შაბათი, აპრილი 19, 2025
მთავარიშენი ექიმირა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა - სიმპტომები,...

რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა – სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

დუშენის კუნთოვანი დისტროფია: სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა – რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა

XIX საუკუნის მიწურულს ცნობილმა ფრანგმა ნევროპათოლოგმა გიიომ ბენჟამენ ამან დიუშენმა პირველად აღწერა კუნთების პროგრესული სისუსტე, რომელსაც შემდგომ მის პატივსაცემად დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ეწოდა.

დუშენის კუნთოვანი დისტროფია (დკდ) გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ძირითადად ბიჭებში გვხვდება და კუნთების პროგრესულ სისუსტეს იწვევს.

ეს მდგომარეობა დროთა განმავლობაში უარესდება, რაც საბოლოოდ გულის და სასუნთქი კუნთების დაზიანებას იწვევს.

რა იწვევს

დუშენის კუნთოვანი დისტროფია (დკდ) გამოწვეულია გენეტიკური მუტაციით, რომელიც გავლენას ახდენს დისტროფინის გენზე. დისტროფინი ცილაა, რომელიც აუცილებელია კუნთების ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის. როდესაც ეს გენი მუტაციას განიცდის, ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარის დისტროფინს, რაც იწვევს კუნთების პროგრესულ დაზიანებას და სისუსტეს.

როგორ ვლინდება

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის პირველი სიმპტომები, ჩვეულებრივ, ორი-სამი წლის ასაკში იჩენს თავს, თუმცა დაავადებულ ბავშვებს ჩვილობაშივე შეიძლება ჰქონდეთ ჯდომასთან, წამოდგომასა და სიარულთან დაკავშირებული სირთულეები. დაავადების ადრეულ სტადიაზე ზიანდება ბარძაყისა და მენჯის კუნთები, რის გამოც ჭირს დგომა, კიბეზე ასვლა, წონასწორობის შენარჩუნება. დაავადების პროგრესირებასთან ერთად ზიანდება იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კუნთების უჯრედები, რომლებიც სუნთქვასა და გულის მუშაობაში მონაწილეობს. დაავადების ტერმინალურ სტადიაში პაციენტი საწოლს ეჯაჭვება.

დაავადების ადრეული ნიშნებია:

* პათოლოგიური სიარული ან სიარულის დაწყების დაგვიანება 3-6 თვით;

* ხშირი დაცემა, კიბეზე ასვლის ან იატაკიდან წამოდგომის გაძნელება;

* დადებითი გოვერსის ნიშანი (მენჯის სარტყლისა და ქვედა კიდურების კუნთოვანი სისუსტის გამო მწოლიარე ან იატაკზე მჯდომარე ბავშვი წამოდგომისას ეყრდნობა ორივე ხელს).

მოგვიანებითი ნიშნებია:

* ფეხის კუნთების სიმეტრიული ატროფია (განლევა), რომელიც ერთი-სამი წლის შემდეგ ხელის კუნთებზეც გადაინაცვლებს. მდგომარეობის გაუარესების ასაკი ვარიაბელურია, თუმცა პაციენტების უმრავლესობა, მიუხედავად მკურნალობისა, 7-13 წლის ასაკში სიარულს წყვეტს;

* მენტალური განვითარების შეფერხება (პაციენტების 30%);

* ჩონჩხოვანი დეფორმაციები და სკოლიოზი;

* ყლაპვის გაძნელება;

* გულისა და სუნთქვის უკმარისობა.

