლონირებული ძუძუმწოვრის, ცხვარი დოლის შესაქმნელად გამოიყენეს. თუმცა ამ შემთხვევაში, ასეთი კვერცხუჯრედი განაყოფიერებისთვის მზად არ არის, რადგან უკვე შეიცავს ქრომოსომების სრულ ნაკრებს. ადამიანი 23-23 ქრომოსომას მშობლებისგან იღებს, ამ კვერცხუჯრედს კი უკვე ჰქონდა 46 ქრომოსომა. ამიტომ შემდეგ ეტაპზე სპეციალისტებმა კვერცხუჯრედს ქრომოსომების ნახევარი „დააკარგვინეს“ და მხოლოდ მერე გაანაყოფიერეს.

სწორედ ამ ეტაპზე დაფიქსირდა მეთოდის მთავარი პრობლემა. კვერცხუჯრედი შემთხვევითობის პრინციპით ირჩევს ქრომოსომებს, რომლებსაც დაკარგავს, რაც მომავალი ემბრიონის განვითარებას პრობლემებს უქმნის.

„ჩვენ მივაღწიეთ იმას, რაც აქამდე შეუძლებლად ითვლებოდა. ეს ტექნოლოგია სრულყოფილებამდე უნდა მივიყვანოთ. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ეს არის ის გზა, რომლითაც მომავალი წავა, იმიტომ რომ სულ უფრო მეტ მშობელს არ შეუძლია ბავშვების ყოლა“, – განაცხადა ორეგონის უნივერსიტეტის პროფესორმა შოუხრათ მიტალიპოვმა.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს ტექნოლოგია ძალიან დიდ სიზუსტეს მოითხოვს, ამიტომ მის პრაქტიკაში დანერგვას ათწლეულები დასჭირდება. ის უნაყოფობასთან ბრძოლაში ასაკოვან ქალებს დაეხმარება, რადგან ახალი სიცოცხლის ჩასახვისთვის არა კვერცხუჯრედის, არამედ ადამიანის სხეულის ნებისმიერი სხვა უჯრედის გამოყენება იქნება შესაძლებელი. ამასთან, მეთოდი დაეხმარება ერთნაირსქესიან წყვილებს გენეტიკურად ორივე მშობელთან დაკავშირებული ბავშვების ყოლაში.

ექსპერტები ამ მიღწევას შთამბეჭდავ გარღვევას უწოდებენ, მაგრამ აცხადებენ, რომ მეცნიერების ახალი შესაძლებლობები საზოგადოებასთან ღია დისკუსიებს საჭიროებს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რატომ გვიჩნდება ყელში ბურთის გაჩხერვის შეგრძნება? როგორ დავძლიოთ ეს შეგრძნება? - განმარტება და მოგვარების გზები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