《შენი უფლებების》ფარგლებში გთავაზობთ ნინო ლიპარტიას სტატიას, რომელიც გახლავთ ადვოკატი, სამართლის დოქტორი, პროფესორი, “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის” თავმჯდომარე.
წინა სტატიაში ნინო ლიპარტია განმარტავდა, რას ნიშნავს ინფორმირებული თანხმობა მედიცინაში.
ახლა კი განგიმარტავთ იმას, თუ რა უნდა ვიცოდეთ ინფორმირებული თანხმობის მიღებაზე გადაუდებელი აუცილებლობის დროს:
“პაციენტის ნების გათვალისწინება სამედიცინო მომსახურების გამწევის ვალდებულებაა. ექიმი ვალდებულია, აუხსნას პაციენტს ჩარევის ყველა ასპექტი, ოპერაციის განმავლობაში მოსალოდნელი ყველა, მათ შორის წინასწარ განჭვრეტადი გართულება. პაციენტის ჯანმრთელოობის მდგომაროების გათვალისწინებით, შესაძლოა, ვერ მოხდეს ინფორმაციის მიწოდება და მისგან თანხმობის მიღება.
გადაუდებელი სამედიცინო ჩარევისას არ არის აუცილებელი ინფორმირებული თანხმობის არსებობა. ასეთ შემთხვევაში, ექიმი ვალდებულია, იმოქმედოს პაციენტის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით და ივარაუდება, რომ პაციენტის მხრიდან თანხმობა გაცხადებულია.
ეს წესი გამოიყენება ყველა პაციენტის მიმართ ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად. ასეთ შემთხვევაში არსებობს „ნაგულისხმევი“ თანხმობა.
განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება საკმარისად იქნეს მიჩნეული მხოლოდ მოკლე სახის ინფორმაციის მიწოდება, ხოლო, გამონაკლის შემთხვევაში, სამედიცინო დახმარების მიღებამდე მინიმალური ინფორმაციის მიწოდება გახდეს შეუძლებელი.
ასეთ შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება წარმოიშობა შემდგომი ინტერვენციების დროს. რა მიიჩნევა გადაუდებელ აუცილებლობად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განიმარტოს. „ნაგულისხმევი“ თანხმობის შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გამო ვერ მიიღო ინფორმირებული თანხმობა. გადაუდებელია მდგომარეობა, როდესაც არსებობს პაციენტის გარდაცვალების ან ჯანმრთელობის გაუარესების რეალური საფრთხე.
მკურნალობის სწრაფი სურვილი არ არის იგივე, რაც გადაუდებელი დახმარება. თუ თანხმობის მიღების გამო მკურნალობის დაგვიანება პაციენტისათვის არ ზრდის საფრთხეს, ასეთი გარემოება არ განიხილება როგორც გადაუდებელი. ასეთ შემთხვევაში, თანხმობის გარეშე მკურნალობა არ იქნება გამართლებული.
ოპერაციის მიმდინარეობისას გართულების ან ახალაღმოჩენილი გარემოებების გამო შეიძლება აუცილებელი გახდეს წინასწარ დადგენილი მკურნალობის ან ჩარევის შეცვლა. ასეთ შემთხვევაში, თუ ნამდვილი გადაუდებელი შემთხვევა არ არსებობს, დაწყებული ოპერაცია უნდა დასრულდეს და პაციენტს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ახალი ჩარევის შესახებ.
ხშირ შემთხვევაში ჩარევის შესახებ ინფორმირებული თანხმობის ტექსტი ითვალისწინებს წინასწარ ნებართვას ოპერაციის მიმდინარეობისას აუცილებლობით გამოწვეული ჩარევის ჩატარების შესახებ. აშშ-ის ჯორჯიის შტატის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ პაციენტის თანხმობით ჩატარდა საკეისრო კვეთა. ოპერაციის მიმდინარეობის დროს მეან-გინეკოლოგმა აღმოაჩინა საკმაოდ დიდი ზომის სიმსივნე, რომლითაც დაფარული იყო მარჯვენა საკვერცხე და მიკრული იყო საშვილოსნოზე. ექიმმა ამოკვეთა სიმსივნე, მაგრამ ამან გამოიწვია სისხლდენა საშვილოსნოდან. ექიმის მოსაზრებით, სისხლდენა საშიში იყო პაციენტის სიცოცხლისათვის და საჭიროდ ჩათვალა ჰისტერექტომია. (საშვილოსნოს ამოკვეთა) პაციენტის ქმარი ინფორმირებული იყო ამ ვითარების შესახებ, თუმცა მისთვის თანხმობა არ მოუთხოვიათ.