  • დისტროფინი ცილაა, რომელიც კუნთოვანი უჯრედების შიდა ჩონჩხს (ციტოჩონჩხს) უერთებს უჯრედის გარე მემბრანას. ეს კავშირი უზრუნველყოფს კუნთოვანი უჯრედების სტაბილურობას და მათ მთლიანობას.
  • დისტროფინის დეფიციტის დროს ეს კავშირი ირღვევა, რაც კუნთოვანი უჯრედების მემბრანას მყიფეს და დაზიანებისადმი მოწყვლადს ხდის.
  • კუნთების შეკუმშვისა და მოდუნების დროს, დისტროფინის არარსებობის გამო, კუნთოვანი ბოჭკოები ადვილად ზიანდება.
  • ეს დაზიანება იწვევს კუნთოვანი უჯრედების ანთებას და ნეკროზს (უჯრედების სიკვდილს).
  • დაზიანებული კუნთოვანი ბოჭკოები თანდათანობით ჩანაცვლდება შემაერთებელი და ცხიმოვანი ქსოვილით, რაც იწვევს კუნთების სისუსტეს და ატროფიას (განლევას).
  • კუნთოვანი ბოჭკოების მუდმივი დაზიანება და ჩანაცვლება იწვევს კუნთების პროგრესულ სისუსტეს.
  • ეს სისუსტე თავდაპირველად ვლინდება მსხვილ კუნთებში, როგორიცაა ბარძაყისა და მენჯის კუნთები, რაც ართულებს სიარულს, კიბეებზე ასვლას და ადგომას.
  • დაავადების პროგრესირებასთან ერთად, სისუსტე ვრცელდება სხვა კუნთებზე, მათ შორის გულის და სასუნთქ კუნთებზე, რაც იწვევს სერიოზულ გართულებებს.
  • დისტროფინის არარსებობა იწვევს კუნთოვან ქსოვილში ქრონიკულ ანთებით პროცესებს. ანთება თავის მხრივ აზიანებს კუნთოვან ბოჭკოებს და ხელს უწყობს მათ ჩანაცვლებას შემაერთებელი ქსოვილით.

დუშენის კუნთოვანი დისტროფია გამოწვეულია დისტროფინის გენის მუტაციით, რაც იწვევს დისტროფინის დეფიციტს და კუნთების პროგრესულ დაზიანებას

როგორ მკურნალობენ

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია უკურნებელი დაავადებების რიცხვს მიეკუთვნება, თუმცა არსებობს მკურნალობის კურსი, რომელიც ხელს უწყობს მდგომარეობის გაუმჯობესებას და ანელებს დაავადების პროგრესირებას. ექიმი გამოწერს კორტიკოსტეროიდებს (პრედნიზოლონს, დეფლაზაკორტს), რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია დამოუკიდებელად გადაადგილების უნარის გახანგრძლივება, სუნთქვითი ფუნქციის გაუმჯობესება და სკოლიოზის გამო ოპერაციული ჩარევის თავიდან აცილება. გარდა ამისა, აუცილებელია სისტემატური რეაბილიტაცია. პროცესს მართავს მულტიდისციპლინური გუნდი.

  ურტიკარია (ჭინჭრის ციება) - რა იწვევს ურტიკარიას?

ახლახან FDA-მ ნებართვა გასცა ახალ სამკურნალო საშუალებებზე – ატალურენსა და ეტეპლირსენზე, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული მუტაციების დროს და აღადგენს დაზიანებული გენის მუშაობას.

მკურნალობისადმი სრულიად ახალი მიდგომა შემოგვთავაზა ოქსფორდელმა მეცნიერმა ქეი დევისმა. საქმე ეხება ცილა უტროფინს, რომელიც კუნთოვანი ქსოვილის შემადგენლობაში შედის და აგებულებით ძალიან ჰგავს დისტროფინს. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დროს გენი, რომელშიც მოთავსებულია უტროფინის მაკოდირებელი ინფორმაცია, არ ზიანდება. თუ დისტროფინის უკმარისობის დროს უტროფინი ინტენსიურად გამომუშავდა, ის შეძლებს დეფიციტის კომპენსირებას და DMD-ს სიმპტომები გაქრება.

თუმცა მედალს აქვს მეორე მხარეც: უტროფინის მაღალი დონე იწვევს სისხლის შედედებასა და თრომბების წარმოქმნასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ზრდის გულის პათოლოგიათა განვითარების რისკს.

