ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ოფიციალურ გახსნას დაესწრო.
მინისტრმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა მენტალური ჯანმრთელობის სერვისების განვითარებისა და ხელმისაწვდომობის ზრდის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ახალი საუნივერსიტეტო კლინიკა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც პაციენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებაში, ისე სამედიცინო განათლების გაძლიერებაში.
ახლად აშენებული საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა აერთიანებს 100-ზე მეტ სხვადასხვა პროფილის სპეციალისტს. კლინიკა ორიენტირებულია პაციენტთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე და უზრუნველყოფს ინტეგრირებულ, კომპლექსურ მომსახურებას.
პირველ ეტაპზე თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა პაციენტებს ამბულატორიულ მომსახურებას გაუწევს. პარალელურად მიმდინარეობს სტაციონარის ლიცენზირების პროცესი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თსსუ-ის ადმინისტრაციის წევრები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე საუნივერსიტეტო და პარტნიორი კლინიკების ხელმძღვანელები.

