《შენი უფლებების》ფარგლებში გთავაზობთ ნინო ლიპარტიას სტატიას, რომელიც გახლავთ “სამედიცინო დავების ცენტრის” დამფუძნებელი; ადვოკატი, სამართლის დოქტორი; პროფესორი; “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის” თავმჯდომარე.
ნინო ლიპარტია განმარტავს, რა არის პროფესიული/“თერაპიული“ პრივილეგია, როგორც პაციენტისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებისაგან გამონაკლისი 🥼
“სამედიცინო კლინიკის მიერ ინფორმირებული თანხმობის მიღების დროს გასათვალისწინებელია ე.წ. „პროფესიული/თერაპიული პრივილეგია“, როგორც ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებისაგან გამონაკლისი.
სამედიცინო წარმომადგენელი უფლებამოსილია, არ მიაწოდოს პაციენტს ინფორმაცია, თუ მიიჩნევს, რომ მიწოდებულ ინფორმაციას შეუძლია, ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენოს პაციენტს.
აღნიშნული შეიძლება ითქვას მხოლოდ გამონაკლისზე, რომელიც სავალდებულოა დადასტურდეს შესაბამისი სამედიცინო მტკიცებულებით. ამ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაადგინოს, თუ რას გააკეთებდა „გონიერი ექიმი“ იმავე გარემოებებში. „გონიერი ექიმის“ სტანდარტი ითვალისწინებს პაციენტისათვის ძირითადი ელემენტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
ექიმის პროფესიული ვალდებულებაა, აცნობოს პაციენტს: დიაგნოზი ან ავადმყოფობის ხასიათი, შეთავაზებული ჩარევის ხასიათი და მოსალოდნელი შედეგი, ჩარევასთან დაკავშირებული განჭვრეტადი რისკები და მისი დადგომის ალბათობა, ჩარევის ალტერნატიული შეთავაზება, მისი რისკები და მოსალოდნელი შედეგები. ინფორმაციის მიწოდებისას ყურადღება უნდა მიეპყროს სხვადასხვა გარემოებას, მაგალითად, როგორიცაა პაციენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის აღქმისა და ანალიზის უნარი. თუ ოპერაცია შეიცავს მძიმე გვერდითი ეფექტის მაღალ რიკს, ექიმი ვალდებულია, იყოს უფრო კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებისას. ექიმი ვალდებულია პაციენტს დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია სამედიცინო ჩარევასთან დაკავშირებული გართულების ტიპების, ტკივილის ხარისხისა და გამოჯანმრთელების პროგნოზის შესახებ. ძალიან დაბალი რისკის შესახებაც კი უნდა ეცნობოს პაციენტს, თუ რისკი დამახასიათებელია ოპერაციისათვის.
ექიმის მიერ ინფორმაციის მიწოდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს პაციენტის ინდივიდუალური თვისებები და არ უნდა იქნეს გამოყენებული ზოგადად გონიერი და წინდახედული პაციენტის მიდგომა.
ექიმის ქმედება მიიჩნევა უკანონოდ, თუ: ა) ინფორმაციის მიწოდება მოხდა უხეშად და დაუფიქრებლად, რამაც მოახდინა პაციენტის წახალისება, უარი ეთქვა ოპერაციაზე. ბ) მიწოდებულ იქნა დიდი მოცულობით ინფორმაცია, ხოლო პაციენტმა ვერ მოახდინა მისთვის საჭირო და აუცილებელი ინფორმაციის გადარჩევა; გ) მიწოდებულია ისეთი ინფორმაცია, რომელიც თავისთავად ტრავმას აყენებს პაციენტის ჯანმრთელობას.
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია პროფესიული/“თერაპიული“ პრივილეგიის შესახებ. „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, პაციენტს შეიძლება არ მიეწოდოს ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან ამ ინფორმაციის მოცულობა შეიზღუდოს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ სრული ინფორმაციის მიღება პაციენტის ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს მიაყენებს. პაციენტს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია მიეწოდება მხოლოდ მაშინ, თუ იგი ამას დაჟინებით მოითხოვს.
ინფორმაციის მიუწოდებლობის ან მისი მოცულობის შეზღუდვის გადაწყვეტილებას ადასტურებს სამედიცინო ეთიკის კომისია, ხოლო სამედიცინო დაწესებულებაში ამ უკანასკნელის არარსებობისას – სხვა ექიმი.
ინფორმაციის მიუწოდებლობაზე ან მისი მოცულობის შეზღუდვაზე დასაბუთებული გადაწყვეტილება აისახება პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში. პროფესიული პრივილეგიის არსებობის შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებას აწევს მტკიცების ტვირთი, იმასთან დაკავშირებით, რომ ექიმის მიერ ინფორმირებული თანხმობის მიღების პროცესში, არ იყო განცხადებული ინფორმაცია, სწორედ ამ საფუძვლიდან გამომდინარე. სამედიცინო კლინიკა ვალდებულია დაამტკიცოს, რომ ინფორმაციის მიწოდებისაგან თავი შეიკავა, სწორედ იმიტომ, რომ არსებობდა პაციენტისათვის ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენების რისკი.”
მასალის გამოყენების პირობები