დუშენის კუნთოვანი დისტროფიის ადრეული დიაგნოსტირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან რაც უფრო ადრე დაისმება დიაგნოზი, მით უფრო ეფექტიანად შეიძლება დაავადების მართვა და პროგრესის შენელება.

დიაგნოსტირება მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

  • კლინიკური შეფასება — ექიმი აკვირდება ბავშვის მოძრაობებს, კუნთოვან ტონუსსა და ტიპურ სიმპტომებს, როგორიცაა სისუსტე, სიარულის პრობლემები და გოვერის მანევრი.
  • კრეატინფოსფოკინაზას (CPK) ანალიზი — სისხლის ტესტი, რომელიც განსაზღვრავს კუნთების დაზიანების მაჩვენებელს. დუშენის სინდრომის მქონე ბავშვებში CPK-ის დონე ათასჯერ მაღალია ნორმასთან შედარებით.
  • გენეტიკური ტესტირება — დუშენის სინდრომის დადასტურებისთვის აუცილებელია DMD გენის მუტაციის ანალიზი. ეს ტესტი დიაგნოზის ყველაზე ზუსტი და საიმედო მეთოდია.
  • კუნთის ბიოფსია (იშვიათ შემთხვევებში) — თუ გენეტიკური ტესტი ვერ ადასტურებს დიაგნოზს, შეიძლება ჩატარდეს კუნთის ბიოფსია, რომელიც აჩვენებს დისტროფინის ცილის არარსებობას.

თუ ბავშვს ჩამოთვლილი სიმპტომები აღენიშნება, მშობლებმა დროულად უნდა მიმართონ ნევროლოგს. ადრეული დიაგნოსტიკა საშუალებას იძლევა დროულად დაიწყოს ფიზიოთერაპია და მედიკამენტური მკურნალობა — ეს ამცირებს გართულებების რისკს და აუმჯობესებს ბავშვის ცხოვრების ხარისხს.

დუშენის კუნთოვანი დისტროფია არა მხოლოდ ჩონჩხის კუნთებზე, არამედ გულის კუნთზეც ახდენს გავლენას — გული თავადაც კუნთია და დისტროფინის ცილის დეფიციტი მის მუშაობაზეც უარყოფითად მოქმედებს.

გულის კუნთი დროთა განმავლობაში სუსტდება (კარდიომიოპათია), რაც გულის რიტმის დარღვევებსა და გულის უკმარისობას იწვევს. სუნთქვაში მონაწილე კუნთების დასუსტების გამო სუნთქვის პრობლემები ვითარდება, რაც შეიძლება გამოვლინდეს ფილტვების ხშირი ინფექციებით და სუნთქვის უკმარისობამდე მივიდეს.

შედეგად პაციენტს შეიძლება ჰქონდეს გულის აჩქარება, რიტმის დარღვევები და შესაბამისად, სუნთქვითი პრობლემები. ამიტომ, დუშენის სინდრომის მქონე პაციენტებს 5-დან 10 წლის ასაკიდან ყოველწლიურად უნდა ჩაუტარდეს ექოკარდიოგრაფია (Echo) და ელექტროკარდიოგრამა (EKG).

მთლიანობაში, გულის ჯანმრთელობის რეგულარული კონტროლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან დუშენის სინდრომის მქონე პაციენტების მთავარი გართულებები გულსა და ფილტვებთან არის დაკავშირებული.

თანამედროვე მკურნალობის მეთოდები

დუშენის კუნთოვანი დისტროფია პროგრესირებადი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც სრულად ვერ იკურნება, თუმცა მედიკამენტოზური და არამედიკამენტოზური მეთოდები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს.

თანამედროვე მედიკამენტოზურ თერაპიას წარმოადგენს ეგზონის ამომგდები თერაპია. ეს მოლეკულური თერაპიის ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც მიზნად ისახავს დისტროფინის გამომუშავების ნაწილობრივ აღდგენას. ის გამოიყენება მაშინ, როდესაც გენის გარკვეული ნაწილი (ეგზონი) მუტირებულია.

