სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმი„საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსი“ საკუთარი კვლევის შედეგებს აქვეყნებს - არაგადამდები დაავადებების...

„საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსი“ საკუთარი კვლევის შედეგებს აქვეყნებს – არაგადამდები დაავადებების მქონე პაციენტები და მათი მომვლელები…

„საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსის“ კვლევის თანახმად, ქვეყანაში არაგადამდები დაავადებების მქონე პაციენტები და მათი მომვლელები ურთულესი გამოწვევების წინაშე დგანან.

როგორც „არგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 250-ზე მეტი რესპონდენტის გამოკითხვის მიხედვით გამოვლენილი სისტემური პრობლემები ჯანდაცვის პოლიტიკის ფუნდამენტურ ცვლილებებს მოითხოვს.

„სისტემური პრობლემები პირდაპირ აისახება პაციენტების ცხოვრების ხარისხზე: სტიგმა და ფსიქოლოგიური ზეწოლა – სიმსუქნით, დიაბეტით და კიბოთი დაავადებული პაციენტები სტიგმისა და მოტივაციის ნაკლებობის გამო სამედიცინო დაწესებულებებს დროულად არ მიმართავენ, რაც მათ ფსიქიკურ მდგომარეობასაც აუარესებს;

დასაქმების პრობლემები – ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაცია ფინანსურ დაუცველობას იწვევს და სტრესს ზრდის;

ცნობიერების დაბალი დონე – არაგადამდები დაავადებების გამომწვევი რისკფაქტორების შესახებ საზოგადოების ნაკლებ ინფორმირებულობა ხელს უწყობს დაავადებების დაგვიანებულ დიაგნოსტიკას;

სერვისების მიუწვდომლობა – პაციენტები, განსაკუთრებით რეგიონებში, კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტს განიცდიან და სპეციალიზირებული სამედიცინო მომსახურების მისაღებად ხანგრძლივი ლოდინი უწევთ;

რეაბილიტაციის სერვისების ნაკლებობა – ონკოლოგიური პაციენტებისთვის, ინსულტგადატანილი პირებისა და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებისთვის არასაკმარისი სარეაბილიტაციო სერვისები მათი გამოჯანმრთელების პროცესს აჭიანურებს.

კვლევების შედეგად ასევე გამოვლინდა სერიოზული გამოწვევები, რომლებსაც ქრონიკული პაციენტების მომვლელები აწყდებიან: მხარდამჭერი სერვისების უქონლობა უკიდურესად ამძიმებს მომვლელთა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ამიტომაც მომვლელთა მნიშვნელოვანი ნაწილი იძულებულია, სამსახური დატოვოს; არ არსებობს  ფორმალური მექანიზმები, რომლებიც მომვლელებს ფინანსური და ემოციური ტვირთის შემსუბუქებაში დაეხმარებოდა.

კვლევის შედეგებით, არაგადამდები დაავადებების ეფექტიანი მართვისა და პრევენციისთვის აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება. პირველადი ჯანდაცვა ის რგოლია, რომელიც დაავადებების ადრეულ გამოვლენას, პრევენციასა და გრძელვადიან მართვას უზრუნველყოფს.

ექსპერტები, სახალხო დამცველის ოფისი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება ქვეყნის პრიორიტეტი უნდა გახდეს. კვლევაზე დაყრდნობით, არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან საშურია: დაფინანსების გაზრდა – პირველადი ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფო დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდა; კადრების მოზიდვა – პირველად ჯანდაცვაში ახალგაზრდა, კვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვა და შენარჩუნება ანაზღაურების სისტემის გაუმჯობესებით; ცნობიერების ამაღლება – მასშტაბური საგანმანათლებლო კამპანიების ჩატარება დაავადებათა პრევენციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის; ანტისტიგმა პოლიტიკა – სტიგმის წინააღმდეგ ეფექტური ღონისძიებების გატარება და პაციენტთა ჯგუფების მხარდაჭერა; მომვლელების მხარდაჭერა – მომვლელებისთვის სპეციალური დახმარებისა და ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფა.

  გავრცელებული მითები პაპილომა ვირუსის შესახებ – რა არის სიმართლე და რა არა?

კვლევის მონაწილეთა 86%-ის მოსაზრებით, აუცილებელია პაციენტებისა და მათი მომვლელების ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავების პროცესში აქტიურად ჩართვა, თუმცა საამისო ეფექტური მექანიზმები საქართველოში არ არსებობს.

„ძალიან ძნელია, დაავადებას მარტო ებრძოლო. სხვა ქვეყნებში მხარდამჭერი ჯგუფები ბევრს ეხმარებიან. ჩვენთან მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს“, – აღნიშნავენ გამოკითხვის მონაწილეები.

„საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსი“ მოუწოდებს ხელისუფლებას, ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებსა და საზოგადოებას ერთობლივი ძალისხმევისკენ, რათა პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი გახდეს. ეს არის აუცილებელი ნაბიჯი იმ კრიზისის დასაძლევად, რომელსაც არაგადამდები დაავადებები იწვევს და საქართველოში სიკვდილიანობის 94%-ის მიზეზი ხდება“, – აღნიშნულია „საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights