რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს კონდიციონერი ვირუსებისა და ინფექციის წყარო და როგორ ავირიდოთ ეს საფრთხე.
საუბრობს ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა “პალიტრანიუსის” ეთერში:
„არსებობს გარკვეული მიზეზები, რომელთა გამოც კონდიციონერი ჩვენი ჯანმრთელობისათვის შესაძლოა არა სასარგებლო, არამედ მავნებელიც აღმოჩნდეს. ეს ეხება იმ სიტუაციებს, როცა შესაბამის წესებს არ ვიცავთ. კონდიციონერის შემოწმება სპეციალისტის დახმარებით უნდა მოხდეს.
კონდიციონერით შექმნილი პრობლემა მის ბიოფილტრებს უკავშირდება, რომლებსაც წესების შესაბამისად არ ვწმენდთ ან არ ვცვლით. შესაბამის წესებს თუ ვიცავთ, კონდიციონერით რაიმე დაავადების, განსაკუთრებით, ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკი დაბალია. თუ ბიოფილტრები დაბინძურებულია, შეიძლება, სხვადასხვა ინფექციის წყარო გახდეს. არის როგორც ბაქტერიული, ვირუსული ინფექციები, ასევე სოკოვანი ინფექციები. დაწყებული ზემო სასუნთქი გზების პრობლემიდან, როგორიც შეიძლება იყოს ყელის ტკივილი, ზემო სასუნთქი გზების გამოშრობა, დამთავრებული ფილტვების ანთებით. ასევე, ცნობილია, რომ კონდიციონერს შეუძლია ისეთი დაავადების გამოწვევა, როგორიცაა ლეგიონელოზი. რომელსაც ბაქტერია იწვევს და მძიმე ბაქტერიული პნევმონია ვითარდება. თუმცა, თანამედროვე სამყაროში ძალიან იშვიათია იმიტომ, რომ ლეგიონელას მთავარი წყარო დაბინძურებული წყალია. თუ დაბინძურებული წყალი კონდიცირების სისტემაში მოხვდება, მხოლოდ ამ შემთხვევაშია საფრთხე, რომ ლეგიონელოზი განვითარდეს.
ყველაზე ხშირად კონდიციონერს გრიპის მსგავსი ინფექციების გამოწვევა შეუძლია. გავრცელებას არა მხოლოდ დაბინძურებული ფილტრი უწყობს ხელს, არამედ კონდიცირების სისტემაც. ინფიცირებული ადამიანი თუ ოთახშია და ვირუსს გამოყოფს, შემდეგ თუ ეს კონდიცირების სისტემაში ხვდება, რისკები იზრდება, რომ სხვა ადამიანებიც დაინფიცირდნენ. თუკი ვირუსული ინფექცია გვაქვს, კონდიციონერის ჩართვას ან თავშეყრის ადგილებს ყოფნას მოვერიდოთ.
თუ ფილტრები არ იწმინდება და არ იცვლება, შეიძლება, კონდიციონერში სხვადასხვა ობის სოკო გაჩნდეს. ობის სოკოც შეიძლება, კონდიცირებით გავრცელდეს. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც სუსტი იმუნიტეტი აქვთ ან ალერგიულები არიან. შეიძლება მათ განუვითარდეთ როგორც ზემო სასუნთქი გზების მძიმე დაზიანება, ასევე უფრო სერიოზული დაავადებებიც.
ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა ადამიანისათვის სასარგებლო არ არის. გადაციებამ და დიდი ხნის განმავლობაში დაბალი ტემპერატურის პირობებში ყოფნამ შეიძლება, კუნთოვანი და ძვალ-სახსროვანი სისტემის დაზიანება გამოიწვიოს.
კონდიციონერის ბიოფილტრები უნდა გამოვცვალოთ ან გავწმინდოთ იმის მიხედვით, თუ როგორაა ინსტრუქციაში მოცემული.
ყველა კონდიციონერს თავისი ინსტრუქცია მოჰყვება, სადაც მითითებულია, რამდენ ხანში ერთხელ უნდა გაიწმინდოს ფილტრები. თუმცა, საშუალოდ, ყოველი ახალი გამოყენების წინ უნდა შევამოწმოთ.
პირველ რიგში, რატომაც ბავშვებთან კონდიციონერის ჩართვას ერიდებიან, ინფექციების გავრცელებაა. ბავშვებს ამ დაავადებების მიმღებლობა უფრო მეტი აქვთ. მნიშვნელოვანია ტემპერატურის კონტროლი. თუ ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ გამართული კონდიციონერი გვქონდეს და ამავდროულად, ოთახში შევინარჩუნებთ იმ ტემპერატურას, რომელიც ბავშვისთვის უსაფრთხოა, პირიქით, უკეთესია, რომ ნორმალურ ტემპერატურაში გვყავდეს, ვიდრე სიცხეში იყოს, რომელიც ბავშვის ჯანმრთელობას კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის. არის გამონაკლისებიც, სხვადასხვა ქრონიკული და ფონური დაავადებები, მაგრამ მეტწილად თუ კონდიციონერი გამართულად მუშაობს, არც ერთი ასაკისთვის არ არის ცუდი.“