სწორედ ამ მეთოდის საშუალებით ხდება მუტირებული ეგზონის “გამოტოვება”, რაც ორგანიზმს საშუალებას აძლევს, აწარმოოს უფრო მოკლე, მაგრამ ფუნქციური დისტროფინის ცილა. ამ ტიპის პრეპარატებია ეტეპლირსენი, გოლოდირსენი და ვილტოლარსენი.

  რატომ არ უნდა აკოცოთ ჩვილ ბავშვს არასოდეს - საფრთხეებს განმარტავს ექსპერტი

არის ასევე გენური თერაპია: ამ მეთოდის მიზანია დაზიანებული გენის შეცვლა ფუნქციური ვერსიით. ეს თერაპია ორგანიზმში შედის ვირუსული ვექტორის საშუალებით, რომელიც შეიცავს დისტროფინის მინი-ვერსიას, რაც კუნთის უჯრედებს ნაწილობრივ ფუნქციის აღდგენაში ეხმარება.

გასათვალისწინებელია, რომ დაავადების მართვისთვის აუცილებელია მულტიდისციპლინური მიდგომა, რაც გულისხმობს სხვადასხვა სპეციალისტის ჩართულობას, რათა მკურნალობა მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს, გახანგრძლივდეს სიცოცხლე და პაციენტის ცხოვრების ხარისხიც გაუმჯობესდეს.

მედიკამენტების პარალელურად მნიშვნელოვანია არამედიკამენტური მკურნალობა, რაც მოიცავს ფიზიოთერაპიასა და სპეციალურ რეაბილიტაციურ პროცედურებს.

ყოველდღიური გაწელვების ვარჯიშები ხელს უშლის სახსრების შეკუმშვასა და დეფორმაციას. ასევე მნიშვნელოვანია წყლის თერაპია, რაც აუმჯობესებს მოძრაობასა და ამცირებს კუნთებზე დატვირთვას.

მკურნალობის თერაპიებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფიზიოთერაპიები. რაც შეეხება მონიტორინგს, ვფიქრობ აღნიშნული აუცილებელია და სამწუხაროდ ეს ხშირ შემთხვევაში ვერ ხორციელდება. მეორე მხრივ, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან დაგეგმილია მულტიდისციპლინური გუნდის შექმნა, რა დროსაც სრულად იქნება გამოკვლეული ამ დიაგნოზის მქონე ყველა პაციენტი.

უმნიშვნელოვანესია სტეროიდული თერაპიაც. სტეროიდული თერაპია (გლუკოკორტიკოიდები) დუშენის კუნთოვანი დისტროფიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და სტანდარტული მკურნალობის მეთოდია, რომელიც ამცირებს კუნთების დაზიანებასა და ანელებს დაავადების პროგრესს.

საქართველოში დუშენის კუნთოვანი დისტროფია კვლავ რჩება ნაკლებად ცნობილ დაავადებად. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სისტემაში არსებობენ სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ ამ სფეროში, დუშენის სინდრომზე ინფორმაცია და საზოგადოებრივი ცნობიერება კვლავ დაბალია.

მშობლებს (ოაჯხებს), რომლებიც პირველად ეჯახებიან ამ დაავადებას, ხშირად არ აქვთ წარმოდგენა დაავადების სიმპტომების შესახებ. მათთვის მნიშვნელოვანია დროული დიაგნოზისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა. ამიტომ, აუცილებელია ინფორმაცია გავრცელდეს პედიატრებს, ოჯახის ექიმებსა და იმ ინსტიტუციებს შორის, რომლებიც ბავშვების აღზრდაზე არიან პასუხისმგებელნი.

გენური თერაპია:

საქართველოში სტეროიდული მკურნალობა ხელმისაწვდომია. არსებობს დეფლაზაკორტის სახელმწიფო პრობრამა, რომლის ფარგლებშიც პაციენტები უფასოდ მკურნალობენ. დღეს საქართველოში დარეგისტრირებულია ეგზონის ამომგდები თერაპიის სამივე პრეპარატი. გენური თერაპია ჯერ კიდევ რთულად მოსაპოვებელია. ფიზიოთერაპიული სერვისებიც ეტაპობრივად ვითარდება, თუმცა მათი ხარისხი და ხელმისაწვდომობა განსხვავდება რეგიონების მიხედვით.

