სისხლძარღვთა ქირურგი, ლაშა სუხაშვილი ვიდეომიმართვაში წურბელებით მკურნალობაზე საუბრობს
„ხალხური მკურნალობა ერთ დროს ეფექტური და საჭირო იყო, თანამედროვე სამყაროში მას უფრო მეტი ზიანი მოაქვს ვიდრე სარგებელი“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში სისხლძარღვთა ქირურგი, ლაშა სუხაშვილი წერს და ვიდეომიმართვას ავრცელებს.
სპეციალისტი ე.წ. წურბელებით მკურნალობაზე საუბრობს და ამბობს, რომ წურბელის ნერწყვში არის ბაქტერია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ინფექციები, სეფსისი, კანის ნეკროზი:
„ხალხური მკურნალობა ერთ დროს ეფექტური და საჭირო იყო.
თანამედროვე სამყაროში მას უფრო მეტი ზიანი მოაქვს ვიდრე სარგებელი.
ამის კარგი მაგალითია წურბელებით მკურნალობა.
ბუნებრივი ყოველთვის არ ნიშნავს სასარგებლოს. ფრაზა – „მე გავიკეთე და მიშველა” არ არის სამეცნიერო მტკიცებულება. ხშირად ეს არის:
· პლაცებოს ეფექტი
· დროებითი შვება
· მდგომარეობის ბუნებრივი გაუმჯობესება.
ხალხი მარტივად შედის შეცდომაში, რაც არც ისე გასაკვირია, ინტერნეტი სავსეა გადაჭარბებული დაპირებებით: წურბელები „იწოვს ტოქსინებს“, ან ,„ასუფთავებს სისხლს” ·
წურბელის ნერწყვში არის ბაქტერია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს:
· მძიმე ინფექციები
· სეფსისი
· კანის ნეკროზი
ასევე ხშირია:
· სისხლდენა ან
· ალერგიული რეაქციები
სამედიცინო მითების დარღვევა ხალხის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.
მოგიწოდებთ სამკურნალოდ აირჩიოთ მხოლოდ ის მეთოდი, რომელსაც მტკიცების მაღალი ხარისხი აქვს“, – წერს სისხლძარღვთა ქირურგი, ლაშა სუხაშვილი.