სასამართლომ ქირურგის მოქმედება დარღვევად არ მიიჩნია, ვინაიდან პაციენტის მიერ „ნაგულისხმევი“ თანხმობის მოქმედების საფუძველზე ექიმის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება სწორი იყო.
ადამიანის ევროპული სასამართლოს პრაქტიკის (კსომა რუმინეთის წინააღმდეგ (Csoma v. Romania), 2013 წლის 15 იანვარი) შესაბამისად, გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში, ჩარევა მიჩნეულია დარღვევად. სასამართლო ავალდებულებს სახელმწიფოებს, შექმნან შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტისათვის უფლების დაცვის გარანტიების დადგენას. საქმეში – კსომა რუმინეთის წინააღმდეგ (Csoma v. Romania) დადგინდა, რომ რუმინეთის კანონმდებლობით განსაზღვრული იყო ექიმის ვალდებულება ჩარევამდე წინასწარი თანხმობის მიღების აუცილებლობის შესახებ. აღმოჩნდა, რომ 16 კვირის ორსულ ქალს ნაყოფის ჰიდროცეფალიის გამო გაუკეთეს აბორტი, სადაც სისხლდენის განვითარების შედეგად აუცილებელი გახდა ჰისტეროქტომია. ექიმს პაციენტისათვის არ განუმარტავს ჩარევის აუცილებლობისა და შედეგების შესახებ, ხოლო ოპერაცია პაციენტის წერილობითი თანხმობის გარეშე ჩატარდა. სასამართლომ განმარტა, რომ „მნიშვნელოვანი ჩარევის“ დროს პაციენტის თანხმობის არარსებობით დაირღვა ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც ასეთ შემთხვევაში წერილობითი თანხმობის აუცილებლობას ითვალისწინებდა.
გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ნაგულისხმევ თანხმობას ითვალისწინებს პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონი.
კერძოდ, თუ მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტი საჭიროებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევას, რის გარეშეც გარდაუვალია მისი სიკვდილი ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება, მაგრამ პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის მოძებნა ვერ ხერხდება, სამედიცინო მომსახურების გამწევი გადაწყვეტილებას იღებს პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესების გათვალისწინებით.
თუ პაციენტის ნათესავი ან კანონიერი წარმომადგენელი სამედიცინო მომსახურების გაწევის წინააღმდეგია, გადაწყვეტილებას იღებს მომსახურების გამწევი, პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესების გათვალისწინებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დარღვევად არ იქნა მიჩნეული ინფორმირებული თანხმობის გარეშე პაციენტისათვის ფეხის ამპუტაცია. მოსარჩელე ავტოავარიაში დაზიანების შემდგომ გადაიყვანეს კლინიკაში. დადგინდა, რომ იმყოფებოდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში, იყო შოკში და თანმხლები პირები არ ჰყავდა. კლინიკამ მიიღო გადაწყვეტილება კიდურის ამპუტაციის შესახებ, პაციენტის სიცოცხლის გადარჩენის მიზნით.
სამედიცინო დასკვნის მიხედვით, კიდურის ყველა დაზიანება, ერთად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ პაციენტმა სხეულის დაზიანება მიიღო, ან მისი ჯანმრთელობა დაზიანდა კლინიკის მიერ გაწეული არასწორი სამედიცინო მომსახურების შედეგად. ინფორმირებული თანხმობის არარსებობა სასამართლოს დარღვევად არ მიუჩნევია.
გადაუდებელი შემთხვევის დროს ინფორმირებული თანხმობის მიღება სავალდებულო არ არის. ჩარევის განმახორციელებელი პირი გადაწყვეტილებას იღებს საკუთარი შეხედულებისამებრ, თუმცა პაციენტის საუკეთესო ინტერესის შესაბამისად. დავის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას ეკისრება ნაგულისხმევი თანხმობის მიღების წინაპირობებისა და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების მტკიცების ტვირთი.”
მასალის გამოყენების პირობები