საჭიროა კომპლექსური მიდგომა. საერთაშორისო კვლევებზე დაყრდნობითაც მტკიცდება, რომ ფიზიკური აქტივობა და ვარჯიშები (დროული და სწორი ფიზიოთერაპიული მეთოდები) მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტების ცხოვრების ხარისხს.

საქართველოში არსებული პრობლემები და პერსპექტივები

საქართველოში რეგისტრირებულია 80-მდე პაციენტი. დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის გენეტიკური ტესტირება და ინოვაციური თერაპიები ძალიან ძვირია და ბევრი ოჯახისთვის მიუწვდომელია, ასევე მკურნალობის საშუალებები შეზღუდულია.

ქართველი პაციენტები გადიან ჰორმონოთერაპიას, რომლის ხარჯზეც ხდება იმ უნარების შენარჩუნება და გაუმჯობესება, რისი შესაძლებლობაც აქვს ორგანიზმს, ამასთან ერთად ისინი გადიან რეაბილიტაციურ მკურნალობას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და მოიცავს თვეში დაახლოებით 12-15 ვარჯიშს – ეს არის უფასო, მუდმივი, უწყვეტი პროცესი. თუმცა, აუცილებელია მულტიდისციპლინური გუნდის შექმნა, რომელსაც კარგად ეცოდინება აღნიშნულ დაავადებასთან ასოცირებული დაავადებები და მათი მართვა, რისკების დროული შეფასება და ამოცნობა. ასევე დაეხმარება ნერვკუნთოვანი დაავადებით დიაგნოსტირებულ სხვა პაციენტებსაც.

ასეთ ბავშვებს ყოველწლიურად, წელიწადში მინიმუმ ორჯერ სჭირდებათ სპეციალისების კონსულტაცია და შსაბამისი პროფილაქტიკური კვლევები, რაც მნიშვნელოვანია გართულებების დროულად აღმოსაჩენად, ეს იქნება სქოლიოზთან, გულთან დაკავშირებული გართულებები თუ გასტროენტეროლოგიური პრობლემები, ასევე ფსიქოლოგიური პრობლემები და ა.შ. ნერვკუნთოვანი დაავადებები უნდა იყოს გაერთიანებული და უნდა არსებობდეს გუნდი, რომელიც შეეცდება პრობლემების მოგვარებას, რათა მაქსიმალურად იქნას მკურნალობის მეთოდები დაახლოებული იმ ნორმებთან, რასაც აღნიშნული დიაგნოზით მატარებელი პაციენტები განვითარებულ ქვეყნებში გადიან.

  დღეში 10 საათზე მეტხანს ჯდომამ შეიძლება გაზარდოს გულის უკმარისობა, სიკვდილის რისკი

ქართველი პაციენტების დასახმარებლად ამ დაავადების მქონე ბავშვთა მშობლების მიერ შეიქმნა ასოციაცია, რომელიც ცდილობს მოაგვაროს არსებული პრობლემები და ხელისუფლებამდე მიიტანოს კონკრეტული საჭიროებები.

არსებობს პერსპექტივები. საქართველოში ვითარდება გენეტიკური ტესტირების სერვისები და იზრდება ცნობიერება დკდ-ის შესახებ. იმედია, მომავალში უფრო მეტი პაციენტი მიიღებს საჭირო მკურნალობას.

დუშენის კუნთოვანი დისტროფია რთული დაავადებაა, მაგრამ ადრეული დიაგნოსტიკა და თანამედროვე მკურნალობა ხელს უწყობს პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში გაიზარდოს ცნობიერება ამ დაავადების შესახებ და გაუმჯობესდეს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი მკურნალობის საშუალებები.

საქართველოში ბევრ სარეაბილიტაციო ცენტრში, რომელთა ნაწილი არ არის ჩართული მულტიდისციპლინურ მიდგომაში, არ არის სპეციალიზებული თერაპიის პროგრამები, რომლებიც დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობისთვისაა საჭირო. ამ და სხვა პრობლემების მოსაგავარებლად საჭიროა სახელმწიფოს მეტი ჩართულობა.

დუშენით დაავადებულ ბავშვებს დიაგნოზის დასმისთანავე ენიჭებათ სტატუსი. სტატუსის მინიჭების კუთხით, ასევე მოხდა 3 მედიკამენტის; amondys 45, exondys 51-ისა da vyondys 53-ის დამტკიცება საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

პირველი სიმპტომები და ადრეული დიაგნოსტიკა

დუშენის კუნთოვანი დისტროფიის პირველი ნიშნები, როგორც წესი, 2-დან 5 წლამდე ასაკში ვლინდება. ეს სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

  • სიარულის გაძნელებას: ბავშვს უჭირს კიბეებზე ასვლა, სირბილი და ხშირად ეცემა.
  • გოვერსის ნიშანი: იატაკიდან ადგომისას ბავშვი ხელებს იყენებს ფეხზე წამოსადგომად.
  • წვივის უკანა კუნთების გადიდება: კუნთები შეიძლება უფრო დიდი ჩანდეს, მაგრამ ეს სინამდვილეში ცხიმოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დაგროვებაა.
  • კიბეზე ასვლისას ბავშვი ორივე ფეხს დგამს ერთ საფეხურზე და შემდეგ ადის მომდევნოზე – ესეც საგულისხმო ნიშანია.
  • დაგვიანებული მოტორული განვითარება: ბავშვს შეიძლება გვიან დაეწყოს სიარული და სხვა მოტორული უნარების განვითარება.
  • დაღლილობა და სისუსტე: ბავშვი ხშირად გრძნობს დაღლილობას, განსაკუთრებით ფიზიკური აქტივობის შემდეგ.
  • სწავლის სირთულეები: ზოგიერთ ბავშვს შეიძლება აღენიშნებოდეს სწავლისა და ყურადღების კონცენტრაციის პრობლემები.

ადრეული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის საშუალებას იძლევა, დაიწყოს მკურნალობა რაც შეიძლება ადრე და გაუმჯობესდეს ბავშვის ცხოვრების ხარისხი. მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვის მოტორული განვითარების ნებისმიერ შეფერხებას და დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.

მკურნალობის საშუალებები

დღეისათვის დუშენის კუნთოვანი დისტროფიის სრულად განკურნება შეუძლებელია, მაგრამ არსებობს მკურნალობის საშუალებები, რომლებიც ხელს უწყობს სიმპტომების შემსუბუქებას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას:

  • კორტიკოსტეროიდები: ეს მედიკამენტები ანთების შემცირებას და კუნთების სიძლიერის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ძირითადად გამოიყენება პრედნიზოლონი და დეფლაზაკორტი.
  • ეგზონ-ამომგდები თერაპია: ეს ინოვაციური თერაპია მიზნად ისახავს დისტროფინის გენის მუტაციის გამოსწორებას. იგი ხელმისაწვდომია მუტაციის კონკრეტული ტიპის მქონე პაციენტებისთვის.
  • ეტეპლირსენი და ატალურენი: ეს პრეპარატები გამოიყენება მუტაციის კონკრეტული ტიპის მქონე პაციენტებისთვის და ხელს უწყობს დისტროფინის წარმოქმნას.
  • ფიზიოთერაპია: ფიზიოთერაპია ხელს უწყობს კუნთების სიძლიერის და მოქნილობის შენარჩუნებას.
  • სუნთქვის დამხმარე თერაპია: დაავადების პროგრესირებასთან ერთად შეიძლება საჭირო გახდეს სუნთქვის დამხმარე მოწყობილობების გამოყენება.
  • გულის მკურნალობა: დკდ-ის მქონე ბევრ პაციენტს უვითარდება გულის პრობლემები, ამიტომ რეგულარული კარდიოლოგიური მონიტორინგი და მკურნალობა აუცილებელია.
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights